2025 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან (მარინა ტოხიშვილი) და დამრიგებელთან (თამუნა ლაცაბიძე) ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში , რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავია საქართველოში.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი , რომელშიც სხვადასხვა საუკუნის ნიმუშია გამოფენილი. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მოქვის ოთხთავმა , რომელიც გამორჩეულია სახარებებს შორის თავისი გაფორმებითა და მინიატურების სიმრავლით.
ხელნაწერები შესრულებულია საოცრად ლამაზი ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით , რაც მეტ ხიბლს სძენს თითოეულ მათგანს.
მათ გაოცება ვერ დამალეს, როცა გაიგეს, რომ დღეისთვის ცნობილია თერთმეტი ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში.
ცენტრში სტუმრობის მიზანი იყო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძურის გაცნობა მოსწავლეებისთვის, რაც, თავისთავად, ეროვნული ღირსების შეგნებას ამაღლებს და სიამაყით ათქმევინებს, რომ ის ქართველია, საოცარი ისტორიის მქონე ერის შვილი!