საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოსწავლეებთან, რომელსაც უძღვებოდა სკოლის ექიმი ცირა მემარნიშვილი. შეხვედრის მთავარი თემა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მისი გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე. ექიმმა მოსწავლეებს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
ცირა მემანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიურ და კვებით პროდუქტებზე. მან ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი პროდუქტების მოხმარება. აღნიშნა, რომ ეკოლოგიური პროდუქტები ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემასა და ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.
ექიმმა ურჩია, ყოველდღიური კვების რაციონი იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს და სხვა სასარგებლო საკვებს. მოსწავლეებს მოუწოდა, მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, ითამაშონ სპორტული თამაშები და ივარჯიშონ.
მოსწავლეებს აუხსნა, როგორ ზემოქმედებს გარემოს დაბინძურება ჯანმრთელობაზე და როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს მცირე ნაბიჯებით დადებითი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე. შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.დასვეს შეკითხვები და ექიმისგან დეტალური პასუხი მიიღეს. ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.