სიახლეები

Arrow Down Icon
Image 21 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კლასთა შორის ფეხბურთის დაძაბული და ემოციებით სავსე შეჯიბრი გაიმართა.მოედანზე ერთმანეთს მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ და ნამდვილი სანახაობა შემოგვთავაზეს. მატჩებს ობიექტურად და პროფესიონალურად მსაჯობდა ჩვენი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები, ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა! თამაშები სავსე იყო ლამაზი კომბინაციებით, თავდაუზოგავი ბრძოლით და, რა თქმა უნდა, ულამაზესი გოლებით. გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავიანთ ფავორიტებს, რაც დამატებით მუხტს სძენდა შეხვედრებს. დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული  მე-10 კლასის გუნდმა მოიპოვა! ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულებს დამსახურებულ ტრიუმფს! გიორგი ფილფანი ანდრია რუსია მახო წვერიკმაზაშვილი გეგა ერგემლიძე მათე ხიდაშელი ალექსანდრე ჩივაძე  მათ მართლაც იბრძოლეს ბოლომდე და აჩვენეს ნამდვილი გუნდური სულისკვეთება.სკოლაში მსგავსი სპორტული ღონისძიებები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლეების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდები იზრდებიან! იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას ვიხილავთ.

სრულად
Image 20 მაისი 2025 წელი

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, კოლეგებო! დღეს ჩვენი სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადავშალეთ, კიდევ ერთი კლასის მოსწავლეებს ვუშვებთ ცხოვრების რთულ გზაზე, რაც ერთდროულად საამაყოცაა და სასიხარულოც! ბედნიერი ვარ, რომ თქვენმა ზრდა-განვითარებამ ჩვენ თვალწინ გაიარა. ეს იყო რთული, შრომატევადი და იმედით სავსე პროცესი. გასწავლეთ სიკეთის, ადამიანობის, განათლების ფასი და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულ თაობას ვუზრდით. მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება მარტივი არაა. ის უამრავ ცდუნებას გვთავაზობს. იყავით ძლიერები! ნუ დაივიწყებთ ოცნებებს, დაისახეთ რეალური მიზნები და იბრძოლეთ მათ შესასრულებლად. მინდა, თითოეული თქვენთაგანი იყოს ბედნიერი. ნუ დაუწყებთ ძებნას ბედნიერებას სადმე სხვაგან, ის არც მარტო ფულშია და არც კარიერაში. იყავით ადამიანები: გიხაროდეთ სხვისი სიხარული და გტკიოდეთ სხვისი ტკივილი! ნუ ივლით ქვეყნად ღირსების გარეშე! არ დაგავიწყდეთ, რომ სამშობლოში ოჯახის სახე ხართ და მის გარეთ ქვეყვის წარმომადგენელი! მინდა ღირსეულად ატაროთ ტვირთი, რომელიც უფალმა განგისაზღვრათ! დროა ზარები შევცვალოთ ცხოვრების მელოდიით, აღარ არის საშინაო დავალებები, მაგრამ იწყება ახალი გამოწვევები, თამამად გადადგით ნაბიჯი, არ შეგეშინდეთ დიდი მიზნების, იარეთ თავდაჯერებით და სიყვარულით! და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ გენიალური სიტყვები: „ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა, სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და საჭიროა ისე იცხოვრო, რომ მწვავედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლების გამო“.  ღმერთმა წარმატება და ბედნიერი დღეები გიმრავლოთ!   უფალი გფარავდეთ!!- ლალი მელივაა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი

სრულად
Image 20 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის უფროსკლასელები და პედაგოგები ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მხარეს - იმერეთს ესტუმრნენ. ამ აქტივობას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ისტორიული და კულტურული განათლების მიმართულებით. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლოა. მისი მონახულება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ჩვენი ქვეყნის წარსულს: ბაგრატ III-ის ისტორიას, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ეს ცოდნა ხელს უწყობს ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და ისტორიისადმი პატივისცემის გაღვივებას. მოწამეთას მონასტერი: ეს ადგილი უკავშირდება დავით და კონსტანტინე მხეიძეების ტრაგიკულ ისტორიას, რომლებმაც ქრისტიანული სარწმუნოებისთვის თავი გასწირეს. მონასტრის მონახულება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ რელიგიის მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში, გაეცნონ წმინდანთა ცხოვრებას. პრომეთეს მღვიმე: უნიკალური ბუნებრივი ძეგლი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ საქართველოს ბუნების საოცრებებს. მღვიმის სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ფორმები, მიწისქვეშა მდინარე და ტბები მათ წარმოდგენას შეუქმნის დედამიწის გეოლოგიურ პროცესებზე და ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. ზოგადად, თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად მოგზაურობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის მეგობრული და თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ისინი სწავლობენ გუნდურად მუშაობას, ერთმანეთის დახმარებასა და საერთო გამოცდილების გაზიარებას. ახალ გარემოში ყოფნა და უცნობი ადგილების აღმოჩენა ავითარებს მოსწავლეების ცნობისმოყვარეობას, დაკვირვების უნარსა და ადაპტაციის უნარს. ეს მოგზაურობა შესაძლოა გახდეს იმპულსი მოსწავლეებისთვის, უფრო ღრმად შეისწავლონ საქართველოს ისტორია და ბუნება. მიღებული შთაბეჭდილებები და ცოდნა დაეხმარებათ მოქალაქეობრივი კულტურის ამაღლებაში. მსგავსი ექსკურსიები უაღრესად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გასამდიდრებლად და მოსწავლეების ჰოლისტური განვითარებისთვის. იმერეთში მიღებული გამოცდილება მათ დიდხანს დარჩებათ მეხსიერებაში და დადებითად აისახება მათ მსოფლმხედველობაზე.

