მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
23 დეკემბერი 2025 წელი

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე დაფუძნებული სპექტაკლი „სათაგური“ წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სტუდია „რამპას“ პატარა მსახიობებმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „სათაგური“ წარმოადგინეს. დადგმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იყო აგებული და ერთი კონკრეტული მოთხრობით არ შემოიფარგლებოდა - იგი დიდი მწერლის პოეზიასაც მოიცავდა.

მსახიობები საოცარი ოსტატობით განასახიერებდნენ თავიანთ როლებს. სცენაზე ნათლად იგრძნობოდა, რომ თითოეულ მათგანს როლი არა მხოლოდ ნასწავლი, არამედ შინაგანად განცდილი ჰქონდა, რასაც მათი ბუნებრივი არტისტიზმიც ამყარებდა. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეზიარო, დიდი ბედნიერებაა, ხოლო სცენაზე მისი პერსონაჟების გაცოცხლება შეძლო - უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც პატარა მსახიობებმა ღირსეულად გაართვეს თავი.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ მარი თაბაგარი,
პროდიუსერი - ლალი მელივა,
მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური,
ქორეოგრაფი - ნათია ხუჭუა.

სცენიდან ისმოდა სიტყვები: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“. სწორედ ეს „ღმერთები“ ისხდნენ დარბაზში - მშობლები, რომელთა თვალებში სიამაყე და სიყვარული ერთად ბრწყინავდა, როცა თავიანთი შვილების ნიჭს ადევნებდნენ თვალს.  

სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე - მამა სპირიდონ მუმლაძე, რომელმაც დალოცა პატარა მსახიობები და ბედნიერი ახალი წელი უსურვა.

დაე, სიკეთე და ბედნიერება არასოდეს მოშლოდეს მთელი მსოფლიოს ბავშვებს.