მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
10 ნოემბერი 2025 წელი

ძველი ქართული დამწერლობის საოცარი სამყარო

მე-7 ა კლასის მოსწავლეები დამწერლობათა სახეობებს გაეცნენ. დაინტერესდნენ პიქტოგრამებითა და იეროგლიფებით. ისაუბრეს და იმსჯელეს, რამდენად კომფორტული იქნებოდა ეს დამწერლობა საკომუნიკაციოდ. ეს იყო გაკვეთილი და ამავე დროს ნამდვილი მოგზაურობა იქ, სადაც ადამიანი პირველად იწყებდა ფიქრისა და სიტყვის გადმოცემას ნიშნებითა და ფორმებით.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარი თაბაგარი დამწერლობათა საინტერესო სამყაროში მეგზურად იქცა. როცა ბავშვებმა პიქტოგრამების, ნახატური ნიშნების თაობაზე შეიტყვეს, კლასში დაიწყო მხიარული კამათი:
• ნეტა, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა დღეს ასეთი ნიშნებით საუბარი?
ერთ მოსწავლეს გაეცინა: „შეიძლება სიცილის პიქტოგრამაც კი გამოგვივიდეს!“
მეორემ კი სერიოზულად დასძინა: „ალბათ ნადირობა ყველაზე საინტერესო თემა იქნებოდა - მაშინ ხომ სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი.“

შემდეგ ყურადღება გადაიტანეს იეროგლიფებზე - დახვეწილ, სიმბოლურ ნიშნებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ქვეყნების ისტორიას. ბავშვების თვალებში გაკვირვება და აღფრთოვანება ერთმანეთს ცვლიდა - თითქოს თითოეულ იეროგლიფში დამალულ საიდუმლოს ხსნიდნენ.

როდესაც პედაგოგმა ქართული ანბანისა და ასომთავრულის წარმოშობაზე საუბარი დაიწყო, კლასში სიჩუმემ დაისადგურა. მოსწავლეები გულისყურით უსმენდნენ ლეონტი მროველის, ივანე ჯავახიშვილისა და რამაზ პატარიძის მოსაზრებებს ჩვენი ანბანის შექმნის შესახებ.

თითოეული ისტორია ახალ კარს აღებდა - ერთში წმინდა მეფე ფარნავაზი ჩანდა, მეორეში - ქრისტიანობის გავრცელების შთაგონება, მესამეში კი ქართული სიტყვის სიღრმე და სიწმინდე.

გაკვეთილი გაგრძელდა დოკუმენტური ფილმით, სადაც ასომთავრული წარწერები და ძველი ხელნაწერები თვალწინ გაცოცხლდა. ეპიგრაფიკული წარწერები ტაძრების ისტორიას ყვებოდნენ.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მათზე შემოქმედებითმა დავალებამ მოახდინა. თითოეულს უნდა შეექმნა ხელნაწერი ძველი ქართული დამწერლობით და სიძველის იერი მიეცათ.   

მარი მასწავლებელმა სიყვარულით აღნიშნა:,,როცა ნამუშევრების წარდგენის დრო დადგა, კლასის მერხები პატარა საგანძურად გადაიქცა. თითოეულ ფურცელზე ჩანდა ბავშვური სიზუსტე, გულისხმიერი დამოკიდებულება არა მხოლოდ დავალების, არამედ საკუთარი ენისა და კულტურის მიმართ. ეს იყო გაცოცხლებული ისტორია, ასომთავრულად ჩაწერილი სიყვარული - საკუთარი ფესვების, ენისა და წინაპრების პატივისცემისა. ბავშვები უთქმელადაც გრძნობდნენ, რომ ასომთავრული მხოლოდ წარსულის ნაწილი კი არა, სიტყვის წმინდა სახეა, რომელიც ახლაც გვაჩვენებს ქართულ სულს. აკი, იაკობ გოგებასვილიც ამბობდა, ენა არის სარკე, სადაც ერი თავის სულს იცნობსო.“