სიახლეები

Arrow Down Icon
Image 20 თებერვალი 2026 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 2026 წლის 18 თებერვალს XI კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ლალი მელივა. მასწავლებელმა მარინა ტოხიშვილმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. გაკვეთილის მსვლელობისას თანდათან გამოიკვეთა მთავარი საკითხები. იმსჯელეს პირფერობაზე, უსაქმურობასა და სიზარმაცეზე, განათლებასა და სამართლიანობაზე. საინტერესო აღმოჩნდა მსჯელობა მოსაზრებაზე ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო". განიხილეს ილიას პუბლიცისტიკა, პატრიოტიზმი, პოეტისა და პოეზიის დანიშნულება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილიას დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრების გზაზე, საზოგადოების წევრთა შორის ხიდჩატეხილობასა და გაუცხოებაზე. საკითხები დაუკავშირეს დღევანდელობას და იმსჯელეს თიოეულის აქტუალობაზე XXI საუკკუნეში. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ილიას გზა გზაა უფლის, სამართლიანობის, ადამიანური ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულის; რომ ენის, მამულისა და სარწმუნოების დაცვა ახლა მათი ვალი და პასუხისმგებლობაა.

სრულად
Image 09 თებერვალი 2026 წელი

წიგნის კითხვის კვირეულმა ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მასშტაბი და სულიერი მნიშვნელობა შეიძინა. მართალია, მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას პერიოდულად გაკვეთილებზეც კითხულობენ და განიხილავენ, მაგრამ წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული (განსაკუთრებით კი 4 თებერვალი) ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ეს ხომ დღეა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ერთ დიდ იდეას აერთიანებს: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“. „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის,“ - ამბობდა გოდერძი ჩოხელი. სწორედ ამ სიტყვების ცოცხალ გაგრძელებად იქცნენ ჩვენი მოსწავლეებიც: ისინი თითქოს თავად იყვნენ მოთხრობების პერსონაჟები და წიგნებს კიდევ უფრო დიდი გულისყურით მიუსხდნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარი თაბაგარმა, თითოეულ კლასში თემატურად გაანაწილა მხატვრული ლიტერატურა, რათა კითხვის პროცესი ასაკთან და ინტერესებთან თანხვედრაში ყოფილიყო:  IIIა კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრები გაიხსენეს და კიდევ ერთხელ იზეიმეს სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე - იმ მარადიული ჭეშმარიტების, რომელსაც ბავშვური გულწრფელობითა და რწმენით ეზიარებიან. VIბ კლასის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს ჩაუღრმავდნენ - დაახასიათეს საოცარი პერსონაჟები, ისაუბრეს მათ შინაგან ბრძოლაზე; გაიმართა დისკუსია, სადაც აზრი აზრს მოსდევდა, ეხმიანებოდა. VIIა კლასში საპროგრამო მასალა (ერთი თავი) მგელსა და არწივზე სამეცნიერო და მხატვრულ ტექსტებს მოიცავს, ამიტომაც ვაჟა-ფშაველას „ამოდის, ნათდება“ განსაკუთრებით თემატური აღმოჩნდა. ბავშვებმა ბებერ ტოტიას ტკივილი იგრძნეს, მგლების ცხოვრების მცირე ეპიზოდში კი დაინახეს, როგორ ებღაუჭება გაჭირვებაში ადამიანი თუ ნებისმიერი სულიერი მცირე იმედს, რა მძიმეა მისი დაკარგვა და როგორ ცოცხლდება სამყარო მაშინ, როცა მზე კვლავ „ამოდის, ნათდება“. VIIIა კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთი თავი ქართული ლირიკის გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. ხოლო 4 თებერვალს მოსწავლეები მურმან ლებანიძის კრებულებს მიუსხდნენ და საკლასო ოთახი მისი პოეზიის სიღრმითა და ემოციით აავსეს: „რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!“ სწორედ სამშობლოს სიყვარულია ის მთავარი ძალა, რომელიც ადამიანს წიგნის სამყაროსკენ უბიძგებს. რადგან სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდება წიგნიერი, განათლებული და მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, ფიქრობენ და სამყაროს უკეთესს ქმნიან.

