სიახლეები

Arrow Down Icon
Image 15 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა წარმატებით გადალახა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალური ეტაპი! ნიკოლოზ მახაშვილმა, ნიკოლოზ შარიქაძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, სანდრო კირკიტაძემ და თორნიკე კუტუბიძემ ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი სკოლა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. მათ მიერ ნაჩვენები შედეგი - 12 ქულა შესაძლო 20-დან - საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი 58 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრილიყო და დამსახურებულად გადასულიყო ფინალურ ეტაპზე. ნახევარფინალში მთელი საქართველოდან 275 სკოლის 1375 მოსწავლე მონაწილეობდა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებებს ფინალურ ტურში, რომელიც 2025 წლის 30 მაისს თბილისში გაიმართება.

სრულად
Image 14 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ემილია ჭუჭულაშვილმა, ჩაატარა ინოვაციური და შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. გაკვეთილის ფარგლებში V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია წიგნის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე. მათ დაათვალიერეს, თუ როგორ იქმნებოდა პირველი ხელნაწერები, რა მასალებს იყენებდნენ ძველად, როგორ ჩამოყალიბდა ბეჭდვის ტექნოლოგია და როგორ განვითარდა წიგნის წარმოება თანამედროვე ეტაპამდე. მოსწავლეებმა ასევე შეისწავლეს სხვადასხვა კულტურის წვლილი წიგნის ისტორიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წიგნის მნიშვნელობას ცოდნის გავრცელების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თაობებს შორის კავშირის დამყარების პროცესში. გაკვეთილმა მოსწავლეებს არა მხოლოდ ახალი ცოდნა შესძინა, არამედ აღუძრა წიგნისა და ავტორთა შრომის პატივისცემა. მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და აღფრთოვანება, რაც ადასტურებს, რომ ასეთ შემოქმედებით და შემეცნებით ღონისძიებებს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს სასწავლო პროცესში. „წიგნი — ჯადოსნური ფანჯარაა სხვა სამყაროებში“ — ამ სიტყვებით დაასრულეს ბავშვებმა თავიანთი პრეზენტაცია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წიგნის უნიკალურ როლს მათი წარმოსახვისა და გონებრივი ჰორიზონტის გაფართოებაში.

სრულად
Image 09 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მუსიკალური გუნდი "იაკამი" ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, წარმატებით წარსდგა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველ ტურზე. ეს პრესტიჟული კონკურსი მიზნად ისახავს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაციას, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვას, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერასა და განვითარებას, საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან ამოცანას. კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს საგუნდო კოლექტივების მონიტორინგს, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარებას, შემოქმედებითი კავშირების დამყარებას, ახალი სახელების აღმოჩენას საგუნდო შემსრულებლობაში, ახალგაზრდა ნიჭიერი ქორმაისტერთა წარმოჩენასა და წახალისებას, ასევე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას. სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საშემსრულებლო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებსა და მოთხოვნებს. კონკურსი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის აკადემიურ საგუნდო სიმღერას (A), ქართულ ხალხურ სიმღერას (B) და ქართულ გალობას (C), თითოეული კატეგორია კი იყოფა ასაკობრივ ქვეკატეგორიებად. ,,იაკამის" წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი თაობის ნიჭსა და მონდომებას, ასევე, მისი ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის პროფესიონალიზმს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას კონკურსის მომდევნო ეტაპებზე! დარწმუნებული ვართ, თქვენ კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ შესანიშნავი შესრულებით!

სრულად
Image 08 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი მე-5 და მე-6 კლასებს შორის. შეჯიბრი გამორჩეოდა მაღალი ინტერესით, დაძაბული და ემოციური თამაშებით. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესანიშნავი ფიზიკური მომზადება, ერთობლივი თამაში და გუნდური სულისკვეთება. დაძაბულ და ბრძოლით სავსე ფინალში გამარჯვება მოიპოვა მე-6ა კლასმა, რომელმაც გამორჩეული ტექნიკა, ორგანიზებულობა და შეუპოვრობა აჩვენა. ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა, დატოვა მხოლოდ პოზიტიური ემოციები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის მნიშვნელობას სკოლაში. ვულოცავთ მე-6ა კლასს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ღირსეული და სანახაობრივი თამაშისთვის!

