"დედამიწაზე ბავშვი არ მეგულება, პინოქიოს თავგადასავლით არ დაინტერესებულიყოს და ეს მხიარული და კეთილი ბიჭუნა არ შეჰყვარებოდეს. ჩვენი სკოლის მეორეკლასელებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ ხის კაცუნას ამბავს.
სკოლის სახელმძღვანელოში მოცემული ამბავი რომ წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, მწერალ კარლო კოლოდიზეც ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ, დიდ ეკრანზე მულტფილმიც ვნახეთ და პინოქიოზე შეყვარებულებმა წერილებიც მივწერეთ მას. ზოგიერთმა ყოფაქცევა დაუწუნა, ზოგმა - წიგნსა და გართობას შორის არჩევანი, უმრავლესობამ კი სათანადო რჩევა მისცა.
აბა, რამდენს გიოცნებიათ, ზღაპრის პერსონაჟი ყოფილიყავით? ასე იოცნებეს მეორეკლასელებმაც. ჩვენს სკოლაში რომ გულით ნანატრი ყველა სურვილი ხდება, ეს აღარავის უკვირს. ჰოდა, ამ პატარებმაც აქსესუარები მოირგეს და კლასში გააცოცხლეს პინოქიო, მელაკუდა, კატა, მალვინა, ჯეპეტო, თეატრის თოჯინები. უცებ მოფიქრებული თავიანთი დიალოგებით გარკვეული სცენებიც გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენით ბევრიც იხალისეს.
ასე იწყება და ძლიერდება წიგნის სიყვარული!
მჯერა, არც პინოქიო და არც ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ძალიან მალე კი ,,პინოქიოს თავგადასავლის" ყველა თავს ასეთივე ინტერესით წაიკითხავენ." მარი თაბაგარი