5 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – ეს არის წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკითხველებს აერთიანებს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს სკოლაშიც აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მიზანია წიგნის მნიშვნელობის გაძლიერება, მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და მათთვის ლიტერატურის სამყაროს გახსნა. წმ. ნინოს მართლმადიდებლური სკოლა დიდი სიამოვნებით შეუერთდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და განსაკუთრებული აქტივობები მოაწყო მოსწავლეებისთვის.
ჩვენი სკოლის პედაგოგმა, ნინო გაგოევმა, სადამრიგებლო კლასში განსაკუთრებულად აღნიშნა ეს დღე. მან ბავშვებს წაუკითხა ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები – „ბიბო“ და „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“.
ინანიშვილის მოთხრობები საოცარი უბრალოებითა და სიღრმით გამოირჩევა – ისინი ბავშვებს ასწავლიან სიკეთეს, მეგობრობასა და ბუნების სიყვარულს. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს, განიხილავდნენ მოთხრობების გმირებს და იმაზეც ფიქრობდნენ, რას ნიშნავს „ღამის შეყვარება“ და როგორ შეიძლება, წიგნმა შეცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არა მხოლოდ ერთი დღის ღონისძიებაა – ეს არის პროცესი, რომელიც ბავშვებში წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას ნერგავს. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ აქტივობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ბავშვები, რომლებიც პატარაობიდან სწავლობენ წიგნის მნიშვნელობას, მომავალშიც აქტიური მკითხველები და მოაზროვნე ადამიანები გახდებიან.
წელს წმ. ნინოს მართლმადიდებლური სკოლა წარმატებით შეუერთდა მსოფლიო დღეს, და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურად ავღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!