სრულად
Image 06 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4 კლასის მოსწავლები კლასის დამრიგებლების: ეკა ლომინაძისა და მარინა ტოხიშვილის ინიციატივით ესტუმრნენ სოციალურ საწარმო "კოდალას". კოდალას მიერ შეთავაზებული შრომითი გაკვეთილების პროგრამა სპეციალურად არის შემუშავებული პატარა ასაკის ბავშვებისთვის, რათა მათთვის სახალისო და საინტერესო ფორმით გაეცნონ ხის დამუშავების საფუძვლებს და ხის სათამაშოების შექმნის პროცესს. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკვანძო ასპექტებს: ხის სათამაშოების დამზადების ტექნიკის დაუფლება - ბავშვებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს, თუ როგორ ხდება ხისგან სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის სათამაშოების დამზადება. მათ ჰქონდათ მარტივი ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ქვიშის ქაღალდი, წებო და სხვა დამხმარე საშუალებები, რათა საკუთარი ხელით შეექმნათ სათამაშოები. ეს პროცესი ავითარებს მათ მოტორულ უნარებს, ხელისა და თვალის კოორდინაციასა და სივრცით აზროვნებას. ის ფაქტი, რომ ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოები საჩუქრად მიიღეს, ამ გამოცდილებას განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. ისინი არა მხოლოდ სწავლობენ ახალ უნარებს, არამედ იხილეს საკუთარი შრომის ნაყოფი, რაც ზრდის მათ თვითშეფასებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ტერმინი ,,ეკო-სათამაშოები" ცხადყოფს იმას, რომ სათამაშოები დამზადებულია ბუნებრივი და უსაფრთხო მასალებისგან, რაც მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობისთვის და გარემოს დაცვისთვის. "ნორჩი ოსტატის" სერთიფიკატის გადაცემა არის ბავშვების მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების აღიარება. ეს არის სიმბოლური ჯილდო, რომელიც მათთვის სამახსოვრო იქნება და შესაძლოა, მომავალში ახალი ინტერესებისა და ჰობების გაჩენის სტიმული გახდეს. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ გარემოს, სადაც ზრუნავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტეგრაციასა და დასაქმებაზე. ეს ხელს უწყობს მათში თანაგრძნობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. მე-4 კლასის მოსწავლეების ვიზიტი სოციალურ საწარმო ,,კოდალაში" იყო მრავალმხრივად სასარგებლო და საინტერესო გამოცდილება. მათ არა მხოლოდ შეიძინეს ახალი პრაქტიკული უნარები ხის სათამაშოების დამზადებაში, არამედ გაეცნენ სოციალური საწარმოს მნიშვნელობას, ინკლუზიურ გარემოს და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პრინციპებს. მიღებულმა ეკო-სათამაშოებმა და ,,ნორჩი ოსტატის" სერთიფიკატმა ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად აქცია.მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას და მათში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. 

სრულად
Image 03 მაისი 2025 წელი

მწერალთა სახლში, პროექტ "ახალი სახელების" ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის მარი თაბაგარის, შემოქმედებითი საღამო. საღამოს მოდერატორი, ცნობილი მწერალი ბაჩო კვირტია, თბილი და საინტერესო საუბრით კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა შეხვედრას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მარი თაბაგარის შემოქმედების ძირითადი ასპექტები, წაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ლექსების კითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო და გულწრფელი დიალოგი ავტორსა და აუდიტორიას შორის. მარი თაბაგარმა გულახდილად ისაუბრა შემოქმედებით გზაზე, იმ შთაგონებაზე, რომლებიც მის ლექსებს აცოცხლებს და უპასუხა სტუმრების შეკითხვებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა. მარი თაბაგარის მოსწავლეებმა პუბლიკის წინაშე წაიკითხეს საყვარელი პედაგოგის ლექსები. ეს იყო არა მხოლოდ მისი შემოქმედების აღიარება, არამედ მათი ერთიანობისა და მხარდაჭერის გამოხატულებაც. მწერალთა სახლსა და "ლიტერატურულ გაზეთს" ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ხელს უწყობს შემოქმედთა პოპულარიზაციას. ვულოცავთ მარი თაბაგარს ამ წარმატებულ საღამოს და ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ ახალ შემოქმედებით მწვერვალს! მისი პოეზია კიდევ ბევრ მკითხველს გაახარებს და შთააგონებს. 

