მასწავლებლისთვის იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ვიდრე მოსწავლეების წარმატებაა. საგაკვეთილო პროცესი კრეატიული, შემოქმედებითი, მიდგომებისა და ურთიერთგაზიარების უნარების გამოვლენაა. დიდი ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ვის არ აუჩუყებს გულს, ვის არ მოანდომებს, რომ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, შეექმნა პაწაწინა ტექსტი, რომელიც მკითხველის გულწრფელი აღტაცების, დაფიქრების, ღიმილისა და ცრემლის მიზეზი გახდებოდა.
პატარა და და ძალიან ჭკვიანმა მე- 6ბ კლასელებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს მოთხრობა ხაზარულა, რომელიც ვაშლის ხის ისტორიაა. გურიის ერთ-ერთ სოფელში, ამ სასარგებლო ხილის ირგვლივ დატრიალებული ამბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ...
განვიხილეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, მხატვრულ სახეებზე, ხერხებზე, მოქმედების დრამატურგიაზე, სიუჟეტის მრავალფეროვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ეკოლოგიაზეც კი...
ვერ შეველიეთ გმირებს.გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაგვესულიერებინა და ბოლომდე შეგვეტკბო ტექსტის არსი.
თითოეულმა მოსწავლემ თავისებურად აამეტყველა მცენარე, ისეთი ფრაზები დაწერეს, რომ უდიდეს კლასიკოსსაც კი აუჩუყებდა გულს ,,ხაზარულას ფიქრები".
დავით მახაშვილისთვის ის დრამატულ პესონაჟად დარჩა - ,,ვკვდებოდი, არ მინდოდა სიკვდილი, მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოჭრა, მეძნელებოდს აქაურობის დატოვება, რადგან ბებიაც და შვილიშვილიც ჩემი ოჯახი გახდა".
ჯაბა ღვანიძისთვის მომაკვდავი ხის ფიქრები, მაინც სიცოცხლის დაუოკებელ სურვილს დაუკავშირდა: ,,როდესაც სამუდამოდ დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, თუ რატომ გამიმეტეს სასიკვდილოდ?!"
ბარბარე ხარჩილავა მაინც ადამიანის დამნდობ ბუნებას ჩაეჭიდა და ხის ემოციებიც დაგვანახა: ,,ბიჭი ალბათ ჩემ შეშინებას ცდილობს. იმ ბებრუხანა ანანიას ფილოსოფიას არ დაუჯერებს. ამჯერად ავყვავდები, ნაყოფს გამოვიდხამ, თავი არ მაქვს, მაგრამ მათ გამო, მაინც დავიმძინებ ნაყოფით ტოტებს. ამ გაგანია ომის დროს მშივრებს ხომ არ დავტოვებ ფაშისტი ჰიტლერისგან განადგურებულ, დამშეულ და მაინც ხალისიან გურულებს. ...ამ ფიქრებში გაბრუებულმა გვერდებში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომჭრეს. სამუდამოდ დავხუჭე თვალები ყველაფერზე, იმისათვის, რომ ყინვიან ზამთარში ადამიანებისთვის სითბო მეჩუქებინა"...
ნიკოლოზ მამედოვისთვის, ნებისმიერ ასაკში, სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ,,უნაყოფო, უმწეო ბებერს დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უსათუოდ ვიტყოდი: მე ვხედავ, მე მესმის, მე შემიძლია და სიცოცხლე მინდა! "...
დემეტრე ნებიერიძემ ხაზარულას მიერ სიცოცხლესთან გამოთხოვების უკანასკნელი მომენტები და განცები აღწერა: ,, ფესვებიდან ვისრუტავ გაბზარული ჭურიდან გამოჟონილ წითელ, მათრობელა სითხეს... ახლა ვხვდები, რატომ იცინოდნენ, ტიროდნენ, ხუმრობდნენ, კამათობდნენ ღვინით მთვრალი ადამიანები... მჭრიან და ტკივილს ვერ ვგგრძნობ გაბრუებული, დიდი შეღავათია... უკანასკნელად ვახელ თვალებს და ვხედავ თვალცრემლიან ბიჭსა და ცისკენ ხელებაშვერილ დედაბერს ... ვხვდები, რომ ვკვდები - ვიძინებ სამუდამოდ!"
