მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 ნოემბერი 2025 წელი

ლიტერატურული შეხვედრა მწერალ ნინო ქადაგიძესთან

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარი თაბაგარის მოწვევით, სკოლას მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. იგი შეხვდა III, IV, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეებს.  

საუბარი ჯერ წიგნის სიყვარულს შეეხო – რა ძალა აქვს სიტყვას, როგორ აღვიძებს ლიტერატურა ადამიანსის ლამაზ გრძნობებს და რატომ უნდა დაუბრუნდეს ბავშვი წიგნს ისე, როგორც სახლს უბრუნდება. შემდეგ საუბრის თემა გახდა მწერლის წიგნები - „ცერცვისტოლა ამბები“, „ტყუილების ქვეყანა", ,,ონანა"...  პერსონაჟებზეც ისე ისაუბრეს, თითქოს ისინიც  ბავშვებთან ერთად იქვე, დარბაზში ისხდნენ.

განსაკუთრებული აქტიურობით მე-3 კლასელები გამოირჩეოდნენ. მათ მწერალს წერილებიც მისწერეს და ხატვის მასწავლებელ ნინო ცარციძესთან ერთად შექმნილი  ილუსტრაციებიც გადასცეს.  თითოეული წერილი და ნახატი ბავშვური გულწრფელობით იყო გაჯერებული. გაუჩნდათ უამრავი კითხვა: სიმართლის თქმით მართლა თუ იზრდება ტყუილებით დაპატარავებული ქვეყანა; იმუშავებდა თუ არა ,,ზარმაცების სკოლაში" მასწავლებლად;  რატომ ტირიან ადამიანები და სინამდვილეში რა განსხვავებაა სიხარულისა და დარდის ცრემლებით დაბადებულ ვარსკვლავებს შორის; რაზე იტირა ,,ცრემლების შემგროვებელი ბიჭის" ავტორმა ბოლოს; ჰგავს თუ არა რომელიმე პერსონაჟი თავად ავტორს და ლაპარაკობს თუ არა ღამით მისი სახლი. 

ნინო ქადაგიძე მშვიდად უსმენდა, თბილად პასუხობდა და ისე ხატოვნად აკავშირებდა რეალობასა და ფანტაზიას, რომ ბავშვებს წამითაც არ დაუკარგავთ რწმენა, რომ წიგნებში ყველაფერი შესაძლებელია.

შეხვედრის დასასრულს მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ნინო ქადაგიძის მხატვრული ხერხებით გაჯერებული ლექსები წაიკითხეს და წიგნებზე სამახსოვრო წარწერები და ავტოგრაფებიც მიიღეს. შეხვედრა მეტად თბილი, შემეცნებითი და შთამბეჭდავი იყო.