მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 ნოემბერი 2025 წელი

„როცა სიტყვა მოქმედებად იქცევა“ — მე-7ა კლასი

როცა მე-7ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარი თაბაგარმა მოსწავლეებს დრამატული ნაწარმოების რაობა და დრამატურგის მოვალეობები განუმარტა, სთხოვა, თვითონაც შეექმნათ პიესა. თუმცა კი მანამდე შადიმან შამანაძის პიესიდან ,,ღია შუშაბანდი“ ნაწყვეტი წაუკითხა. პერსონაჟების დიალოგმა მხიარულება გამოიწვია, ამიტომაც პედაგოგმა კლასი ჯგუფებად დაყო და თითოეულს სთხოვა, რეჟისორობაცა და მსახიობობაც თვითონვე ეტვირთათ.

მეორე დღეს მარი მასწავლებელმა სათანადოდ მომზადებული ბავშვები სკოლის დარბაზში შეიყვანა და სცენა დაუთმო. კომედიური ჟანრი მათთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და უკლებლივ ყველამ შთამბეჭდავი სახე შექმნა.

მარი მასწავლებელი შთაბეჭდილებას ასე გვიზიარებს:
,,ეს იყო ბავშვების ფანტაზიისა და შემოქმედების ზეიმი, მათი ნდობისა და გუნდური, მეგობრული მუშაობის გამოვლინება. როცა წარმოდგენა დასრულდა, ერთმანეთი ტაშით დააჯილდოვეს. ბავშვების თვალებში ბედნიერება და ამაღელვებელი სიამაყე ჩანდა - მათ საკუთარი თავი სცენაზე აღმოაჩინეს და შეიგრძნეს, როგორი საოცარია დრამატული სიტყვის ძალა.

ეს დღე ალბათ დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში - როგორც დღე, როცა სიტყვა მოქმედებად იქცა და სწავლა - ხელოვნებად.”