მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 ნოემბერი 2025 წელი

„ვეფხისტყაოსანი“ — სცენაზე გაცოცხლებული ქართული სული

პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“ სწორედ ის ნაწარმოებია, დიდი თუ პატარა მის სიდიადესა და მნიშვნელობას რომ გულდასმით აცნობიერებს. ალბათ ამიტომაც, მასთან შეხვედრა მოსწავლეებში ყოველთვის ერთგვარ მოწიწებას იწვევს. ის მხოლოდ ლიტერატურული ძეგლი არაა; ჩვენი სულის სიმღერაა, ქართველი ადამიანის სულიერი სიმაღლე.

მე-8 ა კლასმა ინტერესით მოისმინა და შეისწავლა ,,ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. სიტყვა-სიტყვით წაკითხული სტრიქონები თანდათან გადაიქცა ცოცხალ სურათად:

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარ თავში აღმოაჩინა მსახიობიც, მკითხველიც და შემოქმედიც.
ისაუბრეს როსტევანის გონიერებაზე, სამართლიანობაზე, მამობრივ გულისხმიერებაზე და იმაზეც, როგორ უნდა მოეპყრას მმართველი თავის ერს სიყვარულით და არა ისე, რომ შიში დათესოს. ყურადღება გაამახვილეს თინათინზეც - მის სინაზესა და კეთილშობილებაზე.

ბავშვებმა აღტაცებით ახსენეს, რომ თინათინი თითქოს „სიხარულის სხივით შობილი ქალი“ იყო; ზოგმა თქვა, რომ ის მეფობის სიმბოლო კი არა, თვით სიბრძნის სახეა, რომელიც ძალაუფლებასა და თავმდაბლობას აერთიანებს.

და აი, როცა ავთანდილზე მიდგა ჯერი, მოსწავლეები მეტად გააქტიურდნენ. ის აღწერეს როგორც გმირი, რომელსაც სიყვარულის, ერთგულებისა და მეგობრობის ძალა გააჩნია. რომ იგი ღირსებას სიტყვაზე მაღლა აყენებს.

ამ დროს ყველას თვალებში გაკრთა ის შთაგონების ნაპერწკალი, რომელიც მხოლოდ დიდ ლიტერატურას ძალუძს.
იმისთვის, რომ ეს განცდები უბრალოდ მოსმენილ სიტყვებად არ დარჩენილიყო, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარი თაბაგარმა მოსწავლეებს შესთავაზა, თითოეულ მათგანს პოემის გმირები სცენაზე გაეცოცხლებინათ.
შეექმნათ პატარა დიალოგები, ეთამაშათ ეპიზოდები და თვითონაც ეგრძნოთ იმ გმირების სუნთქვა, ვინც საუკუნეების წინ რუსთაველის კალმით შეიქმნა.

მალე საკლასო ოთახიდან სცენაზე გადაინაცვლეს. თინათინის გამეფება არ იყო მხოლოდ ლიტერატურული ეპიზოდი. ეს იყო მხატვრული აღზევება, სადაც ბავშვური გულწრფელობა და შუასაუკუნეების სიდიადე ერთმანეთს შეერწყა.
ერთი თინათინის როლს ირგებდა - ნაზად, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვამდა სიტყვებს, მეორე ავთანდილი გახდა - ხმამაღლა, ვაჟკაცურად, გულწრფელი ჟესტებით ალაპარაკდა. სხვები კი - როსტევანი, ვეზირები, მაყურებლები…

ინსცენირების შემდეგ პერსონაჟებს XXI საუკუნის ჟურნალისტი ეწვია და დიალოგი სიცილის, სევდის, სიბრძნისა და სიყვარულის ამოძახილად იქცა. ეს ყველაფერი დავალებასაც აღარ ჰგავდა, ეს იყო შეხვედრა ქართულ სულთან, რომელსაც რუსთაველმა გზა გაუკვალა.

,,- მეფეო როსტევან, რას გრძნობთ ახლა, როცა თინათინი ტახტზე ზის? - ეკითხება ჟურნალისტი.
- სიმშვიდეს, რადგანაც თინათინს ღირსება ამშვენებს. ის მხოლოდ სამართლიანობისთვის აღმართავს ხმალს. მჯერა, ვიდრე უბრძანებს, მანამდე მოუსმენს… როცა მეფეს ქვეყანაში მშვიდობა აქვს, მაშინაც კი მომავალზე უნდა ფიქრობდეს. თინათინი კი ბრძენია, მისგან ,,მზეც საწუნელია”.- ამაყად პასუხობს როსტევანი და ჟურნალისტი ახლა ერთ-ერთ ვეზირს მიმართავს:
- თქვენ გაგიხარდათ თინათინის გამეფება. ის ხომ ძალიან ახალგაზრდა ქალია. ამან არ შეგაშინათ?
- სიბრძნე ასაკში ხომ არ არის, ის სულშია. ვისაც მართალი გული აქვს, იმას ღმერთი აძლევს გონებას. ქალიაო, მითხარით; მე კი გეტყვით, ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

საინტერესო ინტერვიუ შედგა თინათინსა და ავთანდილთანაც. მარი მასწავლებელი ღიმილით აკვირდებოდა თავის მოსწავლეებს, ბოლოს კი აღნიშნა: ,,თითოეულ მათგანში მართლაც ვხედავდი პატარა რუსთაველს. ამ ბავსვებს ,,ვეფხისტყაოსანი” ოდნავ მაინც შევაყვარე და ფიქრი აზრად ექცათ. რუსთაველი და მისი პერსონაჟები მხოლოდ წიგნში არ ცხოვრობენ - ისინი ყოველი ჩვენგანის სულში იდებენ ბინას, როცა სიკეთეს ვირჩევთ. ასე იდგნენ ჩემს წინ აფორიზმებით მოჟღურტულე თინათინი, ავთანდილი, როსტევანი, სოგრატი, ვეზირები და თვით რუსთაველიც კი. მგონია, რომ იმ დღეს მე-8ა კლასმა არა მხოლოდ პოემის (კონკრეტული თავის) შინაარსი ისწავლა, არამედ საკუთარი სულის სარკეში ჩაიხედა -
და დაინახა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, როცა პირველად დაიწერა.”