დიდი მარხვის ამ სულიერ გზაზე, ჩვენი სკოლის ტრადიციული ერთობისა და სულიერი გაძლიერების მიზნით, დღეს ჩვენი სკოლის კედლებში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო აღესრულა.
ლოცვითი კანონი ჩვენმა მოძღვარმა, მამა სპირიდონ მუმლაძემ აღავლინა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ერთსულოვნად, მოკრძალებითა და რწმენით იდგნენ ლოცვაზე ჩვენი მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად.
რა არის ზეთისცხების საიდუმლო?
ეს არის განსაკუთრებული მსახურება, რომლის დროსაც ნაკურთხი ზეთის ცხებით მორწმუნე ადამიანი იღებს საღვთო მადლს. იგი კურნავს სულიერ და ფიზიკურ უძლურებებს, გვანიჭებს ცოდვათა მიტევებას.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებდა:
„დიდი მეცნიერი და ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება - მცირე და დიდი; მცირე გონება - ეს არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება - ეს არის სული. სწორედ ამიტომ ამბობს სოლომონ ბრძენი: „ღმერთო, მომეცი მე გული გონიერი!“ როცა ადამიანს გააჩნია გული გონიერი, იგი სხვებზე უფრო მეტს ხედავს. დღეს ჩვენ მოვედით ამ წმინდა ტაძარში, რათა შევთხოვოთ უფალს გული გონიერი, სული და ხორცი - ჯანსაღი... თავმდაბლად უნდა მივეახლოთ ამ საიდუმლოს და აუცილებლად 7-გზის უნდა ვიცხოთ წმინდა ზეთი და უფალი მოგვანიჭებს ჯანსაღ სულსა და ხორცს.“
გვიხარია, რომ ჩვენს სასკოლო სივრცეში გვაქვს შესაძლებლობა, ერთად დავდგეთ ლოცვაზე, განვიწმინდოთ სული და ასეთი შინაგანი მშვიდობით შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას. გვწამს, რომ სწორედ სულიერი სიმშვიდეა ის საძირკველი, რომელზეც ჩვენი შვილების მომავალი უნდა აშენდეს.
მადლობას ვუხდით მამა სპირიდონს მზრუნველობისა და დალოცვისთვის.
უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!