სრულად
Image 02 მაისი 2025 წელი

2025 წლის 1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს განათლების ცენტრის სკოლების დირექტორები, პედაგოგები, სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ შორის – ჩვენი სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლალი მელივა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. მემორანდუმის ფარგლებში, CIU-ში ჩარიცხულ საპატრიარქოს განათლების ცენტრის სკოლების კურსდამთავრებულებს 40%-იანი შიდა უნივერსიტეტური გრანტი მიენიჭებათ. გარდა ამისა, თანამშრომლობა ითვალისწინებს: პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებს; ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ აქტივობებს; შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამით სარგებლობას შეძლებენ პედაგოგებიც – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათთვის გადამზადების სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ კორძაიამ და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები იყვნენ გიორგი ფარეშიშვილი, მარინე უგულავა და დავით გვეტაძე. სემინარის – „კარიერული ორიენტაცია და აკადემიური მზაობა“ მონაწილეებს კი გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს და ხელს უწყობს განათლების სფეროში ხარისხის ამაღლებას.

სრულად
Image 27 აპრილი 2025 წელი

"ცხოვრება კონფლიქტების გარეშე - გზა მშვიდობისაკენ" თანამედროვე ეპოქის აქტუალური საკითხია. სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორის - ნინო ჯანჯღავას ინიციატივით, 25 აპრილს, უკვე მეორედ, ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია: ,,კონფლიქტი და კონტრასტები ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის გზაზე“. კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები - მეუფე იოანე გამრეკელი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის - ლალი მელივას წარდგინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები: სოფიკო გორგილაძე და მარი თაბაგარი ჩაერთნენ ამ აქტოვობაში. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კონფლიქტის სწორად გაგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარების განვითარება. საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, საინტერესო ხედვებით, პრაქტიკული რჩევებით და დეტალურად ასახავდა ლიტერატურული ნაწარმოებების მრავალფეროვან კონფლიქტურ სიტუაციებს. პიროვნულ კონფლიქტს, სოციალურ დაპირისპირებებს, რწმენისა და პიროვნული ,,მეს" ძიებას, ასევე ეთნიკურ და კულტურულ კონფლიქტებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომებმა ,,კონფლიქტი და კონტრასტები ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის გზაზე" ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თითოეული მოხსენება იყო ნამდვილი აღმოჩენა, სიღრმით სავსე!დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ფასდაუდებელი გამოცდილება და ახალი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ გავუხსნათ მოსწავლეებს ლიტერატურაში არსებული კონფლიქტების სამყარო და დავეხმაროთ მათ რეალურ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებაში. კონფერენცია პედაგოგებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ კოლეგების ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისას კონფლიქტური სიტუაციების სწავლების კუთხით. თითოეული მომხსენებლის პრაქტიკული გამოცდილება და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა ხელს უწყობს ეფექტური სწავლების სტრატეგიების გავრცელებას. გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, კონფერენცია ქმნის პლატფორმას სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შორის აზრთა გაცვლისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ამგვარი კონტაქტები შეიძლება გახდეს სამომავლო ერთობლივი პროექტების საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების მართვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. მონაწილე პედაგოგებმა: მარინა ტალახაძემ, ნანა ლომიძემ, შორენა ჯალაღონიამ, თამარ გვასალიამ, მაკა გამყრელიძემ, მზია დარასელიამ, მაკარ ლაგვილავამ, ბადრი პაპავამ, თებრონე საჯაიამ, რომანოზ კირტავამ, მაია ბეშიტაიშვილმა, ლილი დევნოზაშვილმა, თამარ ბაქანიძემ, სოფიკო გორგილაძემ, მარი თაბაგარმა, ნანა თავართქილაძემ, ნინო ტონიამ, ნატა ბუცხრიკიძემ, მანანა გრიგოლავამ, რუსუდან მურღულიამ და ლევან ქურდიანმა კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების პროექტის კონტექსტში აღნიშნეს, რომ შინაგანი კონფლიქტის გააზრება  ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ემოციების იდენტიფიცირებასა და მართვაში, რაც კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოციალური უთანასწორობისა და მორალური დილემების კონტექსტში კონფლიქტის ანალიზი ხელს უწყობს მოსწავლეებში სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების გააზრებას. ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური პრობლემების ანალიზი ლიტერატურულ მაგალითებზე ავითარებს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანაგრძნობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.  რწმენისა და იდეოლოგიური კონფლიქტების ანალიზი ისტორიულ კონტექსტში ხელს უწყობს მოსწავლეებში ტოლერანტობისა და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემის ჩამოყალიბებას. კულტურათაშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობის წარმოჩენა ამცირებს სტერეოტიპებსა და წინასწარგანწყობებს. ბუნებასთან, ტრადიციებთან და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფლიქტების ანალიზი ავითარებს მოსწავლეებში ეკოლოგიურ ცნობიერებასა და ეთიკურ მსჯელობას. ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების ანალიზი ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოების როლის გააზრება კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას. სიყვარულის, როგორც კონფლიქტის დაძლევის უნივერსალური ძალის წარმოჩენა ამკვიდრებს ჰუმანისტურ ღირებულებებს.ამბოხის ანალიზი, როგორც არსებული წესრიგის გადახედვის მცდელობა, ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარს. ტოტალიტარული რეჟიმებისა და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში კონფლიქტის ანალიზი აძლიერებს დემოკრატიულ ღირებულებებს. ინდივიდუალური არჩევანისა და საზოგადოებასთან დაპირისპირების ანალიზი ავითარებს მოსწავლეებში ავტონომიურობისა და საკუთარი პრინციპების ერთგულების მნიშვნელობის გააზრებას. ემპათიისა და თანაგრძნობის განვითარება ლიტერატურული პერსონაჟების მიმართ ხელს უწყობს ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამგვარი შეხვედრები და კონფერენციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პლატფორმა პედაგოგებისთვის, რათა გაიზიარონ გამოცდილება, გაამდიდრონ ცოდნა და შეიმუშაონ ეფექტური სტრატეგიები მოსწავლეებში კონფლიქტის სწორად გაგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარების გასავითარებლად ლიტერატურის ძალის გამოყენებით.  

