მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 ნოემბერი 2025 წელი

მე-10ა და მე-8ა კლასის მოსწავლეების საგანმანათლებლო ექსკურსია: მწერალთა სახლი, მეტეხის ტაძარი და წმინდა აბო თბილელის კვეთის ადგილი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10ა და მე-8ა კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორ ლალი მელივასთან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარი თაბაგართან და მუსიკის პედაგოგ ნინო ბიბილურთან ერთად, მწერალთა სახლს ესტუმრნენ. ღიმილიანმა და ტკბილად მოსაუბრე ექსკურსიამძღოლმა ანა გოგაძემ, ხუროთმოძრვრების ამ უნიკალური ძეგლის მოსწავლეებისთვის გაცნობა უდიდესი ქართველის, დავით სარაჯიშვილის, ცხოვრების საინტერესო დეტალებზე საუბრით დაიწყო. შესაბამისად, სახლის ისტორიის თხრობისას საუბარში ლოგიკურად შემოაბიჯა პაოლო იაშვილმა, საბჭოთა რესპუბლიკამ, რეპრესიებმა და ცისფერყანწელებმა. მოსწავლეების ინტერესი თითოეული ამბის მიმართ დიდი იყო.

ალბათ ერთგვარი თემატური ბმა იყო ესეც, რომ მწერალთა სახლიდან წამოსული მოსწავლეები სწორედ კოტე აფხაზის სახელობის ქუჩას ფეხით გაუყვნენ. მოინახულეს აბო თბილელის თავის კვეთის ადგილი - ორმოცი სებასტელი მოწამის სახელობის ტაძარი. აქვე დაათვალიერეს ის არქეოლოგიური მუზეუმი, ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე რომ მდებარეობს. გაეცნენ იმ კულტურასა და აღმოჩენილ ნივთებს, რაც თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ხაზს უსვამს.  

მოსწავლეები მეტეხის ტაძარში კრძალვით მიეახლნენ წმინდა შუშანიკის საფლავს და გალობის პედაგოგ ნინო ბიბილურთან ერთად იგალობეს კიდეც. შემდეგ წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძარიც მოილოცეს, ნახეს ადგილი, სადაც წმინდა აბოს სხეული დაწვეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მარი თაბაგართან ერთად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ ხუცესის ნაწარმოები „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“ და იოანე საბანისძის „წამებაი წმინდა და ნეტარისა აბოსი.“ კვლავ ისაუბრეს ამ მოწამეების დიდ ღვაწლსა და ნაწარმოებების უდიდეს მნიშვნელობაზე.
ექსკურსია ორივე კლასისთვის დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი საგანმანათლებლო იყო.