ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, კოლეგებო! დღეს ჩვენი სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადავშალეთ, კიდევ ერთი კლასის მოსწავლეებს ვუშვებთ ცხოვრების რთულ გზაზე, რაც ერთდროულად საამაყოცაა და სასიხარულოც!
ბედნიერი ვარ, რომ თქვენმა ზრდა-განვითარებამ ჩვენ თვალწინ გაიარა. ეს იყო რთული, შრომატევადი და იმედით სავსე პროცესი. გასწავლეთ სიკეთის, ადამიანობის, განათლების ფასი და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულ თაობას ვუზრდით.
მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება მარტივი არაა. ის უამრავ ცდუნებას გვთავაზობს. იყავით ძლიერები! ნუ დაივიწყებთ ოცნებებს, დაისახეთ რეალური მიზნები და იბრძოლეთ მათ შესასრულებლად.
მინდა, თითოეული თქვენთაგანი იყოს ბედნიერი. ნუ დაუწყებთ ძებნას ბედნიერებას სადმე სხვაგან, ის არც მარტო ფულშია და არც კარიერაში. იყავით ადამიანები: გიხაროდეთ სხვისი სიხარული და გტკიოდეთ სხვისი ტკივილი!
ნუ ივლით ქვეყნად ღირსების გარეშე! არ დაგავიწყდეთ, რომ სამშობლოში ოჯახის სახე ხართ და მის გარეთ ქვეყვის წარმომადგენელი! მინდა ღირსეულად ატაროთ ტვირთი, რომელიც უფალმა განგისაზღვრათ!
დროა ზარები შევცვალოთ ცხოვრების მელოდიით, აღარ არის საშინაო დავალებები, მაგრამ იწყება ახალი გამოწვევები, თამამად გადადგით ნაბიჯი, არ შეგეშინდეთ დიდი მიზნების, იარეთ თავდაჯერებით და სიყვარულით!
და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ გენიალური სიტყვები: „ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა, სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და საჭიროა ისე იცხოვრო, რომ მწვავედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლების გამო“.
ღმერთმა წარმატება და ბედნიერი დღეები გიმრავლოთ! უფალი გფარავდეთ!!
- ლალი მელივა
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი