სიახლეები

Arrow Down Icon
Image 24 სექტემბერი 2025 წელი

დღეს ჩვენს მე-3 კლასებში გაიმართა ხატვის გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის მართლაც საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა ფერადი საღებავები, ფუნჯები და სხვადასხვა მასალები გამოიყენეს, რათა საკუთარი იდეები ქაღალდზე გადმოეტანათ. გაკვეთილმა არა მხოლოდ ნამუშევრების შექმნა მოიცვა, არამედ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარება, ფერისა და ფორმის არჩევის თავისუფლება და ექსპერიმენტის შესაძლებლობა უზრუნველყო. თითოეული ნამუშევარი გამორჩეულად ლამაზი, უნიკალური და განსხვავებული აღმოჩნდა, რაც მოწმობს, რამდენად შემოქმედებითი პერსონაჟები არიან ჩვენი მოსწავლეები. გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა არა მხოლოდ მხატვრობა, არამედ მეგობრობის, მხარდაჭერისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა ისწავლეს. ხატვის გაკვეთილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი წარმოსახვის, შემოქმედების და შინაგანი სამყაროს გამოხატვის უნარს იძენენ. თითოეული ნამუშევარი გამორჩეულია და საამაყოა — ჩვენი პატარა ხელოვანების შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას!

სრულად
Image 15 სექტემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ეზო განსაკუთრებულად ხალისიანი და ხმაურიანი იყო — ბედნიერი სახეები, მოლოდინით სავსე თვალები და დიდი ენთუზიაზმი. ეს სწორედ ის განწყობაა, რომელიც ახალ სასწავლო წელს თან ახლავს. სკოლის დირექტორის, ლალი მელივას, მამა ანდრია ჯაღმაიძის, სკოლის მოძღვრის სპირიდონ მუმლაძის და მასწავლებლების თბილმა მისალმებამ ამ მნიშვნელოვანი დღის ემოცია კიდევ უფრო გააძლიერა. სკოლა ცოდნისა და სულიერი განვითარების ტაძარია — ადგილი, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენის, გამოწვევისა და წარმატების დასაწყისია. აქ მოსწავლეები იძენენ იმ უმნიშვნელოვანეს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ეს არის ადგილი, სადაც სწავლობენ მეგობრობას, სიკეთეს, თანადგომასა და სიყვარულს. სწავლა მხოლოდ წიგნებში ჩაღრმავება კი არა, არამედ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის პროცესია — გზა, რომელსაც ყოველი მოსწავლე გადის, რათა მომავალში ღირსეულ, განათლებულ და სულიერად ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდეს. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს — სავსეს სიახლეებით, შთაგონებითა და დიდი წარმატებებით! სკოლის დირექცია და მასწავლებლები

სრულად
Image 13 სექტემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, პირველკლასელებთან შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა საზეიმო ღონისძიება —  "ღია კარის დღე". სკოლამ პატარებსა და მათ მშობლებს თბილ და მეგობრულ გარემოში უმასპინძლა. საზეიმოდ მორთული დარბაზი და კლასები ახალი სასწავლო წლის დაწყების მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ, გახსნა — მან მშობლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა საგნების მასწავლებლები და მომავალ სასწავლო წელს წარმატება უსურვა. სწავლა პირველკლასელებს მიულოცეს სკოლის მოძღვარმა, ასევე კურსდამთავრებულებმა და მე-12 კლასის მოსწავლეებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თაობათა შორის მემკვიდრეობისა და კავშირის მნიშვნელობას. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა აქტივობებმა, რომლებიც კლასის დამრიგებლებმა — ეკა ლომინაძემ და თამარ თაქთაქიშვილმა — დაგეგმეს. ბავშვებთან ერთად ჩატარდა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა: პირველკლასელებმა საკუთარი ხელის ანაბეჭდები დატოვეს ფურცელზე, რითაც სიმბოლურად დაიწყეს ახალი თავგადასავალი — სასკოლო ცხოვრება. ეს დღე ასახავდა სკოლის საზოგადოების ერთიანობას, სიყვარულსა და ზრუნვას.ღია კარის დღე მხოლოდ შეხვედრა არ იყო — ეს იყო დასაწყისი, სადაც თითოეულმა პირველკლასელმა წმინდა ნინოს სკოლის დიდი ოჯახის სრულუფლებიან წევრად იგრძნო თავი. ამ დღის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილები არ არის — ის არის სიყვარული, ზრუნვა და ერთად ზრდის გზა.