სრულად
Image 06 თებერვალი 2026 წელი

სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეული შედეგები აჩვენეს საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში. განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით: დაჩი გაგოშიძე – IV კლასი - ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა - ლიდერთა ათეული ნინო ბენდელიანი – II კლასი - ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა - ლიდერთა ათეული ოლიმპიადაში მონაწილეობდა 4000-ზე მეტი მოსწავლე მთელი საქართველოდან, ხოლო გამორჩეული შედეგების მქონე მოსწავლეები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჩვენი მოსწავლეების წარმატება ნათლად აჩვენებს მათ მონდომებას, ცოდნასა და მაღალი დონის მომზადებას. ვულოცავთ ჩვენს პატარა გამარჯვებულებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!

სრულად
Image 04 თებერვალი 2026 წელი

4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილი განსაკუთრებულად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლეილა თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნებზე და ეწვივნენ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას. ბავშვები გაეცვნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს, მოისმინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოები — „წიგნი“, და ერთად დაფიქრდნენ, რატომ არის წიგნი „ყველაზე კარგი მოსაუბრე“ და „მძიმე ტვირთი, ოღონდ ადვილი სატარებელი“.გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით — გამოცანების კითხვითა და ასობგერების სწორად გადანაცვლებით, რამაც კითხვა კიდევ უფრო საინტერესო გახადა. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ  „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა კი — სიბნელე“, „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“, „ცოდნაზე უკეთესი ცისქვეშეთში არაფერია, მას ვერც მოგპარავენ და ვერც წაგართმევენ“, „ცოდნა ხომ თან დასდევს მცოდნელს“. გაკვეთილი მურმან ლებანიძის ლექსით დასრულდა: „არა ასი და ათასი — წიგნს უქცევია კაცად…“

სრულად
Image 03 თებერვალი 2026 წელი

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, 2 თებერვალს მე-5ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი განსაკუთრებულად შემოქმედებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა, მასწავლებელ გვანცა ტალახაძის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს ეკატერინე გაბაშვილის უკვდავი მოთხრობა — „მაგდანას ლურჯა“, რის შემდეგაც სცადეს „წიგნის გაცოცხლება“.ბავშვებმა ნაწარმოებიდან თავად აირჩიეს სცენები და სიტყვების გარეშე, მხოლოდ ჟესტებითა და მიმიკებით, წარმოადგინეს პერსონაჟების ემოციები და განწყობები. აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ღრმად შეიძლება წიგნის განცდა, როცა კითხვა ფანტაზიასა და შემოქმედებითობას ერწყმის. წიგნი ბავშვებისთვის ცოცხლდება მაშინ, როცა ისინი მას გულით კითხულობენ.

სრულად
Image 29 იანვარი 2026 წელი

ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება ყოველთვის დიდი სიხარულის მიზეზია. როცა შრომა, მონდომება და ცოდნის სიყვარული ერთიანდება, შედეგიც განსაკუთრებულია. ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ხულორდავამ, საქართველოს მასშტაბით დააგროვა უმაღლესი ჯამური შეფასება 2025 წლის შემოდგომის სეზონის King’s-ის მათემატიკის ოლიმპიადაში და „თეზერის“ ციფრული ფინანსების ტესტში. ნიკოლოზის წარმატებას საფუძვლად უდევს მისი დიდი მონდომება და შრომა, რასაც თან ახლდა მისი მათემატიკის მასწავლებლის — ეკა ლომინაძისა და დამრიგებლის - ეკა ბიბილურის — გულშემატკივრობა და მხარდაჭერა. გამორჩეული მიღწევისთვის ნიკოლოზს დიპლომთან ერთად საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი. გულითადად ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვამაყობთ და მომავალშიც ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!         