ნიკოლოზ ჩხეიძემ გულაჩუყებული და უიმედო მცენარე აალაპარაკა: ,, საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ოჯახს, ვისთანაც მთელი სიცოცლე გავატარე და ვატკბობდი, აღარ ვჭირდებოდი. მაშ, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, როცა აღარავის უყვარხარ?!...
ანდრია კუკულაძემ სასოწარკვეთილი ხაზარულას განცდები გააცოცხლა: ,,ღვინო შევისრუტე და თაბრუდახვეულმა ვერც კი ვიგრძენი ტკივილი, ისე გავეცალე სიცოცხლეს და გადავინაცვლე მარადისობაში"...
ხატია ზაქაიძემ ხის სიცოცხლესთან განშორება გულისამაჩუყებელი ემოციით წარმოადგინა: ,,თურმე არ მცნობია ადამიანები - ჩემებს რომ ვუწოდებდი, გული მომიკვდა და საბოლოოოდ დავხუჭე თვალები" ...
ნენე ხოჭოლავამ ხილულ სამყაროსთან უკანასკნელი შეხების ემოცია გააცოცხლა: ,, წუთიერად ჩამეძინა. რთულია საკუთარი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა... შემაჟრჟოლა და გამოვფხიზლდი, უცნაური ჩანდა სამყარო, ამქვეყნიური აღარ ვიყავი და სამუდამოდ მივენდე სიკვდილს" ...
ანა გურაშვილმა ჩვეული სინატიფითა და სიფაქიზით წარმოგვიდგინა ვაშლის ხე : ,,ნეტავ, ბიჭისთვის მეც მეთქვა, როგორ მიყვარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანაა... სიცოცხლეს რომ დამიბრუნებდნენ ვეტყოდი, როგორ მინდოდა მათთან სიხარულის, სევდის, გაზიარება ... ნეტავ, როგორია იყო ადამიანი და გრძნობდე ამ ყველაფერს".
ბარბარე კვენიაშვილმა სიყვარულით აღვსილი და უბოროტო ხის ბოლო სიტყვა დაწერა: ,,რატომ უნდა მომჭრან? ალბათ აღარ ვჭირდები, ნეტავ იცოდნენ, როგორ მიყვარს ეს ოჯახი!"
ერეკლე ბეგიაშვილმა კი შესანიშნავი მხატვრული ხერხებით გადმოსცა ხაზარულას საბედისწერო დასასრული:
,,მე, მათთვის ყველაფერი გავაკეთე, ჩემი სხეულის ჩამომხმარი ნაწილები უკანასკნელ მსხვერპლად გავეცი, რომ გაყინული სხეული გაეთბოთ... შემდეგ კი უმტკივნეულოდ გავქრი ამ სამყაროდან..."
ბარბარე ქიტიაშვილმა სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბებერი ხის მონოლოგში: ,, ოდესმე ყველა დაბერდება და გასცილდება ამ წუთისოფელს, მთავარია ისე იცოცხლო, რომ ბედნიერება და სიხარული მიანოჭო ადამიანებს, მიდამოს, ყველაფერს - სულიერსა და უსულოს"
მადლიერების p.s
მე, როგორც მათ მასწავლებელს, ისღა დამრჩენია, გულწრფელი აღტაცება გამოვთქვა სათუთი ნააზრევისა და ზოგადად, სიყვარულით სავსე დამოკიდებულების გამო ...
და ბოლოს, ადამიანებიც ხომ მცენარეებივით ვართ. ვისრუტავთ სიყვარულსა და დაუვიწყარ ემოციებს.
მე, როგორც მასწავლებელი, ჩემი შეგირდებისგან...
პატივისცემით სოფი მასწი.