საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი თამამი და ნაყოფირი ნაბიჯები კი პირველ მასწავლებლებტან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს, შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგეს.
6 ივნისს, 1ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - "სიკეთის კიდობანი" გამართეს.
ღონისძიების შესახებ მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი, ღონისძიების ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი გვიყვება.
განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, იყო პირველი კლასის მასწავლებელი. თუმცა იმ საპასუხისმგებლო შრომასთან ერთად, თან რომ ახლავს, უდიდესი სიხარულიცაა, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგცქერის და თითქოს გეუბნება, აბა, მიდი და შემაყვარე შენი, ჩვენი ქართული ენაო. შენც თავს არ ზოგავ და გუშინ თუ აბიტურიენტს ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი" ფიქრის თემად უქციე, მუდამ აქტუალურ სოციალურ თემებზე მსჯელობით დიდებული ნაწარმოების თემა და იდეა დაანახე, ან ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონის" მხატვრული ხერხების სილამაზე აღაქმევინე, მთების დახუჭული თვალები, თუ აქვითინებული ქარი ფერმწერივით დაუხატე და საქართველოს ბედ-იღბალზე დააფიქრე, დღეს პირველკლასელთან ამ ყველაფრის ანი და ბანი უნდა გამოძერწო, იაკობის დიდაქტიკურ მოთხრობებს რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს. მასთან მისაახლოვებლად კი უამრავი გზა და ლაბირინთი გამოატარო.
სასწავლო წლის ბოლოა და ვფიქრობ , ეს ლაბირინთი ურიგოდ არ გამოგვივლია. იაკობისა და ,,დედა ენის" სიყვარულმა, თუ შეძენილი ცოდნის შეჯამებამ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. 6 ივნისს I ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,სიკეთის კიდობანი" წარმოადგინეს. სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური Nino Bibiluri , მხარდამჭერი და თანაშემწე - ეკა ბიბილური Eka Bibiluri , ქორეოგრაფი - ნანუ ბურჭულაძე ნანუ ბურჭულაძე , ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და მუდამ შემოქმედებითი ენთუზიაზმით გვერდით მდგომი კი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა Lali Meliva გახლდათ.
სპექტაკლი რამდენიმე მოქმედებად დავყავი. დასაწყისში იაკობ გოგებაშვილი (პატარა მსახიობი გაბრიელ ბუჩუკური) ვისტუმრეთ და ბავშვებმა უამრავი ლექსი, ანდაზა, აფორიზმი და ენის გასატეხი უთხრეს. შემდეგ კი იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობის ინსცენირება აჩვენეს ყურადღებიან და გულწრფელი ემოციით დატვირთულ მაყურებელს და ბოლოს, ,,რწყილი და ჭიანჭველა" მიუზიკლის სახით წარმოადგინეს.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბოლო აკორდი, იმ ბომბორასთან სტუმრობა იყო, ანბანის სწავლისას (სექტემბერში), სკოლის ეზოში რომ დავხატე და ბავშვები ბეჯითად სწავლას დაჰპირდნენ. დაპირება შეასრულეს და ახლა ამაყად დაუტოვეს ბომბორას საკუთარი სახელები: ელი, გაბრიელი, თეკლა, ანამარია, დაჩი, თია, ტასო, გაბრიელი, ნიკოლოზი, თებეა, დავითი, გაბრიელი.
და ახლა, ამ მონავარდე ბავშვებისთვის, გულში ვიმეორებ მუხრან მაჭავარიანის ულამაზესი ლექსის სტრიქონებს:
,,და...
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!"