სრულად
Image 10 სექტემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანა კუდუხაშვილი უძღვებოდა.ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო როგორც სკოლის პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. ტრენინგის მთავარი თემა — რემედიაცია და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან მუშაობის გამოწვევები — მკაფიოდ წარმოაჩენს სკოლის სურვილს, შექმნას უფრო ინკლუზიური და ჰუმანური სასწავლო გარემო. რემედიაცია არის თანამედროვე განათლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი, რომელიც გულისხმობს იმ მოსწავლეთა მხარდაჭერას, რომლებიც სასწავლო პროცესში სირთულეებს აწყდებიან ან აკადემიური თუ სოციალური ჩამორჩენა აქვთ.ასეთი ტრენინგები პედაგოგებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროება და შეიმუშაონ სწავლების ისეთი მიდგომები, რომლებიც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან მუშაობის საკითხებზე. აღნიშნული თემა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის მთავარ პრიორიტეტს — არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ და ემოციურ კეთილდღეობას. ტრენინგის შედეგად პედაგოგებმა გაიღრმავეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები რემედიაციის პროცესისა და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერის მიმართულებით.მათ ახლა უკეთ შეუძლიათ საჭიროებების იდენტიფიცირება, ოჯახის და კოლეგების ჩართვით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყოველი ბავშვი თავს დაცულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობს. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სკოლაში ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც თითოეული მოსწავლე, მიუხედავად მისი სოციალური თუ აკადემიური მდგომარეობისა, იქნება თანაბრად დაფასებული და მხარდაჭერილი. აღნიშნული ტრენინგი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სკოლა მუდმივად განვითარდეს და შექმნას უკეთესი სასწავლო გარემო ყველა ბავშვისთვის.

სრულად
Image 07 სექტემბერი 2025 წელი

ხარისხის გაუმჯობესების საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა და "English Book Education". სკოლის ინგლისური ენისა და მათემატიკის პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ ტრენინგში, რომლის მიზანი იყო მათი პროფესიული უნარების გაღრმავება და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასწავლო პროცესის განვითარებისკენ — იგი არა მხოლოდ აძლიერებს პედაგოგების კომპეტენციას, არამედ ხელს უწყობს სწავლების #ინოვაციურობას და მოსწავლეებისთვის საინტერესო, დინამიკური გარემოს შექმნას. ტრენინგის შედეგად პედაგოგებმა მიიღეს ახალი ცოდნა და გააზიარეს გამოცდილება, რაც დაეხმარებათ უკეთ მოემზადონ ახალი გამოწვევებისთვის და მოერგონ თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო მოთხოვნებს. English Book Education-სა და წმინდა ნინოს სკოლის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა, მათ შორის: კონფერენციები და სემინარები – პედაგოგების პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და საგანმანათლებლო სიახლეების განხილვისთვის; ტრენინგები კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით – ცოდნის გაღრმავებისა და სწავლების უნარების დახვეწისთვის; ერთობლივი პროექტები – მოსწავლეთა შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით. English Book Education და მისი პარტნიორი აკადემიური დაწესებულებები ქმნიან თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეძლევათ შეუზღუდავი შესაძლებლობა განვითარებისა და წარმატების მისაღწევად.

სრულად
Image 13 ივნისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორებმა -ლალი მელივამ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ უმასპინძლეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს - კონსტანტინე გამსახურდიას, დირექტორის მოადგილეს - მირიან ხოსიტაშვილს და განათლების სამინისტროს წარმომადგენელს.ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ეროვნული ბიბლიოთეკის შესანიშნავი პროექტის, სკვერის ბიბლიოთეკების ფარგლებში შედგა. სკოლის ეზოში განთავსდა ულამაზესი წიგნის ბუდე, რომელიც უკვე სავსეა საინტერესო წიგნებით!  ეს არის სივრცე, სადაც ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ წიგნების გაცვლა და კითხვა.ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს ამ პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს კითხვის პოპულარიზაციას და წიგნების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლა გახდა ამ ინიციატივის პიონერი! დიდ მადლობას ვუხდით ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და გვჯერა, რომ წიგნის ეს ახალი კუთხე მოსწავლეების საყვარელ ადგილად იქცევა. 

