ჩვენი სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლებთან შეხვედრებს — ეს არის ტრადიცია, რომლის დროსაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გაესაუბრონ, მოუსმინონ რეალურ ისტორიებს და უკეთ გაიგონ, როგორ გზას გადიან ადამიანები წარმატებისკენ. ასეთი შეხვედრები ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება, თუმცა დღევანდელი მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა.
დიდი სიხარულია, როცა სკოლის კედლებში მასპინძლობ პიროვნებებს, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი. ამჯერად კი სტუმრად არა უბრალოდ მშობელი, არამედ ჩვენი მოსწავლეების ბაბუა გვესტუმრა. ადამიანი, რომლის თავდაუზოგავმა შრომამ და ლიდერობამ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ეტაპი შექმნა. ქართული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა, თბილისის „დინამოს” ლეგენდარული კაპიტანი,ბატონი ალექსანდრე ჩივაძე, სიხარულით შეხვდა ბავშვებს და მათ საკუთარი გამოცდილება და უნიკალური მოგონებები გაუზიარა.
ბატონ ალექსანდრესთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ მისი დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები — ოთარ გაბელია და თენგიზ სულაქველიძე. სამივე მათგანი ქართული სპორტის სიმბოლოა. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მთელი თაობის სპორტულ კულტურაში დატოვეს წარუშლელი კვალი.
შეხვედრის განმავლობაში ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები იმდროინდელი თბილისის „დინამოს” შესახებ — როგორი იყო იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, როგორი შრომა და პასუხისმგებლობა სჭირდებოდა წარმატებამდე მისვლას და თბილისის „დინამოს” ფორმის ტარებას.
სტუმრებმა სიყვარულით, სიმშვიდითა და იუმორით გაიხსენეს ისტორიები დიდებული ეპოქიდან, რომელიც დღეს ნაკლებად ახსოვს ახალ თაობას, მაგრამ ქართული სპორტისთვის საამაყო და განუმეორებელი პერიოდია. ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებს მათი მოგონებები თანაგუნდელებზე, მწვრთნელებზე, დაუვიწყარ მატჩებსა და ემოციებზე.
ბავშვებმა უამრავი კითხვა დასვეს ვარჯიშებზე, სირთულეებზე, გამარჯვებებზე, იმ დიდ გუნდზე, რომელმაც ევროპის ყურადღებაც კი მიიპყრო და ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხი მიიღეს.
შეხვედრა თბილ და მხიარულ გარემოში გაიმართა. ფეხბურთელებმა ბავშვებს ფოტოებზე, მაისურებსა და ბურთებზე ავტოგრაფები დაუტოვეს და თითოეულს კიდევ ერთი განსაკუთრებული, ძალიან ძვირფასი მოგონება აჩუქეს.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მასშტაბის ადამიანებს, ასეთი კეთილშობილი ენერგიის მატარებელ პიროვნებებს ვუმასპინძლეთ.
განსაკუთრებული მადლობა ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს, ოთარ გაბელიასა და თენგიზ სულაქველიძეს სიახლოვისა და გულწრფელობისთვის. იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული ცოდნა, არამედ შთაგონებაც დაუტოვეს — იბრძოლონ, იმუშაონ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და არასდროს დანებდნენ.
ეს დღე დიდხანს დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში და ჩვენი მოსწავლეების გულებში.