სრულად
Image 28 იანვარი 2026 წელი

მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა ადრეული საუკუნეების მწერლობისა და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს. მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებოდნენ თითოეული ნაწარმოების სიუჟეტურ ქარგას, სვამდნენ გააზრებულ კითხვებს, რომლებიც თანაბრად ეხებოდა როგორც ლიტერატურულ სახეს, ისე ისტორიულ მოვლენებსა და გეოგრაფიულ სივრცეს.სწორედ ამ ინტერესმა შვა ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა. მოსწავლეთა სურვილისამებრ, კლასი სამ ჯგუფად გაიყო: ლიტერატორებად, გეოგრაფებად და ისტორიკოსებად. ნაწარმოებების შესწავლა მრავალმხრივი ხედვით მიმდინარეობდა — ტექსტი ერთდროულად განიხილებოდა როგორც მხატვრული ქმნილება, ისტორიული დოკუმენტი და გეოგრაფიული რუკის ნაწილი. ამ პროცესმა მოსწავლეებს კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახა V–IX საუკუნეების საქართველოს რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა: ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება, კულტურის აღმავლობა, სარწმუნოებისადმი ურყევი ერთგულება, საზღვრებისა და თავისუფლებისათვის გამუდმებული ბრძოლა. ნათლად გამოიკვეთა განათლების გადამწყვეტი მნიშვნელობაც — როგორც სულიერი სიმტკიცის, ისე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საფუძველი. სწავლების მიმდინარეობისას ლიტერატორებს, გეოგრაფებსა და ისტორიკოსებს შორის იმართებოდა დისკუსიები, ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, განსხვავებული ხედვების შეჯერება. თითოეულ ჯგუფთან აქტიურად მუშაობდნენ პედაგოგები: ფილოლოგი მარი თაბაგარი, გეოგრაფი მზია მელივა, ისტორიკოსი ირმა კვანჭიანი, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და საკითხების გააზრებაში უწყობდნენ ხელს. ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეთა შემოქმედებითმა ენერგიამ კონკრეტული სახე მიიღო: შეიქმნა წმინდა შუშანიკისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტი, აბო თბილელის წარმოსახვითი დღიურები და გრიგოლ ხანძთელის ჩანაწერთა წიგნი.სამივე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შესწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები თანაკლასელებისა და მასწავლებლების წინაშე წარადგინეს და ისაუბრეს ტექსტების ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, ისტორიულ ჩანართებსა და მათში მოხსენიებულ გეოგრაფიულ სივრცეებზე. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლალი მელივა. წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა.

სრულად
Image 27 იანვარი 2026 წელი

2026 წლის 27 იანვარი განსაკუთრებული დღეა მთელი საქართველოსთვის — აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი. ეს თარიღი გვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ეროვნული თვითმყოფადობა. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისათვის, რომელიც წმიდა ნინოს სახელს ატარებს. მოციქულთასწორმა წმიდა ნინომ ქრისტეს სარწმუნოება შემოიტანა საქართველოში და სიყვარულით, სიმდაბლითა და ლოცვით შეცვალა ერის ბედი. მისი ღვაწლით მოექცა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, და საქართველომ ქრისტიანული გზა აირჩია. წმიდა ნინო ჩვენთვის არის რწმენის, სიძლიერის, სიკეთისა და მსახურების მაგალითი. იგი გვასწავლის, რომ ერთი ადამიანის გულწრფელ რწმენასა და ერთგულებას შეუძლია დიდი ცვლილებების მოტანა. ნინოობა ჩვენი სკოლისათვის მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის — ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რას ნიშნავს წმიდა ნინოს სახელის ტარება: ვიცხოვროთ სიყვარულით, სიმართლით, ცოდნისკენ სწრაფვით და ერთმანეთის პატივისცემით. ვულოცავთ ნინოობას ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს.დაე, წმიდა ნინოს ლოცვა და მაგალითი მუდამ გვაძლიერებდეს.

