მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 თებერვალი 2026 წელი

ვულკანები, გეიზერები და შემოქმედებითი სწავლა – მე-7 კლასის საინტერესო გაკვეთილი გეოგრაფიაში

ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე გაეცნენ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და ძლიერ ბუნებრივ მოვლენებს – ვულკანებსა და გეიზერებს. მათ იმსჯელეს, როგორ წარმოიქმნება ვულკანი, რა იწვევს ამოფრქვევას, რა განსხვავებაა აქტიურ, ჩამქრალ და მიძინებულ ვულკანებს შორის და რა როლი აქვს ამ პროცესებს დედამიწის რელიეფის ფორმირებაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში ცნობილ გეიზერს – Old Faithful, რომელიც მდებარეობს Yellowstone National Park-ში და ცნობილია თავისი რეგულარული ამოფრქვევით. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მუშაობს გეიზერი, რა პირობებია საჭირო მის წარმოსაქმნელად და რატომ არის იგი უნიკალური ბუნებრივი მოვლენა.

გაკვეთილზე ასევე იმსჯელეს, როგორ იყენებს ადამიანი გეოთერმულ ენერგიას თანამედროვე სამყაროში:

  • ელექტროენერგიის წარმოებაში
  • საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების გათბობაში
  • სათბურ მეურნეობაში
  • სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტებზე

თემის უკეთ გასაგებად და ცოდნის გასაღრმავებლად მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საკუთარი ხელით შექმნილმა ვულკანისა და გეიზერის მაკეტებმა, რომლებიც მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ როგორც ვირტუალურად, ისე ხელოვნურად შექმნილი მოდელების საშუალებით. მათ შეძლეს ბუნებრივი პროცესების თვალსაჩინოდ და შემოქმედებითად წარმოჩენა.

ამ აქტივობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ და განევითარებინათ კვლევითი, შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარები.  

სწავლა ყველაზე შედეგიანია მაშინ, როდესაც ცოდნა ინტერესსა და შემოქმედებითობას ერწყმის!