სრულად
Image 17 მაისი 2025 წელი

სიღნაღში, 24-25 მაისს, თეატრალური ფესტივალი ,,ქიზიყი 2025" გაიმართება.  ჩვენი სკოლის თეატრალური დასი ,,რამპა" მონაწილეობას მიიღებს და 24 მაისს, 15:00 საათზე, გახსნის ფესტივალს სპექტაკლით ,,ჩემო კარგო ქვეყანავ".   სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი – მარი თაბაგარი პროდიუსერი – ლალი მელივა მუსიკალური ხელმძღვანელი – ნინო ბიბილური ქორეოგრაფი – ნათია ხუჭუა ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. წარმატება ჩვენს თეატრალურ დასს!

სრულად
Image 15 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა წარმატებით გადალახა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ნახევარფინალური ეტაპი! ნიკოლოზ მახაშვილმა, ნიკოლოზ შარიქაძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, სანდრო კირკიტაძემ და თორნიკე კუტუბიძემ ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი სკოლა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. მათ მიერ ნაჩვენები შედეგი - 12 ქულა შესაძლო 20-დან - საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი 58 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრილიყო და დამსახურებულად გადასულიყო ფინალურ ეტაპზე. ნახევარფინალში მთელი საქართველოდან 275 სკოლის 1375 მოსწავლე მონაწილეობდა, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ვუსურვებთ ჩვენს გუნდს წარმატებებს ფინალურ ტურში, რომელიც 2025 წლის 30 მაისს თბილისში გაიმართება.

სრულად
Image 14 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ემილია ჭუჭულაშვილმა, ჩაატარა ინოვაციური და შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. გაკვეთილის ფარგლებში V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია წიგნის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე. მათ დაათვალიერეს, თუ როგორ იქმნებოდა პირველი ხელნაწერები, რა მასალებს იყენებდნენ ძველად, როგორ ჩამოყალიბდა ბეჭდვის ტექნოლოგია და როგორ განვითარდა წიგნის წარმოება თანამედროვე ეტაპამდე. მოსწავლეებმა ასევე შეისწავლეს სხვადასხვა კულტურის წვლილი წიგნის ისტორიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წიგნის მნიშვნელობას ცოდნის გავრცელების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და თაობებს შორის კავშირის დამყარების პროცესში. გაკვეთილმა მოსწავლეებს არა მხოლოდ ახალი ცოდნა შესძინა, არამედ აღუძრა წიგნისა და ავტორთა შრომის პატივისცემა. მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი და აღფრთოვანება, რაც ადასტურებს, რომ ასეთ შემოქმედებით და შემეცნებით ღონისძიებებს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს სასწავლო პროცესში. „წიგნი — ჯადოსნური ფანჯარაა სხვა სამყაროებში“ — ამ სიტყვებით დაასრულეს ბავშვებმა თავიანთი პრეზენტაცია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წიგნის უნიკალურ როლს მათი წარმოსახვისა და გონებრივი ჰორიზონტის გაფართოებაში.

სრულად
Image 09 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მუსიკალური გუნდი "იაკამი" ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, წარმატებით წარსდგა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის პირველ ტურზე. ეს პრესტიჟული კონკურსი მიზნად ისახავს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაციას, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვას, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერასა და განვითარებას, საშემსრულებლო დონის ამაღლებასა და მრავალ სხვა მნიშვნელოვან ამოცანას. კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს საგუნდო კოლექტივების მონიტორინგს, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარებას, შემოქმედებითი კავშირების დამყარებას, ახალი სახელების აღმოჩენას საგუნდო შემსრულებლობაში, ახალგაზრდა ნიჭიერი ქორმაისტერთა წარმოჩენასა და წახალისებას, ასევე ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას. სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ნებისმიერ საშემსრულებლო კოლექტივს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებსა და მოთხოვნებს. კონკურსი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის აკადემიურ საგუნდო სიმღერას (A), ქართულ ხალხურ სიმღერას (B) და ქართულ გალობას (C), თითოეული კატეგორია კი იყოფა ასაკობრივ ქვეკატეგორიებად. ,,იაკამის" წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი თაობის ნიჭსა და მონდომებას, ასევე, მისი ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის პროფესიონალიზმს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას კონკურსის მომდევნო ეტაპებზე! დარწმუნებული ვართ, თქვენ კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ შესანიშნავი შესრულებით!

