სიახლეები

Arrow Down Icon
Image 02 დეკემბერი 2025 წელი

ერთმანეთზე ზრუნვასიკეთის კეთება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სიცოცხლეს ფასი ეკარგება.  სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა, რაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.  რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. ქეთევან ჭილაშვილის „პატარა კალათა“ მეგობრების სიყვარულითაა სავსე.ვისაუბრეთ მეგობრობაზე და სიკეთეზე.  აღვნიშნეთ, რომ „სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუსაც ესმის და ბრმაც ხედავს“.მთავარია, სიკეთე ისე ვაკეთოთ, რომ „ერთი მუჭა ბზის ფასი არ გახდეს“…მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს, მარცხენა რას აკეთებს… აი, ესაა მთავარი.  თორემ, ტყუილად არ უთქვამთ: „დაყვედრებული ლუკმა ძაღლმაც არ შეჭამაო“.   ბევრი ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ.ავამეტყველეთ, გაპიროვნების ხერხით, ღრუბელი და მზე და დავახასიათეთ კიკნა ბიჭი.საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გამოვიდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ქეთი დევნოზაშვილთან ერთად. კიკნა ბიჭის მსგავსად,ჩვენც ერთმანეთის სიყვარულით სავსე კალათა შევქმენით.    — წერს მე-2ა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლეილა თვალაბეიშვილი.

სრულად
Image 08 დეკემბერი 2025 წელი

2025 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან (მარინა ტოხიშვილი) და დამრიგებელთან (თამუნა ლაცაბიძე) ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  , რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავია საქართველოში. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი  , რომელშიც სხვადასხვა საუკუნის ნიმუშია გამოფენილი. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მოქვის ოთხთავმა  , რომელიც გამორჩეულია სახარებებს შორის თავისი გაფორმებითა და მინიატურების სიმრავლით. ხელნაწერები შესრულებულია საოცრად ლამაზი ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით  , რაც მეტ ხიბლს სძენს თითოეულ მათგანს. მათ გაოცება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ დღეისთვის ცნობილია თერთმეტი ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ცენტრში სტუმრობის მიზანი იყო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძურის გაცნობა მოსწავლეებისთვის, რაც, თავისთავად, ეროვნული ღირსების შეგნებას ამაღლებს და სიამაყით ათქმევინებს, რომ ის ქართველია, საოცარი ისტორიის მქონე ერის შვილი!

სრულად
Image 06 დეკემბერი 2025 წელი

მალიორკაზე, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სპორტულ ცენტრში — რაფაელ ნადალის აკადემიაში — გამართულ ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატზე „TenPro Global Junior Tour“, ჩვენი სკოლის მოსწავლემ ანასტასია ტვილდიანმა გამორჩეული შედეგი აჩვენა!   ანასტასიამ მონაწილეობა მიიღო ორ ასაკობრივ კატეგორიაში — U14 და U16 — და ორივეში პირველი ადგილი მოიპოვა! ის სამშობლოში ორი თასით დაბრუნდა — ეს გამარჯვება კი ნათლად უსვამს ხაზს მის პროფესიონალიზმს, დაუღალავ შრომას, ნიჭსა და შეუპოვრობას.   ვულოცავთ ანასტასიას და მის ოჯახს ამ ბრწყინვალე წარმატებას და უსაზღვროდ ვამაყობთ მისი მიღწევებით!   

სრულად
Image 03 დეკემბერი 2025 წელი

მე-6ა კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებელთან და დამრიგებელთან — ანა ხელაიასთან ერთად ეწვივნენ კინოთეატრს და უყურეს ანიმაციურ ფილმს „ზოოტოპია 2“ ინგლისურ ენაზე. ფილმის ინგლისურად ნახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის — იგი ავითარებს მოსმენისა და საუბრის უნარებს, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და კიდევ უფრო ამაღლებს მოტივაციას უცხო ენის შესწავლის მიმართ. „ზოოტოპია 2“ თავისი თემატიკითა და თანამედროვე, ინტერაქტიული სიუჟეტით ეფექტურად აერთიანებს გართობასა და სწავლას, რის შედეგადაც ბავშვებმა მიიღეს როგორც ემოციურად სასიამოვნო, ისე შემეცნებითი გამოცდილება. მსგავსი აქტივობები ქმნის მეგობრულ, გუნდურ და პოზიტიურ საგანმანათლებლო გარემოს, ხოლო კლასს აძლევს შესაძლებლობას გაერთიანდეს საერთო გამოცდილების გარშემო. სასიამოვნოა, რომ სწავლა საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთაც საინტერესოდ და ნაყოფიერად გრძელდება!

