მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 მაისი 2025 წელი

"ახალი სახელების" პროექტის ფარგლებში — მარი თაბაგარის საღამო

მწერალთა სახლში, პროექტ "ახალი სახელების" ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, პოეტისა და მთარგმნელის მარი თაბაგარის, შემოქმედებითი საღამო.

საღამოს მოდერატორი, ცნობილი მწერალი ბაჩო კვირტია, თბილი და საინტერესო საუბრით კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა შეხვედრას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო მარი თაბაგარის შემოქმედების ძირითადი ასპექტები, წაიკითხა მისი რამდენიმე ლექსი, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ლექსების კითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო და გულწრფელი დიალოგი ავტორსა და აუდიტორიას შორის. მარი თაბაგარმა გულახდილად ისაუბრა შემოქმედებით გზაზე, იმ შთაგონებაზე, რომლებიც მის ლექსებს აცოცხლებს და უპასუხა სტუმრების შეკითხვებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა. მარი თაბაგარის მოსწავლეებმა პუბლიკის წინაშე წაიკითხეს საყვარელი პედაგოგის ლექსები. ეს იყო არა მხოლოდ მისი შემოქმედების აღიარება, არამედ მათი ერთიანობისა და მხარდაჭერის გამოხატულებაც.

მწერალთა სახლსა და "ლიტერატურულ გაზეთს" ეს მნიშვნელოვანი პროექტი, ხელს უწყობს შემოქმედთა პოპულარიზაციას. ვულოცავთ მარი თაბაგარს ამ წარმატებულ საღამოს და ვუსურვებთ მას კიდევ ბევრ ახალ შემოქმედებით მწვერვალს! მისი პოეზია კიდევ ბევრ მკითხველს გაახარებს და შთააგონებს.