სრულად
Image 03 ივნისი 2025 წელი

გარემოს დაცვა და წიგნის სიყვარული – ეს ის თემებია, რომლებიც საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გამართულმა პრეზენტაციამ გააერთიანა! ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა  ფიქრია კიკვიძემ და ბუნების მასწავლებელმა, ქალბატონმა  ნათია ხუჭუამ, IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეებს, დამრიგებლების, ქალბატონ ლია ინჯიასა და ქალბატონ თამარ თაქთაქიშვილის თანხლებით შესთავაზეს საინტერესო მოგზაურობა ცოდნის სამყაროში. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაეცნო ფურცლის წარმოების პროცესი და ამით ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ბავშვებმა შეიტყვეს ძველი დამწერლობის ნიმუშების შესახებ – როგორ წერდნენ მიწაზე, ქვაზე, თიხაზე და შემდეგ, რა აუცილებლობა მოიტანა პაპირუსის ხისგან ქაღალდის დამზადებამ. ისინი გაეცნენ ხისგან ქაღალდის დამზადების რთულ პროცესს და ისაუბრეს იმაზეც, თუ რას გვაძლევს ხე წარმოების გარდა და რა საშიშროება მოჰყვება ტყეების განადგურებას. ხაზი გაესვა, თუ რამდენად აუცილებელია ყოველ მოჭრილ ხის ადგილას ახლის დარგვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საუბარი მეორადი გადამუშავების აუცილებლობაზე, რათა არ მოხდეს იმდენი ხის მოჭრა. ქალბატონი ნათია ხუჭუას ინიციატივით, მოსწავლეებმა მაკულატურა შეაგროვეს და გადამუშავების შედეგად მიიღეს ახალი ფურცელი, რომელიც ლამაზი დეკორაციის სახით იყო წარმოდგენილი! ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გარემოს გადარჩენაში. მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, სად დამზადდა პირველი ფურცელი და მისი შექმნის ისტორია, გაეცნენ ქართულ რარიტეტულ წიგნებს და შეიტყვეს, საქართველოს რომელ რეგიონში შეიქმნა პირველი ბიბლიოთეკა. მათ ასევე ვირტუალურად „მოინახულეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საცავი და გაიგეს, რომ იქ ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე მცირე ზომის წიგნები. საუბარი შეეხო გინესის რეკორდების წიგნსაც. ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი წიგნის ფურცლიდან წაკითხვა ტექნიკის მიღწევებისა და ელექტრონული წიგნების ეპოქაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რას გრძნობენ წიგნის კითხვის დროს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქაღალდის წიგნის ჯადოსნურ ძალას. პრეზენტაცია იყო საინტერესო და მოსწავლეების ჩართულობა – მაღალი. ღონისძიების ბოლოს დაურიგდათ ფურცლები და მიიღეს დავალება – დაეწერათ, რას უსურვებდნენ მეგობრებს, ბიბლიოთეკის მცველები რომ ყოფილიყვნენ. ნააზრევი ჩაყარეს ყუთებში და შეინახეს. გარდა ამისა, მათ დაევალათ მოემზადებინათ მცირე კვლევა სახელწოდებით "წიგნი და კომპიუტერი".ასეთი პროექტები ბავშვებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ და წიგნის სიყვარულს.

სრულად
Image 30 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია ინჯიას ინიციატივით, დაუვიწყარი დღე გაატარეს დედაქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებაში. პირველ რიგში, ბავშვები მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს უდიდესი მოღვაწეები განისვენებენ. მათ პატივი მიაგეს დიდი ქართველების ხსოვნას. გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და გამოჩენილ ადამიანებს. ეს ნამდვილად ემოციური და შემეცნებითი მომენტი იყო მომავალი თაობისთვის. შემდეგ, მოსწავლეებმა  შუშის ხიდზე გაიარეს, საიდანაც თბილისის ძველი და ახალი უბნების შესანიშნავი ხედები იშლება. მათ საშუალება მიეცათ, ერთი სივრციდან დაენახათ ქალაქის მრავალფეროვნება და მისი ისტორიული თუ თანამედროვე იერსახე.ეს აქტივობა უმნიშვნელოვანესია ბავშვების ზოგადი განვითარებისთვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ, ახლოს გაცნობოდნენ საკუთარ დედაქალაქს, მის ისტორიასა და კულტურას.

სრულად
Image 30 მაისი 2025 წელი

,,იავნანამ რა ჰქმნა?!" - სწორედ ამ კითხვაზე მიიღო პასუხი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მაყურებელმა, რომელსაც სტუდია "რამპამ" ახალი, ემოციებით სავსე სპექტაკლი შესთავაზა. იაკობ გოგებაშვილის უკვდავი ქმნილების მოტივებზე შექმნილმა დადგმამ დედაშვილობის სიყვარულს ფრთები შეასხა და არა მხოლოდ გოგებაშვილის პერსონაჟებს, არამედ დარბაზში მყოფ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა. სპექტაკლმა დიდი ემოცია გამოიწვია. ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დედის უპირობო სიყვარულისა და შვილისადმი მისწრაფების საოცარი ძალა. სპექტაკლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის შემოქმედებით გუნდს: სცენარის ავტორმა და რეჟისორმა - მარი თაბაგარიმა გოგებაშვილისეული სულისკვეთება თანამედროვე სცენაზე გადმოიტანა. ლალი მელივას მხარდაჭერამ უზრუნველყო დადგმის შეუფერხებელი მიმდინარეობა. ნინო ბიბილურის მიერ შერჩეულმა მუსიკამ კიდევ უფრო გააძლიერა ემოციური ფონი და სპექტაკლს განსაკუთრებული ელფერი შესძინა. ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა გადაწყვეტებმა დადგმას დინამიკურობა და ვიზუალური ელფერი შემატა. სტუდია "რამპას" ახალი სპექტაკლი მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების მნიშვნელობას.