სრულად
Image 02 დეკემბერი 2025 წელი

გეოგრაფიის გაკვეთილზე VIII კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი — მზია მელივა) განახორციელეს შემოქმედებითი და კვლევითი პროექტი, რომელიც ჰილეებსა და ამაზონის ტროპიკულ ტყეებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა შეისწავლეს: ჰილეების ფორმირება, კლიმატი და ბიომრავალფეროვნება ამაზონის ტყეების გეოგრაფიული მდებარეობა და ეკოლოგიური მნიშვნელობა საფრთხეები, რომლებიც დღეს ამ უნიკალურ ეკოსისტემებს ემუქრება სამუშაო პროცესში მოსწავლეებმა მოიძიეს ფოტო და ვიდეომასალა, სამეცნიერო სტატიები, რუკები, მოამზადეს მაკეტები და გააკეთეს პრეზენტაციები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა შეადგინეს მოკლე ანალიზი — რატომ არის ეს ეკოსისტემები მნიშვნელოვანი დედამიწისთვის და რა როლს ასრულებს მათი დაცვა. საბოლოოდ მიიღეს საგანმანათლებლო და ვიზუალურად გამორჩეული პროდუქტები, რომლებიც ასახავს მათ კვლევასა და შემოქმედებით შრომას. ვულოცავთ VIII კლასელებს ნაყოფიერ და შთამაგონებელ მუშაობას!

სრულად
Image 01 დეკემბერი 2025 წელი

ჩვენი სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლებთან შეხვედრებს — ეს არის ტრადიცია, რომლის დროსაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გაესაუბრონ, მოუსმინონ რეალურ ისტორიებს და უკეთ გაიგონ, როგორ გზას გადიან ადამიანები წარმატებისკენ. ასეთი შეხვედრები ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება, თუმცა დღევანდელი მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. დიდი სიხარულია, როცა სკოლის კედლებში მასპინძლობ პიროვნებებს, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი. ამჯერად კი სტუმრად არა უბრალოდ მშობელი, არამედ ჩვენი მოსწავლეების ბაბუა გვესტუმრა. ადამიანი, რომლის თავდაუზოგავმა შრომამ და ლიდერობამ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ეტაპი შექმნა. ქართული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა, თბილისის „დინამოს” ლეგენდარული კაპიტანი,ბატონი ალექსანდრე ჩივაძე, სიხარულით შეხვდა ბავშვებს და მათ საკუთარი გამოცდილება და უნიკალური მოგონებები გაუზიარა. ბატონ ალექსანდრესთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ მისი დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები — ოთარ გაბელია და თენგიზ სულაქველიძე. სამივე მათგანი ქართული სპორტის სიმბოლოა. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მთელი თაობის სპორტულ კულტურაში დატოვეს წარუშლელი კვალი. შეხვედრის განმავლობაში ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები იმდროინდელი თბილისის „დინამოს” შესახებ — როგორი იყო იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, როგორი შრომა და პასუხისმგებლობა სჭირდებოდა წარმატებამდე მისვლას და თბილისის „დინამოს” ფორმის ტარებას. სტუმრებმა სიყვარულით, სიმშვიდითა და იუმორით გაიხსენეს ისტორიები დიდებული ეპოქიდან, რომელიც დღეს ნაკლებად ახსოვს ახალ თაობას, მაგრამ ქართული სპორტისთვის საამაყო და განუმეორებელი პერიოდია. ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებს მათი მოგონებები თანაგუნდელებზე, მწვრთნელებზე, დაუვიწყარ მატჩებსა და ემოციებზე.ბავშვებმა უამრავი კითხვა დასვეს ვარჯიშებზე, სირთულეებზე, გამარჯვებებზე, იმ დიდ გუნდზე, რომელმაც ევროპის ყურადღებაც კი მიიპყრო და ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხი მიიღეს. შეხვედრა თბილ და მხიარულ გარემოში გაიმართა. ფეხბურთელებმა ბავშვებს ფოტოებზე, მაისურებსა და ბურთებზე ავტოგრაფები დაუტოვეს და თითოეულს კიდევ ერთი განსაკუთრებული, ძალიან ძვირფასი მოგონება აჩუქეს.ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მასშტაბის ადამიანებს, ასეთი კეთილშობილი ენერგიის მატარებელ პიროვნებებს ვუმასპინძლეთ. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს, ოთარ გაბელიასა და თენგიზ სულაქველიძეს სიახლოვისა და გულწრფელობისთვის. იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული ცოდნა, არამედ შთაგონებაც დაუტოვეს — იბრძოლონ, იმუშაონ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და არასდროს დანებდნენ. ეს დღე დიდხანს დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში და ჩვენი მოსწავლეების გულებში.

სრულად
Image 01 დეკემბერი 2025 წელი

25 ნოემბერს 8კლასის მოსწავლეებმა გამართეს სასწავლო და შთამაგონებელი ვიზიტი გალერეა „ბაიაში“. ვიზიტს უძღვებოდნენ ჩვენი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები — ქეთევან დევნოზაშვილი და ნინო ცარციძე, ასევე კლასის დამრიგებელი — ირინე კვანჭიანი.    მოსწავლეებმა გულდასმით დაათვალიერეს გამოფენის ექსპონატები, გაეცნენ სხვადასხვა მხატვრულ ტექნიკას და მასალებს, იმსჯელეს კომპოზიციისა და ფერის ფუნქციებზე. პირისპირ გაცნობა ნამუშევრებთან მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ტექნიკისა და სტილის აღქმაში, არამედ კრიტიკული მსჯელობისა და შემოქმედებითი დისკუსიის განვითარებაში.    დიდი მადლობა გალერეა „ბაიას“ გუნდს პროფესიული მიღებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასწავლებლებსა და დამრიგებელს — თქვენი ჩართულობა ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.

