მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 ნოემბერი 2025 წელი

სიტყვის ძალა — მოგზაურობა „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში

,,ვეფხისტყაოსანი“ - ერის საგანძურია და მოსწავლეებიც დიდი მოწიწებით იწყებენ ხოლმე მის კითხვას. დიდ ინტერესს იწვევს ამ გენიალური ნაწარმოების ავტორის ცხოვრების გზაც.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარი თაბაგარი ისევ შოთა რუსთაველზე ალაპარაკდა - კაცზე, რომელმაც საუკუნეებს გადააბიჯა და დღესაც გვასწავლის, რა არის სიყვარული, ერთგულება და სინათლე ადამიანში. სურდა, სწორედ ეს სინათლე დაენახა თითოეული მოსწავლის თვალებში. რადგან სწორედ ამას ფიქრობს: ,,სიტყვას შეუძლია შეცვალოს ადამიანი, გაანათოს გული და გააღვივოს სიკეთის ნაპერწკალი.”  

მოსწავლეები ჩუმად და ინტერესით უსმენდნენ მასწავლებელს. დავალებაც შემოქმედებითი აღმოჩნდა - წარმოედგინათ თავი პოეტ შოთა რუსთაველად და ცხოვრების მიწურულს საკუთარი განვლილი გზა წერილობით შეეჯამებინათ. ფიქრები, მისწრაფებები, შეხედულებები, მიღწეული თუ მიუღწეველი მიზნები ყველასთვის გაეცნოთ. ამისათვის კი შეეძლოთ, აერჩიათ მოთხრობის, დღიურის, მემუარის ფორმა და სტილი. კლასში სიჩუმე ჩამოწვა. სიჩუმე ფიქრს რომ შობს და სიტყვას გასაქანს აძლევს.

ასე დაიწყო ბავშვების საოცარი მოგზაურობა წარსულში, რუსთაველის სამყაროში - სადაც სიტყვა ხმალზე ძლიერია, სიკეთე მარადიულია და სიყვარული, როგორც მზის შუქი, ყველაფერს ალამაზებს.
მოსწავლეების ნამუშევრები, მართლაც, საინტერესო აღმოჩნდა:
 

  • ,,როცა ვწერდი, მინდოდა, ხალხს ესწავლა ერთგულება, სიყვარული და სიკეთე.ჩემთვის დიდება არასდროს ყოფილა მთავარი, მხოლოდ გულწრფელობა და სიბრძნე მიმიძროდა წინ.“
  •  ,,ვწერდი, რადგან მჯეროდა, რომ სიტყვას ადამიანის შეცვლა შეუძლია. ჩეთვის სიკეთე გულწრფელობა და თანაგრძნობაა. ბოროტება კი - გულგრილობა და სიძულვილი“.
  • ,,სიკეთე, ეს დიდი სინათლეა, რომელიც ფერს აძლევს სამყაროს და ადამიანს ცხოვრების ხალისს ანიჭებს. ბოროტება დიდი უფსკრულია, საიდან თავის დაღწევაც რთულდება. გახსოვდეთ, ბოროტება ყოველთვის დამარცხდება. მთავარია, არ დაკარგოთ რწმენა იმისა, რომ ცხოვრება სიყვარულია.“
  • ,,მჯერა, რომ კეთილი სიტყვა ხმალზე ძლიერია. ,,ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ პოემა არაა. იგია სარკე, სადაც ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დაინახოს.“
  • ,,ნამდვილი ძალა სწორედ იმაშია, რომ სიყვარული გასცე და სწორ გზაზე დააყენო ადამიანები.“
  • ,,ფიქრმა არ დამაძინა - ზოგჯერ რატომ არიან ადამიანები კეთილები, ხანაც კი ბოროტები? ორივე ჩვენს გულშია, სიკეთეცა და ბოროტებაც, როგორც შუქი და წყვდიადი. მე მუდამ სინათლის მჯეროდა...“
  • ,,დრო ცვალებადია, სიკეთე კი მარადიული. დათესილი სიკეთე და სიყვარული ქვაზე დადებული მადლივითაა, არ იკარგება.“
  • ,,საღამოა, ფანჯრიდან ლამაზად მოჩანს მზის ჩასვლა. მე კი სიჩუმეში ვზივარ და ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე. ვგრძნობ, რომ ასაკი შემომეპარა, მაგრამ შინაგანად ისევ ის ახალგაზრდა შოთა ვარ, რომელიც მთელი გრძნობით წერდა ,,ვეფხისტყაოსანს“.

ვფიქრობ, ადამიანი მაშინ გქვია, როცა სიკეთეს აკეთებ. მივხვდი, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. მას დიდი ბედნიერების მონიჭებაც შეუძლია და დიდი ტკივილის მოტანაც.

ჩემს წინ სანთელია, რომელიც ნელა იწვის. ვიღებ კალამს და ვწერ:
,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.