მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 ოქტომბერი 2025 წელი

ანბანის შემობრძანება ჩვენს პირველკლასელებთან!

პირველ კლასში გაიმართა საოცრად ემოციური და დასამახსოვრებელი ღია გაკვეთილი — „ანბანის შემობრძანება“.
პატარა მოსწავლეებმა თავიანთი პირველი „ია“ დაწერეს და ამით ქართული ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯი გადადგეს.
გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენის პედაგოგმა ლეიკო თვალაბეშვილმა, რომელმაც ბავშვებს ქართულ ასოებთან ერთად გააცნო ის ისტორიები, რომლითაც ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო წერა-კითხვა — „ია“, „ბომბორა“ და ძველი ქართული მულტფილმი, სადაც ბომბორა კითხვას სწავლობს და ეცნობა ასოებს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს უამბო, რომ მსოფლიოში 3000-ზე მეტი ენა არსებობს, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ 14-ს აქვს — და ქართული მათ შორის ერთ-ერთია: უძველესი, უნიკალური და ულამაზესი!

ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზეც“ — იმ პირველ წიგნზე, რომელიც ბავშვებს ენას ასოებით კი არა, წინადადებით აცნობს, რითაც კიდევ უფრო ხაზგასმულია ჩვენი „აი იას“ მნიშვნელობა — ქართული წერა-კითხვის ნამდვილი აღმოჩენა!

გაკვეთილი გაფორმდა ლექსებითა და ანდაზებით. კლასში სუფევდა სიხარულის, ემოციისა და სიამაყის ატმოსფერო — პირველკლასელების თვალებში იკითხებოდა აღტაცება, აღმოჩენის სიხარული და დიდი სურვილი, უკეთ გაეცნოთ საკუთარი ენის სილამაზე და სიღრმე.

როგორც ლეიკო მასწავლებელი ამბობს:
„ყოველ ჯერზე, როცა პირველ კლასთან მაქვს შეხება, მეც პირველკლასელი ვხდები... ბავშვობაში მოგზაურობა საოცარი ენერგიით ავსებს ადამიანს.
დედიკოს კალთას მოცილებულნი შენში ეძებენ სითბოსა და სიყვარულს...
‘ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს...’
ასე თავიდან იბადები, როცა პატარებს ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა უნდა შეაყვარო — დედასავით რომ ჩაიკრან გულში და არ გაუშვან...
ვისაუბრეთ ანისა და ბანის შეერთებით მიღებულ ანბანზე, ხმოვანთა და თანხმოვანთა მეგობრობაზე, იის სისპეტაკეზე — იმ პირველი კარის გასაღებზე, რომელიც ბავშვობასა და ცოდნის სამყაროს აერთებს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის საუნჯეში, ჩემო პირველკლასელებო!  “

გილოცავთ თქვენს პირველ „აი იას“, პირველკლასელებო!
ეს მხოლოდ დასაწყისია თქვენი დიდი და საინტერესო შემეცნებითი მოგზაურობისა!