სრულად
Image 30 ნოემბერი 2025 წელი

2025 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VIIბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.    ქართული დამწერლობის სახეების შესწავლისა და სხვადასხვა ხელნაწერი ტექსტის გაცნობის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტოხიშვილმა დამრიგებელ თათია მხეიძესთან ერთად გადაწყვიტა მოსწავლეების წაყვანა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ხელნაწერი წიგნებისა თუ მათი ფრაგმენტების სანახავად.    დიდ დარბაზში ხელოვნური განათებით გაბრწყინებული ხელნაწერები მოსწავლეებს იდუმალ გარემოს უქმნის და დათვალიერების სურვილს აღუძრავს. თითოეული მათგანი სულგანაბული უსმენს ცენტრის თანამშრომელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურს აცნობს მათ და სიამაყით განაწყობს.   მოსწავლეებისთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის ხელით მოხაზული მრგვალი და ლამაზი ასოების ნახვა, დაით გურამიშვილის "დავითიანის" გადაშლა, ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის (ფაზლის) აწყობა.    იცნობდე შენი ქვეყნის საგანძურს - ვალდებულებაა!გაუფრთხილდე წინაპართა ნაშრომს - პასუხისმგებლობა!

სრულად
Image 30 ნოემბერი 2025 წელი

მეორე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ანა ხელაიასთან და ეთო აფციაურთან ერთად, ესტუმრნენ “თბილისის ციფრულ სივრცეს”. დღე ბავშვებისთვის ნამდვილ საოცრებათა სამყაროში მოგზაურობად იქცა — სავსე აღმოჩენებით, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით. წყალქვეშა სამყაროს აღმოჩენამოსწავლეებმა ვიდეოპროექციების დახმარებით იმოგზაურეს ზღვის სიღრმეებში, დააკვირდნენ ზღვის ბინადრებს, მათ გარემოსა და ფერად სამყაროს. თანამედროვე ციფრულმა ვიზუალმა ბავშვები არა მხოლოდ გაახალისა, არამედ ცოდნითაც გაამდიდრა. სარკეების ოთახი — უსასრულო სამყაროს საოცრებაშემდეგ ბავშვები სარკეებით გაღრმავებულ, შუქებითა და ფერებით გაჯერებულ სივრცეში აღმოჩნდნენ, სადაც ბევრი საინტერესო ფოტო გადაიღეს და დაუვიწყარი წუთები გაატარეს. ეს იყო გარემო, რომელიც მათ წარმოსახვას განსაკუთრებულად აღვიძებდა. ვაჟა-ფშაველას „ხმელ წიფელთან“ შეხვედრადასასრულს მოსწავლეებმა ციფრულ ფორმატში ნახეს ვაჟა-ფშაველას ცნობილი მოთხრობა „ხმელი წიფელი“. ამ ფორმატმა მათ მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კიდევ უფრო ღრმად ჩაეხედათ ქართული ლიტერატურის სამყაროში. მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და ზოგადი ცნობიერების განვითარებას. ჩვენი მიზანია, რომ სწავლა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი — სწორედ ისეთი, როგორიც ეს დღე იყო! 

სრულად
Image 29 ნოემბერი 2025 წელი

მშობლის ჩართულობა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა! სიხარულით გიზიარებთ, რომ 2025–2026 სასწავლო წელს პირველად გვესტუმრა 3ა და 4ა კლასების მოსწავლეების მშობელი ქალბატონი თამარ კამხაძე, რომელმაც ბავშვებისთვის საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა თემაზე: „რა არის ინტერნეტი?“ შეხვედრა დაიწყო შეკითხვით: „რა არის ინტერნეტი?“ ბავშვებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და ჩართულობაც მაშინვე გაიზარდა. ქალბატონმა თამარმა საინტერესოდ მოუთხრო ინტერნეტის შექმნისა და გავრცელების ისტორია, რატომ გაჩნდა ეს ტექნოლოგია და რისთვის გამოიყენებენ მას დღეს.განიხილეს ინტერნეტის სახეები და წყაროები , როგორ მივდივართ ინტერნეტამდე და როგორ მუშაობს იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში.შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ონლაინ უსაფრთხოებას. ბავშვებმა გაიგეს, რატომ არ უნდა უპასუხონ უცხო ადამიანებს ინტერნეტში, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი მონაცემები და რატომ არის პირადი ინფორმაციის გაზიარება სარისკო. ბავშვები ძალიან აქტიურები იყვნენ . ერთ-ერთმა მონაწილემ კი თქვა, რომ „ვიღაცამ ,,აიქლაუდის" კოდი მთხოვა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს საშიში იყო და დავბლოკეო“.  ეს უკვე ძალიან კარგი მაგალითია, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს თემებზე საუბარი! მადლობა ქალბატონ თამარ კამხაძეს საინტერესო, სახალისო და სასარგებლო შეხვედრისთვის! ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც მშობლები ჩვენი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ბავშვებს.

სრულად