მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
10 ნოემბერი 2025 წელი

რევაზ ინანიშვილის სამყაროში მოგზაურობა VI ბ კლასთან ერთად

VI ბ კლასში რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებს განსაკუთრებული ყურადღებით კითხულობენ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარი თაბაგარმა, როცა კლასში მოთხრობა ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ წაიკითხა, მოსწავლეებმა ბევრი იმსჯელეს - ვის ელოდა მარტოდ დარჩენილი ფოთოლი? ნუთუ ის მხოლოდ ქარს ელოდა, თუ იქნებ იმ მზეს, რომელიც ერთხელ შეეხო? შეუძლიათ კი ფოთლებს სიყვარული და ერთგულება, თუ ეს მხოლოდ ადამიანური განცდაა, რომელსაც ბუნებაც კი ვერ გაექცევა? ერთხანს კლასში დუმილმაც დაისადგურა, როცა საუბარი მუხის ცრემლებს შეეხო. რამ აატირა ძლიერად ფესვგადგმული, შეუდრეკელი ხე? იყო ეს ტკივილი მეზობელი ხის ფოთლის დაკარგვისგან გამოწვეული, თუ თავისი სიბერის სევდა ატირებდა?   

და როცა ხარირემმა დაიბღავლა, თითქოს მთელმა ტყემ ამოიოხრა - სევდიანად, მაგრამ დიდებულად.
- და მაინც, რა აბღავლებდა ხარირემს? - იკითხა მარი მასწავლებელმა, რომელიც გვიყვება:

,,განსხვავებული მოსაზრებებით, თვალებში ჩამდგარი კითხვებითა და ფოთლისადმი თანაგრძნობით განმსჭვალულები საერთო აზრამდე მაშინ მივიდნენ, როცა ნაწარმოების პერსონაჟები დაახასიათეს. ზოგს ფოთოლი გმირად მიაჩნდა - ერთგული, კეთილი, თავდადებული… ზოგისთვის კი ის იყო დროის სვლით გამოწვეული სევდის სიმბოლო, განშორებისა და მოლოდინის დარდით სავსე. ჯერ სიტყვებით შეაფერადეს ნეკერჩხლის ფოთოლი, შემდეგ ფურცელზე დახატეს - ლამაზი, გრძნობებით სავსე და წითლად მოღუდღუდე. ბავშვებმა თავიანთი მოსაზრებები მონოლოგად ჩამოაყალიბეს - თითქოს თითოეულ მათგანში პატარა ნეკერჩხლის ფოთოლი გაცოცხლდა.

ხარირემი კი მათთვის აღმოჩნდა არა მხოლოდ ტყის ბინადარი, არამედ ბუნების ხმა - სევდიანი, ძლიერი, და მგრძნობიარე. მისი ბღავილი აღიქვეს, როგორც ადამიანის გულიდან ამოსული ბგერა, როცა გული სიყვარულით სტკივა.

ასე გადაიქცა ეს ბევრისმთქმელი, პატარა მოთხრობა მთელი სამყაროს გასაღებად. სამყაროსი, სადაც ბუნება და ადამიანი ერთ ენაზე ლაპარაკობენ: სიყვარულის, ერთგულებისა და დროის გარდაუვალობის ენაზე.”