საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითმა გუნდმა ,,იაკამმა" მონაწილება მიიღო თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორულ ფესტივალზე.
მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა საზეიმო ვითარებაში.
ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალზე და სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე ლიდერობს.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს, ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.
სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ, გუნდის წევრებს მიულოცა დამსახურებული წარმატება და დააჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით.
ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს.
ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, „თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ“.