მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
23 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო მწერალს მისივე ნაწარმოების ინსცენირებით უმასპინძლეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლის მარი თაბაგარის სარეჟისორო ჩანაფიქრით, Iა კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურული სპექტაკლი :  ,,ჩემი აფრიკელი ბებია"
მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მარიამ წიკლაურის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანის მიხედვით.

წარმოდგენამ შესანიშნავად ჩაიარა, დიდხანს არ წყდებოდა მაყურებელთა აღტაცებული აპლოდისმენტები, რადგან პატარებმა წარმოუდგენელი სამსახიობო ოსტატობით წარმოაჩინეს სხვადასხვა ხასიათის გმირთა გალერეა...
მეტყველება,  პლასტიკა,  არტისტიზმი,  მუსიკალური ნომრებისთვის შესაბამისი სმენით შესრულება სცენები იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც ენერგია არ დაიშურა საქმის ხარისხიანად სრულსაყოფად.

რეჟისორი, სცენარის ავტორი, მხატვარ-დეკორატორი - მარი თაბაგარი.
მაესტრო, ნინო ბიბილურის საშემსრულებლო სკოლა ყველა ბავშვისთვის კარგი სიმღერის შთაგონებაა.
დამრიგებელი - ეკა ბიბილური რეჟისორითვის ის ძალა იყო, რომლის გარეშეც სასურველი შედეგი ვერ დადგებოდა.
პროდიუსერი და არერთი პროექტის მხარდამჭერი, უცვლელად, სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივაა.
 

სტუმარი მარიამ წიკლაური კი ამ სიტყვებს აქვეყნებს საკუთარ Facebook გვერდზე:
,,ვერ წარმოვიდგენდი ასე პატარა ბავშვებს ამდენი თუ შეეძლოთ, თითქმის საათიანი წარმოდგენა გამართეს, უამრავი ლექსით, სიმღერით დამშვენებული. მარი მასწავლებელი არის მათი რეჟისორიც, სცენარისტიც, სცენოგრაფისტიც. ისეთი კარგი ბავშვები გავიცანი. მშობლებიც გვესწრებოდნენ, ავტოგრაფებიც დავარიგეთ, მერე კი მეოთხეკლასში გადავინაცვლეთ. იქ უკვე დიდი მკითხველებივით მესაუბრნენ "ჩემს აფრიკელ ბებიაზე". აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ქვის ტროლად გადაქცევის ამბავი, ან რატომ ავირჩიე აფრიკის კონგო და არა სხვა ქვეყანა, რამდენ ხანში დავწერე ეს წიგნი, როგორ ვქმნი ამ სიტყვათა ახალ კომპოზიტებს და უამრავი რამ. ყველა შეხვედრის მერე ის მახარებს, რომ ბავშვები კითხულობენ წიგნებს, არიან ძალიან გონიერები, ფიქრობენ, აზროვნებენ და მზად არიან სამყაროდან სიკეთის მისაღებად და გასაცემადაც. მადლიერებით ვარ სავსე მთელი სკოლის მიმართ. როგორი გულთბილი დახვედრა მომიწყვეს სკოლის მესვეურებმა, როგორ უვლიან თავიანთ სკოლას,მოსწავლეებს და რა კარგი მასწავლებლები ჰყავთ. მადლობა დღევანდელ ჩემს მასპინძლებს ,ბავშვებს და ყველას ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.
მარი მასწავლებელო, მარი თაბაგარი თქვენ განსაკუთრებული მადლობა ამდენი შრომისთვის და სიხარულის ჩუქებისთვის! ბედნიერი ახალი წელი, ჩემო ახალო მეგობრებო!"