მესამე კლასის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ინგლისელი საბავშვო მწერლის, მხატვრის, მსახიობისა და რეჟისორის, დონალდ ბისეტის საოცარი მოთხრობა „დედა წერტილი და შვილი წერტილი“, რომელიც ქართულად რევაზ ინანიშვილმა თარგმნა.
მათთვის ეს უბრალო ტექსტი არ ყოფილა — თითქოს პატარა სამყაროს კარი გაიღო, სადაც წერტილებსაც აქვთ გული, ფიქრი და ერთმანეთის სიყვარული. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარი თაბაგარი ამ სამყაროს მეგზურად იქცა. ჯერ ერთად ისაუბრეს, იფიქრეს, იკამათეს კიდეც, მერე კი თითოეულმა ბავშვმა თავისი ფერებითა და ემოციებით დახატა პერსონაჟები — ზოგმა მხიარული, ზოგმა სევდიანი.
ბოლოს კი, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ამბავი არ დამთავრებულიყო და თავად გაეგრძელებინათ. ოღონდ პერსონაჟი წერტილი კი არა, ფანქარი და საშლელი ყოფილიყო.
„ერთხელაც ფანქარი დაილია და გაქრა. ფანქრის გარეშე დარჩენილმა საშლელმა მხოლოდ მაშინ იგრძნო მარტოობა და უსუსურობა,“
— წერდა ერთი.
„როგორც სხვა მეგობრები, ფანქარი და საშლელიც ბრაზდებიან ერთმანეთზე და მერე ისევ რიგდებიან,“
— დაწერა მეორემ.
მესამეს სურდა, საშლელს ფანქრის ნაშრომი აღარ წაეშალა, მეოთხე ფიქრობდა, რომ მათი მეგობრობა შეუძლებელი იყო.
მეხუთე კი დარწმუნებით ამბობდა:
„საშლელი შლის, მაგრამ სწორედ ამით ეხმარება ფანქარს, რომ უკეთესი გახდეს. ისინი ერთმანეთს ავსებენ.“
„თუ საშლელი არ იარსებებს, ფანქარი ბევრ შეცდომას დაუშვებს და მისი ნაწერი დამახინჯდება.“
მათი ფიქრი და მსჯელობა უდავოდ წარმოაჩენს ამ მოსწავლეების როგორც შემოქმედებით მხარეს, ასევე მეგობრობისა და თანადგომის დიდ უნარს. მათ ხომ უკვე იციან, ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, ,,ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“,
,,ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა,
ირემმა ირემს ნეტა რა უწოდა?
-მე-გო-ბა-რი...“
მარი თაბაგარი კი თავის მოსწავლეებთან ერთად თანამედროვეობასთან ავლებს პარალელს და ამბობს: ,,ასეა, ცხოვრებაც ხომ საშლელისა და ფანქრის ურთიერთობას ჰგავს. მეგობრობა მხოლოდ მაშინ ხდება სრულფასოვანი, როცა ერთმანეთის შეცდომებს ვასწორებთ ან ვპატიობთ.”