სრულად
Image 03 იანვარი 2026 წელი

29 დეკემბერს ჩვენს სკოლაში გაიმართა განსაკუთრებულად მხიარული და ემოციებით სავსე წინა საახალწლო ღონისძიება — „კარნავალი 2026“, რომელიც სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეების ორგანიზებით ჩატარდა და ყველასთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი უკვე დადგა, ამ კარნავალის სითბო, ფერები და ემოციები დღემდე თან გვახლავს. ბავშვების სიხარულმა და ენერგიამ განწყობის ნამდვილი ფეიერვერკი შექმნა. ყველაფერი იყო: წითელი ხალიჩა, ფერადი და კრეატიული სამოსი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, სკეჩები და პაროდიები. თითოეული გამოსვლა გულდასმით მომზადებული იყო და ნათლად წარმოაჩენდა მოსწავლეთა ნიჭს, თავისუფალ ფიქრსა და შემოქმედებით სილაღეს. დარბაზი სავსე იყო სიცილით, აპლოდისმენტებითა და გულწრფელი ემოციებით. ეს ბავშვები ნამდვილად საამაყონი არიან — ნიჭიერები, თამამები, ინიციატივიანები და თაობათა ღირსეული მემკვიდრეები. მათი სითამამე სცენაზე, იდეების მრავალფეროვნება და ერთმანეთის მხარდაჭერა გვაძლევს რწმენას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. რაც მეტად გვახარებს მათი შემოქმედება და სიხარული, მით მეტად გვაგრძნობინებს პასუხისმგებლობასაც — შევუქმნათ მათ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარების და წინსვლის სივრცე.ღონისძიება სკოლის თვითმმართველობის დიდი მონდომებითა და ორგანიზებულობით განხორციელდა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარი იდეების რეალიზება და სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა იმ სიყვარულსა და მადლიერებაში, რომლითაც ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიმბოლური სიგელები გადასცეს — ეს იყო გულწრფელი ემოციისა და ურთიერთპატივისცემის ლამაზი გამოხატულება. ღონისძიებას განსაკუთრებულად ამშვენებდნენ ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული და შემოქმედებითი პედაგოგები, რომლებმაც ბავშვებთან ერთად შექმნეს თავისუფალი, მეგობრული და შთამაგონებელი გარემო. სწორედ ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს სკოლის ერთიანობას და ქმნის თბილ, მხარდამჭერ სასწავლო სივრცეს.„კარნავალი 2026“ უკვე წარსულში დარჩენილი დღეა, თუმცა მისი სიხარული, სიცილი და ბავშვური ნათელი თვალები ახალ წელშიც მოგვყვება. ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ გვიყვარს ჩვენი სკოლა და რატომ არის თითოეული ასეთი შეხვედრა ფასდაუდებელი. გილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო ბავშვებო და კოლეგებო! დაე, ეს სიხარული, შემოქმედებითი მუხტი და გულწრფელი სიყვარული მთელი წლის განმავლობაში თან გდევდეთ.  

სრულად
Image 31 დეკემბერი 2025 წელი

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი შრომის, ძალისხმევისა და შემოქმედების შედეგად სკოლაში 23 დეკემბერს გაიმართა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც დიდი ინტერესი და მხარდაჭერა მოიპოვა. გასაყიდად წარმოდგენილი იყო მშობლების მიერ სიყვარულითა და ზრუნვით მომზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეული, საკვები და მრავალი საშობაო გემრიელობა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენამ, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ საგამოფენო დანიშნულებით იყო წარმოდგენილი, თუმცა დიდი მოწონების შედეგად, ავტორებთან შეთანხმებით მათი გაყიდვაც გადაწყდა. გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა. გადაწყდა, რომ შეგროვილი თანხით დახმარება ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარს გასწეოდა, რადგან დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ხშირად მარტო რჩება. ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარი დაარსებულია დედა ელენეს მიერ — ადამიანური თანაგრძნობის, ქრისტიანული სიყვარულისა და უანგარო მსახურების ნათელი მაგალითის სახით. დედა ელენემ ეს თავშესაფარი შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მარტო დარჩა და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. მისი თავდადებული შრომისა და რწმენის შედეგად, ლაზარეთი დღეს არა მხოლოდ თავშესაფარია, არამედ სითბოს, მზრუნველობისა და ღირსეული ცხოვრების სივრცე მრავალი მოხუცისთვის. 29 დეკემბერს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თავად ესტუმრნენ ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარს. შეგროვილი თანხით მათ შეიძინეს სხვადასხვა საჭირო ნივთი — საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი ტანსაცმელი და სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნები, რომლებიც დიდი სიყვარულითა და ზრუნვით გადაეცათ თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებს. შეხვედრა სავსე იყო ემოციებით. მოხუცების მადლიერება, თბილი სიტყვები და ღიმილი კიდევ ერთხელ გვახსენებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. მოსწავლეებისთვის ეს გამოცდილება ცოცხალი გაკვეთილი გახდა სიკეთეზე, თანაგრძნობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. საშობაო გამოფენა-გაყიდვა მხოლოდ თანხის შეგროვება არ ყოფილა — ეს იყო ერთიანობის, ურთიერთდახმარებისა და ადამიანური ღირებულებების გამოხატულება. ჩვენი სკოლა ამაყობს იმით, რომ ასეთ ინიციატივებში აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებსაც. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში. ერთად გაკეთებული სიკეთე ყველაზე ლამაზ საჩუქრად იქცა როგორც ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებისთვის, ისე ჩვენი სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის.

სრულად