მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 აპრილი 2026 წელი

პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი გალობა სიონში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეები განსაკუთრებული მღელვარებით ესალმებოდნენ ერგმანეთს, თავსაბურავს უსწორებდნენ და საგალობლების ტექსტებს იმეორებდნენ. ამ ყველაფერს კი დიდი მოწიწება და იდუმალი სევდა ახლდა თან. ეს სევდა მდუმარებაში გადაიზარდა და სიონის საკათედრო ტაძრამდე თანამგზავრად გაჰყვა გოგონათა ფოლკლორულ გუნდ ,,იაკამს", მის ხელმძღვანელს - ნინო ბიბილურს, მასწავლებლებს ელა კვარაცხელიას, გუგა ბენდელიანსა და მარი თაბაგარს, სკოლის დირექტორ ლალი მელივას, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თამთა ბუჩუკურსა და ქეთევან ვაჩიბერიძეს.

ამ მოწიწებითა და პატივისცემით მიეახლნენ მოსწავლეები იმ ადამიანის საფლავს, რომლის სიტყვაცა და ლოცვაც მრავალი თაობისთვის გზის მანათობელი იყო, რომელმაც შექმნა ეპოქა, სადაც მხრებით ატარა საბჭოთა უღმერთობის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი განვითარების წლები.
,,იაკამის" წევრები მოკრძალებით მიეახლნენ პატრიარქის საფლავს, რომელიც ჯერ ყვავილებით შეამკეს, შემდეგ მუხლი მოიყარეს და ეამბორნენ.

მამა გიორგი ნადარეიშვილმა პანაშვიდი გადაიხადა საფლავთან, ,,იაკამის " გუნდი კი ხმაშეწყობილი გალობით ახმიანებდა სიონის ტაძარში პატრიარქის მიერ შექმნილ თუ სხვა საგალობლებს. ხმები ნაზად ერწყმოდა ერთმანეთს — სუფთა, გულწრფელი და ღრმა ემოცია ავსებდა გულებს და როცა პანაშვიდი დასრულდა და გუნდმა ,,ჩემო პატრიარქო" იგალობა, მსმენელთა, მომლოცველთა თვალებში წმინდა და გულწრფელი ცრემლი აკიაფდა. ეს არ იყო მხოლოდ გალობა. ეს იყო მადლიერება, დიდი სიყვარული და პატივისცემა ახლადშესვენებული პატრიარქის მიმართ. მამა სვიმეონ დათუკიშვილმა დალოცა მგალობლები და ტაძარიც განსაკუთრებულმა სიმშვიდემ მოიცვა.

ეს იყო იმ ღირებულებასთან ზიარება, რომელიც ადამიანს მარადიული ემოციით ავსებს. უკან გამობრუნებულებს საოცარი შეგრძნება თან გამოჰყვათ - პატრიარქისგან დალოცვის, უხილავი კურთხევისა და დიდი რწმენის!