სრულად
Image 08 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი მე-5 და მე-6 კლასებს შორის. შეჯიბრი გამორჩეოდა მაღალი ინტერესით, დაძაბული და ემოციური თამაშებით. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესანიშნავი ფიზიკური მომზადება, ერთობლივი თამაში და გუნდური სულისკვეთება. დაძაბულ და ბრძოლით სავსე ფინალში გამარჯვება მოიპოვა მე-6ა კლასმა, რომელმაც გამორჩეული ტექნიკა, ორგანიზებულობა და შეუპოვრობა აჩვენა. ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა, დატოვა მხოლოდ პოზიტიური ემოციები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სპორტის მნიშვნელობას სკოლაში. ვულოცავთ მე-6ა კლასს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ღირსეული და სანახაობრივი თამაშისთვის!

სრულად
Image 06 მაისი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4 კლასის მოსწავლები კლასის დამრიგებლების: ეკა ლომინაძისა და მარინა ტოხიშვილის ინიციატივით ესტუმრნენ სოციალურ საწარმო "კოდალას". კოდალას მიერ შეთავაზებული შრომითი გაკვეთილების პროგრამა სპეციალურად არის შემუშავებული პატარა ასაკის ბავშვებისთვის, რათა მათთვის სახალისო და საინტერესო ფორმით გაეცნონ ხის დამუშავების საფუძვლებს და ხის სათამაშოების შექმნის პროცესს. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკვანძო ასპექტებს: ხის სათამაშოების დამზადების ტექნიკის დაუფლება - ბავშვებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს, თუ როგორ ხდება ხისგან სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის სათამაშოების დამზადება. მათ ჰქონდათ მარტივი ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ქვიშის ქაღალდი, წებო და სხვა დამხმარე საშუალებები, რათა საკუთარი ხელით შეექმნათ სათამაშოები. ეს პროცესი ავითარებს მათ მოტორულ უნარებს, ხელისა და თვალის კოორდინაციასა და სივრცით აზროვნებას. ის ფაქტი, რომ ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნილი სათამაშოები საჩუქრად მიიღეს, ამ გამოცდილებას განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. ისინი არა მხოლოდ სწავლობენ ახალ უნარებს, არამედ იხილეს საკუთარი შრომის ნაყოფი, რაც ზრდის მათ თვითშეფასებასა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ტერმინი ,,ეკო-სათამაშოები" ცხადყოფს იმას, რომ სათამაშოები დამზადებულია ბუნებრივი და უსაფრთხო მასალებისგან, რაც მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობისთვის და გარემოს დაცვისთვის. "ნორჩი ოსტატის" სერთიფიკატის გადაცემა არის ბავშვების მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების აღიარება. ეს არის სიმბოლური ჯილდო, რომელიც მათთვის სამახსოვრო იქნება და შესაძლოა, მომავალში ახალი ინტერესებისა და ჰობების გაჩენის სტიმული გახდეს. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ გარემოს, სადაც ზრუნავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტეგრაციასა და დასაქმებაზე. ეს ხელს უწყობს მათში თანაგრძნობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. მე-4 კლასის მოსწავლეების ვიზიტი სოციალურ საწარმო ,,კოდალაში" იყო მრავალმხრივად სასარგებლო და საინტერესო გამოცდილება. მათ არა მხოლოდ შეიძინეს ახალი პრაქტიკული უნარები ხის სათამაშოების დამზადებაში, არამედ გაეცნენ სოციალური საწარმოს მნიშვნელობას, ინკლუზიურ გარემოს და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პრინციპებს. მიღებულმა ეკო-სათამაშოებმა და ,,ნორჩი ოსტატის" სერთიფიკატმა ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად აქცია.მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას და მათში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას. 

სრულად
Image 03 მაისი 2025 წელი

მწერალთა სახლში, პროექტ "ახალი სახელების" ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის მარი თაბაგარის, შემოქმედებითი საღამო. საღამოს მოდერატორი, ცნობილი მწერალი ბაჩო კვირტია, თბილი და საინტერესო საუბრით კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა შეხვედრას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მარი თაბაგარის შემოქმედების ძირითადი ასპექტები, წაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ლექსების კითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო და გულწრფელი დიალოგი ავტორსა და აუდიტორიას შორის. მარი თაბაგარმა გულახდილად ისაუბრა შემოქმედებით გზაზე, იმ შთაგონებაზე, რომლებიც მის ლექსებს აცოცხლებს და უპასუხა სტუმრების შეკითხვებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა. მარი თაბაგარის მოსწავლეებმა პუბლიკის წინაშე წაიკითხეს საყვარელი პედაგოგის ლექსები. ეს იყო არა მხოლოდ მისი შემოქმედების აღიარება, არამედ მათი ერთიანობისა და მხარდაჭერის გამოხატულებაც. მწერალთა სახლსა და "ლიტერატურულ გაზეთს" ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ხელს უწყობს შემოქმედთა პოპულარიზაციას. ვულოცავთ მარი თაბაგარს ამ წარმატებულ საღამოს და ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ ახალ შემოქმედებით მწვერვალს! მისი პოეზია კიდევ ბევრ მკითხველს გაახარებს და შთააგონებს. 

სრულად