მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 დეკემბერი 2023 წელი

„ზამთრის მეფე“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ახალი წლის შემობრძანებას დიდი სიხარულით და ჟრიამულით ხვდებიან. ზოგადად, ეს სკოლა იმით არის გამორჩეული, რომ გუნდური მუშაობა და ურთიერთანადგომა მთავარი პრიორიტეტია.

ამ უდიდეს და საპასუხისმგებლო მისიას, დაარსების დღიდან, უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევს სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა. ამგვარი დამოკიდებულება, სასწავლებლის დაარსებიდან დღემდე, თითოეული პედაგოგისთვის ცხოვრების წესად იქცა.
 

სწორედ ასეთი მაჟორული განწყობა დაჰკრავდა I ბ კლასის საახალწლო წარმოდგენას: ,,ზამთრის მეფე". კლასის დამრიგებელმა, ნინო გაგოევმა შესანიშნავად, პატარების ხასიათის შესაბამისად, გადაანაწილა როლები და წარმოდგენაც ხალისიანად და საინტეროსოდ წარიმართა.

მხატვარ მარი მჟავიას მიერ შექმნილმა სასცენო დეკორაციამ კიდევ უფრო სანახაობრივი და მშვენიერი გახადა სცენა.
მუსიკალურმა შესრულებამ, რომელიც ნინო ბიბილურის ჯადოსნური კლავიშის და უზადო შემოქმედებითი ოსტატობის შედეგი იყო, მაყურებელის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა ნომრებმა უფრო დიდი ხიბლი შესძინა წარმოდგენას.

მოსწავლეებისა და დამრიგებლის მიერ შესრულებულმა საცეკვაო გამოსვლამ წარმატებით დააგვირგვინა დღის ემოციური განწყობა.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებენ ყველას, ვინც სკოლის აღსაზრდელების ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის ენერგიას არ იშურებენ.