30 იანვარს თეატრალური დასი ,,რამპა", სპექტაკლით ,,ჰელადოსი", წარსდგა ბაკურიანში თეატრალურ ფესტივალზე, საიდანაც შთაბეჭდილებების გარდა, რვა ნომინაციაც წამოიღო. ეს იყო დიდი ღელვა და განცდა, რადგან პრემიერა ყოველთვის ჰგავს პირველ აღსარებას, რომელიც გულიდან ამოდის და არ იცი, როგორ მიიღებენ.
თუმცა ნამდვილი გამოცდა წინ იყო...
13 თებერვალს თეატრალებმა ახალი პასუხისმგებლობა და გამოწვევა მიიღეს. სპექტაკლი ყველაზე კრიტიკული შემფასებლების - თანატოლებისა და მშობლებისთვის წარედგინათ. კიდევ უფრო ემოციის მომტანი იყო ის, რომ სპექტაკლს პატივსაცემი სტუმრებიც უნდა დასწრებოდნენ - ქალბატონი ქეთი დუმბაძე და მანონ ბულესკირია.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი აღნიშნავს:
,,ხმის ოპერატორის პულტთან მჯდომი, ზურგით მაყურებლისკენ, სცენას თვალს არ ვაშორებდი. მაშინ, როცა ჯემალი ელენა მიხაილოვნას ლოდინში აკვარიუმს შენიშნავს და თევზებს მიუალერსებს, პირველად გავაპარე მზერა ახარხარებული მაყურებლისკენ. მეორედ კი - ატირებული ჯემალი რომ დეიდა ნინას იანგულის დაბრუნებას აუწყებს. დარბაზში იდგა სიჩუმე, ცრემლის მომასწავებელი და წინამძღოლი. ამ სიცილსა და ცრემლში დაიბადა ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება - სპექტაკლი შედგა".
ქალბატონი ქეთი დუმბაძე ჩვეული სიყვარულით მოეფერა პატარა მსახიობებს. გაიხსენა მამა და ,,ჰელადოსის" შექმნის ისტორია. მის ხმაში ირეკლებოდა ბავშვობის ბედნიერი წლების მონატრებაცა და მამისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც. ან კი რა გასაკვირია, ჩვენც ხომ ასე გვიყვარს მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომლის ყოველი ნაწარმოები ქართული ლიტერატურის განძია.
სიყვარულითვე მიმართა ბავშვებს პოეტმა და მხატვარმა მანონ ბულესკირიამ. მის სიტყვებში ანათებდა სოხუმის მზე - თბილი, ნაზი, ოდნავ სევდიანი. თითქოს სცენაზე მხოლოდ სპექტაკლი კი არა, წარსული გაცოცხლდა.
მადლობა ჩვენს ძვირფას სტუმრებს ამ ლამაზი დღისთვის!