მე-6 ბ და მე-7 ა კლასის მოსწავლეები თბილისში ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ძეგლს, მწერალთა სახლს ესტუმრნენ. მოდერნისა და ბაროკოს სტილით აღფრთოვანებულები ყურადღებით უსმენდნენ ქალბატონ ანა გოგაძეს, რომელმაც ბავშვებს მოუთხრო იმ სახლის ისტორია, სადაც დავით სარაჯიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი ექვსი წელი გაატარა. კიდევ ბევრი საზოგადო მოღვაწის სახელი უკავშირდება სარაჯიშვილისეულ სახლს, ახლა რომ მწერალთა სახლად ქცეულა და ყოველი კუთხე-კუნჭულით საინტერესო და შთამაგონებელი გამხდარა მნახველისათვის.
მასწავლებლები, მზია მელივა და მარი თაბაგარი, მოსწავლეებს დაპირდნენ, რომ მომავალ წლებშიც ეწვევიან მწერალთა სახლს და რეპრესირებული მწერლების ისტორიაზე ისაუბრებენ. ახლა კი საბას მიერ ტიციანით დაინტერესებამ ცისფერყანწელებისკენ მიაპყრო მათი ყურადღება.
მწერალთა სახლიდან მოსწავლეებმა ორმოცი სებასტელი მოწამის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს. ტაძრის ეზოში მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში მათ თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები იხილეს. თითოეული ნამარხი, არტეფაქტი თუ ნივთი ქალაქის უძველეს ეპოქაზე საუბრობდა.
ბოლოს, გაღმიდან გადმომზირალი მეტეხის ტაძარიც მოილოცეს და შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ სკოლას.
მოსწავლეებისათვის ეს ნამდვილად შთამბეჭდავი და საგანმანათლებლო დღე იყო.