საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ეზო განსაკუთრებულად ხალისიანი და ხმაურიანი იყო — ბედნიერი სახეები, მოლოდინით სავსე თვალები და დიდი ენთუზიაზმი. ეს სწორედ ის განწყობაა, რომელიც ახალ სასწავლო წელს თან ახლავს.
სკოლის დირექტორის, ლალი მელივას, მამა ანდრია ჯაღმაიძის, სკოლის მოძღვრის სპირიდონ მუმლაძის და მასწავლებლების თბილმა მისალმებამ ამ მნიშვნელოვანი დღის ემოცია კიდევ უფრო გააძლიერა.
სკოლა ცოდნისა და სულიერი განვითარების ტაძარია — ადგილი, სადაც ყოველი დღე ახალი აღმოჩენის, გამოწვევისა და წარმატების დასაწყისია. აქ მოსწავლეები იძენენ იმ უმნიშვნელოვანეს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.
ეს არის ადგილი, სადაც სწავლობენ მეგობრობას, სიკეთეს, თანადგომასა და სიყვარულს. სწავლა მხოლოდ წიგნებში ჩაღრმავება კი არა, არამედ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის პროცესია — გზა, რომელსაც ყოველი მოსწავლე გადის, რათა მომავალში ღირსეულ, განათლებულ და სულიერად ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს — სავსეს სიახლეებით, შთაგონებითა და დიდი წარმატებებით!
სკოლის დირექცია და მასწავლებლები