22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში III კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს. ქართული ენისა და ბუნების მასწავლებლები მარი თაბაგარი და ნათია ხუჭუა მათ დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების გაფრთხილებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ესაუბრნენ - დედამიწა ჩვენი სახლია, ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლე ყვავის და რომ მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
ბავშვებმა შექმნეს ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები. ზოგიერთმა დედამიწა აამეტყველა, ზოგი კი მიეფერა და დედას შეადარა. მერე თავიანთი ჩანაწერები თემატური ილუსტრაციითაც გააფორმეს და თანაკლასელებს გააცნეს.
მათი ფუსფუსი და საქმიანი ჟრიამული ნამდვილად იყო დასტური იმისა, რომ ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს" და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე: ,,იზრუნე დედამიწაზე და დედამიწა იზრუნებს შენზე, გაანადგურე დედამიწა და ისიც გაგანადგურებს!"
ამ ბავშვებმა ძალიან კარგად იციან, რომ განსაკუთრებულად საყვარელი და გასაფრთხილებელია ყველაფერი ის, რასაც სიტყვა დედა ამშვენებს და ალამაზებს.
დედამიწავ, გვიყვარხარ და გაგიფრთხილდებით! - ესაა III კლასელების გზავნილი.