სრულად
Image 26 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალურმა დასმა „რამპა“,მარი თაბაგარის რეჟისორობითა და სცენარით, წარმატებით გახსნა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2025“ სიღნაღში, სპექტაკლით „ჩემო კარგო ქვეყანავ“. ეს ღონისძიება, რომელიც 24 მაისს გაიმართა, ნამდვილ მოვლენად იქცა ახალგაზრდა მსახიობებისთვის და ოთხი მნიშვნელოვანი ნომინაცია მოუტანა დასს. სპექტაკლი, რომელიც საათსა და ოცდახუთ წუთში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას აერთიანებდა, დიდი შრომისა და თავდადების ნაყოფი იყო. მარი თაბაგარისა და ლალი მელივას ხელმძღვანელობით, „რამპას“ მსახიობებმა შეძლეს ილიას ეპოქის სრულფასოვანი გადმოცემა, მაყურებელს კი საკუთარივით გაუზიარეს ილიასეული საფიქრალ-საზრუნავი, ცენზურა და ერის ბედი. სპექტაკლი არა მხოლოდ ილიას ცხოვრების ქრონიკა იყო, არამედ მისი შემოქმედების ღრმა ინტერპრეტაცია, სადაც თითოეული პერსონაჟი, ილია ჭავჭავაძიდან დაწყებული ოთარაანთ ქვრივით დამთავრებული, მთელი ეპოქის წარმომჩენად იქცა. ფესტივალზე გამოსვლა „რამპას“ პატარა მსახიობებისთვის უცხო გარემო იყო, თუმცა მათ შესანიშნავად გაართვეს თავი და, როგორც რეჟისორი აღნიშნავს, დიდ სცენაზე მათი „ნათლობაც“ შედგა. მარი თაბაგარი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს მთავარი როლის შემსრულებელ - დასის დინჯსა და დარბაისელ წევრზე ილია წიკლაურზე. ასევე აღსანიშნავია შეყვარებული ოლღას, ტრაგიზმით სავსე ქვრივი ცოლის, ელისაბედ ჭავჭავაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ნინო პოლტორაცკაიას, გიგა ყიფშიძის, იაკობ მანსვეტაშვილის, ვაჟა-ფშაველას, მკაცრი ოთარაანთ ქვრივის, ლელთ ღუნიას, ლუარსაბისა და დარეჯანის, ასევე მკვლელის როლების ოსტატური შესრულება. „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ოთხი ნომინაციის მფლობელი გახდა, რაც დასის შრომისა და ნიჭის აღიარებაა: ვაჟის საუკეთესო როლი - ილია წიკლაური (ილია ჭავჭავაძე) გოგონას მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი - მარიამ ანთიძე (ელისაბედ ჭავჭავაძე) საუკეთესო ფოლკლორი სპექტაკლში - „ჩემო კარგო ქვეყანავ“ (მუსიკალური ხელმძღვანელი: ნინო ბიბილური) ლიტერატურული ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია - თეატრალური დასი „რამპა“. მარი თაბაგარი მადლობას უხდის ყველას, ვინც სპექტაკლის შექმნასა და წარმატებაში წვლილი შეიტანა. მან განსაკუთრებით გამოყო ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა და სპექტაკლის პროდიუსერი, ქალბატონი ლალი მელივა, რომელმაც „დაუვიწყარი დღეები“ აჩუქა დასს. ფესტივალის ორგანიზატორებსა და სიღნაღის მერიას, ასევე, მადლობა მონაწილეებისთვის შექმნილი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. მარი თაბაგარმა მადლობა გადაუხადა ბატონ მურად ვაშაკიძეს პროფესიული რჩევებისთვის, მერის მოადგილეს კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში, ბატონ გოჩა ვარდიაშვილს, ქალბატონ თეა დავითაიას და ფესტივალის წამყვანსა და ორგანიზატორს, ბატონ ხვიჩა ახალაიას. მარი თაბაგარმა ხაზგასმით აღნიშნა სპექტაკლის პირველი შემფასებლების როლი, რომლებმაც ობიექტური და ფასეული შეფასებები მისცეს: პროფესორი, თბილისის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე, პოეტი და პროფესორი, ქალბატონი ქეთევან შენგელია და პოეტი ეკა ქაჯაია. მათი სიტყვები, მარი თაბაგარის თქმით, „მარგალიტებად აიკინძა გონებაში“. სპექტაკლი „ჩემო კარგო ქვეყანავ“ არა მხოლოდ ახალგაზრდა ტალანტების წარმატებული დებიუტი იყო, არამედ ილია ჭავჭავაძის უკვდავი შემოქმედების კიდევ ერთი აღორძინება სცენაზე, რამაც მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სრულად