მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 მარტი 2025 წელი

„ჩვენ და ბუნება“ – ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც ცოდნას ღირებულებებთან აკავშირებს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი „ჩვენ და ბუნება“ , რომელიც გამოირჩეოდა შინაარსობრივი სიღრმით, თემატური მრავალფეროვნებითა და ინტერდისციპლინარული მიდგომით. იგი მოიცავდა: ქართულ ენას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და ბუნებისმეტყველებას, რითაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ბუნების მნიშვნელობა სხვადასხვა ასპექტში გაეაზრებინათ.

გაკვეთილი გამდიდრებული იყო მსჯელობით, ლიტერატურული ანალიზით, მხატვრული ხერხების განხილვით და პრაქტიკული დასკვნებით, რაც სწავლების ეფექტურობასა და ბავშვების ჩართულობას კიდევ უფრო ზრდიდა. ლეილა თვალაბეიშვილმა, ნათია ხუჭუამ და ქეთი დევნოზაშვილმა მოსწავლეებს მკაფიოდ განუმარტეს ბუნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში.

გაკვეთილზე განხილული იქნა ბუნების ორგვარი ხასიათი – როგორც მაცოცხლებელი, ასევე დამანგრეველი ძალა. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, რადგან ისინი სწავლობენ სამყაროს კანონზომიერებებსა და ბუნების გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე.

ტექსტებში გარესამყაროს მხატვრული აღწერების განხილვა და მათი ესთეტიკური ღირებულების გააზრება მოსწავლეებს ეხმარება ენისა და ლიტერატურის სიღრმისეულად გაგებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნების მგოსნის – ვაჟა – ფშაველას შემოქმედების გახსენება და მისი პოეტური ხერხების ანალიზი.

გაკვეთილში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ერთიანობაზე და კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ,,ჩვენ“ და არა ,,მე"- არამარტო აკადემიურ, არამედ სოციალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლებაა, რაც ბავშვის პიროვნული ზრდისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა: „იმ ქვეყანას, სადაც უფრო მეტი „მეა“, ვიდრე „ჩვენ“, მომავალი არ უწერია.

გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა გაპიროვნებაზე (პერსონიფიკაციაზე), როგორც მხატვრულ ხერხზე, რითაც უსულო საგნებს სულიერება ენიჭებათ. ეს არა მხოლოდ ლიტერატურულ ცოდნას ამყარებს, არამედ ბავშვებში ფანტაზიისა და ემპათიის უნარსაც ავითარებს.

გაკვეთილი ლოგიკურად იყო აგებული – დაიწყო ბუნების ზოგადი მნიშვნელობით, შემდეგ გადავიდა ლიტერატურულ ანალიზსა და მსჯელობაზე, ბოლოს კი მოსწავლეებმა გააკეთეს პრაქტიკული დასკვნები. გაკვეთილი გაჯერებული იყო ცხოვრებისეული სიბრძნით, რაც ბავშვებს ღირებულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება: „ხის სიმაღლე ფესვიდან იზომება“ – რაც გვასწავლის, რომ ძლიერი საფუძველი (მორალური და ზნეობრივი) აუცილებელია. „ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი“ – რაც ხაზს უსვამს სიკეთის გაღებას და მადლიერების გამოხატვას.

აქტივობა იყო შთამბეჭდავი, სიღრმისეული და ინტეგრირებული სწავლების შესანიშნავი ნიმუში. მასწავლებლებმა შეძლეს, რომ მოსწავლეებში გაეღვიძებინათ არა მხოლოდ ცოდნის მიღების სურვილი, არამედ ბუნების, ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ღრმა გააზრებაც. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც აერთიანებდა ცოდნას, ღირებულებებს და შემოქმედებით აზროვნებას.