კვირას, 16 ნოემბერს, ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს საქართველოს სულიერ დედაქალაქში — მცხეთაში. ბავშვებმა მოინახულეს სამი უმნიშვნელოვანესი სალოცავი და ისტორიული ძეგლი: სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი და შიომღვიმე.
მოსწავლეებს თან ახლდნენ დამრიგებლები — ეკა ლომინაძე, მარინა ტოხიშვილი და ლიკა სირანაშვილი, რომლებიც სიყვარულითა და მზრუნველობით ახერხებდნენ მთელი დღის პროცესის ორგანიზებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო „ჩვენი საქართველოს“ საგნის მასწავლებელი ჯუბა თომაძე, რომელმაც გიდობა გაუწია ჯგუფს. ჯუბა მასწავლებელმა ბავშვებს განსხვავებული თვალით დაანახვა თითოეული ძეგლის მნიშვნელობა — მოუყვა ბავშებს საინტერესო ისტორიები და ლეგენდები, ყურადღება გაამახვილა საოცარ არქიტექტურულ დეტალებზე და იმ ეპოქის მნიშვნელობაზე. მისი მონათხრობის წყალობით, ექსკურსია მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და შემეცნებითი აღმოჩნდა.
ბავშვებმა სვეტიცხოველში შეიგრძნეს ჩვენი სარწმუნოების ძალა, სამთავროს მონასტერში — სულიერი სიმშვიდე, ხოლო შიომღვიმეში — ბუნებასა და მონასტრის იდუმალ სიჩუმეში გახვეული განსაკუთრებული ატმოსფერო.
დღე დასრულდა თბილი ფოტოებით, სასიამოვნო ემოციებით და ახალი ცოდნით, რომელიც მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ.
ჩვენი სკოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავს გასვლით აქტივობებს — იქ, სადაც სწავლა რეალურ გამოცდილებად იქცევა.