მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 თებერვალი 2026 წელი

წიგნის კითხვის კვირეული წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

წიგნის კითხვის კვირეულმა ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული მასშტაბი და სულიერი მნიშვნელობა შეიძინა. მართალია, მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას პერიოდულად გაკვეთილებზეც კითხულობენ და განიხილავენ, მაგრამ წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული (განსაკუთრებით კი 4 თებერვალი) ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ეს ხომ დღეა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ერთ დიდ იდეას აერთიანებს:

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის,“ - ამბობდა გოდერძი ჩოხელი.

სწორედ ამ სიტყვების ცოცხალ გაგრძელებად იქცნენ ჩვენი მოსწავლეებიც: ისინი თითქოს თავად იყვნენ მოთხრობების პერსონაჟები და წიგნებს კიდევ უფრო დიდი გულისყურით მიუსხდნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარი თაბაგარმა, თითოეულ კლასში თემატურად გაანაწილა მხატვრული ლიტერატურა, რათა კითხვის პროცესი ასაკთან და ინტერესებთან თანხვედრაში ყოფილიყო:
 

  • IIIა კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრები გაიხსენეს და კიდევ ერთხელ იზეიმეს სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე - იმ მარადიული ჭეშმარიტების, რომელსაც ბავშვური გულწრფელობითა და რწმენით ეზიარებიან.
  • VIბ კლასის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს ჩაუღრმავდნენ - დაახასიათეს საოცარი პერსონაჟები, ისაუბრეს მათ შინაგან ბრძოლაზე; გაიმართა დისკუსია, სადაც აზრი აზრს მოსდევდა, ეხმიანებოდა.
  • VIIა კლასში საპროგრამო მასალა (ერთი თავი) მგელსა და არწივზე სამეცნიერო და მხატვრულ ტექსტებს მოიცავს, ამიტომაც ვაჟა-ფშაველას „ამოდის, ნათდება“ განსაკუთრებით თემატური აღმოჩნდა. ბავშვებმა ბებერ ტოტიას ტკივილი იგრძნეს, მგლების ცხოვრების მცირე ეპიზოდში კი დაინახეს, როგორ ებღაუჭება გაჭირვებაში ადამიანი თუ ნებისმიერი სულიერი მცირე იმედს, რა მძიმეა მისი დაკარგვა და როგორ ცოცხლდება სამყარო მაშინ, როცა მზე კვლავ „ამოდის, ნათდება“.
  • VIIIა კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთი თავი ქართული ლირიკის გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. ხოლო 4 თებერვალს მოსწავლეები მურმან ლებანიძის კრებულებს მიუსხდნენ და საკლასო ოთახი მისი პოეზიის სიღრმითა და ემოციით აავსეს:

„რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!“

სწორედ სამშობლოს სიყვარულია ის მთავარი ძალა, რომელიც ადამიანს წიგნის სამყაროსკენ უბიძგებს. რადგან სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდება წიგნიერი, განათლებული და მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, ფიქრობენ და სამყაროს უკეთესს ქმნიან.