მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
10 თებერვალი 2024 წელი

წიგნის საჯაროდ კითხვის შთამბეჭდავი დღეები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

რამდენიმე წელია საქართველო ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს" შეუერთდა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კი იგი კვირეულად ვაქციეთ და წიგნის მოყვარულებმა სიამოვნებაც მივიღეთ.

პირველი კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: ,,მერცხალი და მეცხვარე", ,,ბაყაყი და თაგვი" , ,,ვანო და ქვევრი", ,,ცბიერი კაჭკაჭი". მოთხრობებში მიმობნეული დიდაქტიკური ელემენტები ერთად განვიხილეთ და თითოეულს ღრმად და სწორად ჩასწვდნენ პატარები. მერე მხიარულად იმეორებდნენ, ,,ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო". არც იაკობის ლექსი დავიწყებიათ და ამაყად ყვებოდნენ:
,,გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო."
 

IV ბ კლასში კი ახლახანს იროდიონ ევდოშვილის ,,ნაძვის ცრემლები" ვისწავლეთ. თხზულებებიც დავწერეთ და ის ახალი პერსონაჟებიც შევკრიბეთ ნაძვის ირგვლივ, ბუნების გაფრთხილების აუცილებლობაზე რომ გვიყვებოდნენ. ვისაუბრეთ საქართველოში გავრცელებულ აღმოსავლურ ნაძვსა და ახალი წლის ტრადიციაზეც. თემატურად დავუკავშირეთ და დოდო ვადაჭკორია-ხიმშიაშვილის საინტერესო მოთხრობა ,,ბროლის ციგა" წავიკითხეთ. აქაც ვიმსჯელეთ პერსონაჟების ხასიათსა და ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე, მათ კეთილშობილებასა და გულმოწყალებაზე. როლური თამაშიც მხიარული გამოგვივიდა.

VI კლასში კი შარშან ,,ვეფხისტყაოსნიდან" როსტევანსა და თინათინს გავეცანით. წელს პროგრამულად ტარიელი და ავთანდილი უნდა ,,ვისტუმროთ". ამიტომაც საინტერესო და შთამბეჭდავი იყო პოემაში ,,უცხო მოყმის", ტარიელის უცნაური გამოჩენის ამბავი და მეფის მწუხარება, თინათინის სიბრძნე ( ,,კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ , ჭმუნვასა ესე სჯობდეს") და ,,ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებნად". იმდენად გაიტაცათ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებმა, მხატვრულმა ხერხებმა, ზუსტმა რითმებმა და რიტმის ჰარმონიულობამ, რომ ხალისით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სტროფების წაკითხვისას. მერე კი ერთად განვმარტავდით ძველი და ახალი ქართულის უმშვენიერესი ნაზავით დაწერილი სტრიქონების აზრსა და მნიშვნელობას.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეები ასე ნაყოფიერად გავატარეთ.