სრულად
Image 17 აპრილი 2025 წელი

დღეს განსაკუთრებული დღე ჰქონდათ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს. ისინი მასწავლებელთან ერთად ეწვივნენ წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარს, სადაც გულთბილად უმასპინძლა ტაძრის წინამძღვარმა მამა სპირიდონმა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტაძარში ჩატარებულ ღვთისმსახურებაში, მოისმინეს მამა სპირიდონის ქადაგება და ისაუბრეს ქრისტიანულ ფასეულობებზეც - სინანულსა და სიყვარულზე. მომლოცველთათვის მთავარი და ამაღლებული ნაწილი იყო ზიარება — მოსწავლეები წირვის დასრულების შემდეგ წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ, საკურნებელად სულისა და ხორცისა, სადიდებელად უფლისა! მოსწავლეებისთვის ეს არ იყო მოლოცვისა და ზიარების პირველი შემთხვევა. ისინი ყოველთვის ზრუნავენ შინაგან სიმშვიდესა ღვთის მადლის მოპოვებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს სულიერ მოძღვარს, მამა სპირიდონს, ამ მადლიან გზაზე თანადგომისთვის.

სრულად
Image 14 აპრილი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დედაენის დღეს ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნავს. მე-6 კლასის მოსწავლეები, SEU-ში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში,  შემეცნებით ლექციაზე იმყოფებოდნენ კლასის დამრიგებლებთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად. მათ მოისმინეს საინტერესო მოხსენებები: დამწერლობის ისტორიაზე, უცნაურ წიგნებზე, გამორჩეულ ბიბლიოთეკებზე, იაკობ გოგებაშვილსა და „დედა ენაზე“. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საბეჭდი მანქანის გამოყენების ცდამ. ეს იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიული და სახალისო აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, შეხებოდნენ წარსულის საგანძურს და უფრო ღრმად გაცნობოდნენ მშობლიური ენის მნიშვნელობას. აქტივობის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანესია: მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს ლექცია, არამედ თავად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ ათვისებას. სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები ზრდის მოსწავლეების ინტერესს საგნის მიმართ და აძლიერებს მათ მოტივაციას.მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის ისტორიასა და მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს მათში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას. აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობასა და კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური განვითარებისთვის. ლექციები, პრაქტიკული აქტივობები და დისკუსიები ქმნის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რომელიც აკმაყოფილებს მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროებას. შეხვედრის ბოლოს შეჯამებამ და შთაბეჭდილებების გაზიარებამ ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ: იოანე აბესაძე, ნიკოლოზ მამედოვი, ერეკლე ბეგიაშვილი, დემეტრე რუსია, იოანე ბახტურიძე, კოტე კვანჭიანი და ტაისია ბუჩუკური.  

სრულად