საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბუნების, ქართულისა და ხელოვნების კომბინირებული გაკვეთილიდან, სადაც მოსწავლეებმა უხერხემლო ცხოველების მნიშვნელობაზე, პეპლის სასიცოცხლო ციკლზე ისაუბრეს და საკუთარი ხელით დამზადებული მაკეტები წარადგინეს, სწავლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტით.
საგანმანათლებლო პროგრამა - ,,4 სიცოცხლე" მოსწავლეები გაეცნენ აბრეშუმის მუზეუმის ისტორიას, აბრეშუმის ტრადიციული წარმოების მეთოდებს, ნახეს, როგორ იღებდნენ ძვირფას აბრეშუმის ძაფს და როგორ იყენებდნენ მას ტექსტილის წარმოებაში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მატერიის შესაღებად განკუთვნილმა ბუნებრივმა და ქიმიურმა საღებავებმა.
გაკვეთილის სახალისო და შემეცნებითი ნაწილი იყო თუთის აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლის ვიდეო მასალის ჩვენება და ბუკლეტების დარიგება. მოსწავლეებმა თავად დაასურათეს სტიკერებით. მუზეუმისგან მიღებულმა საჩუქრებმა კი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
ასეთი კომბინირებული და პრაქტიკული სწავლება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის გასამდიდრებლად და სამყაროსადმი ინტერესის გასაღვივებლად.
წმინდა ნინოს სკოლის პედაგოგები და დამრიგებლები: ნათია ხუჭუას, ლეილა თვალაბეიშვილი, ქეთი დევნოზაშვილი, თამარ თაქთაქიშვილი და ელენე მიროტაძე საინტერესო აქტივობის ინიციატორები იყვნენ.