მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულია ხელოვანი მასწავლებლებით და მოსწავლეებით. ისინი გაწაფულნი არიან ხატვასა და ძერწვაში. ქართულის პედაგოგი, ლეილა თვალაბეიშვილი ლიტერატურული გმირების გამოქანდაკებით არის გატაცებული და გაკვეთილზე თვალსაჩინოდ წარუდგენს მოსწავლეებს მათ თოჯინურ ვარიანტს.

ამჯერად მე-5ა კლასის მოსწავლეებთან ჩატარებულმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა, მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მასწავლებელში:
 ,,გერონტი, მირანდუხტი, ჯიხვა, კოწოწაშვილები, ცალფეხა სიკო, ნოდარა, ეთერი" _ ეს ის გმირებია , რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს ადამიანების სულში და დაგვაფიქრეს ადამიანურ ღირსებებზე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. რევაზ ინანიშვილის მოთხრობები ხომ ნამცეცებად გაბნეული სიკეთის მარცვლებია, რომლებიც უნდა ვიპოვოთ და ამოვკენკოთ, რომ ადამიანებს ვუწილადოთ ,,სულის პური".
დღეს გვქონდა შემაჯამებელი გაკვეთილი, სადაც მეხუთე კლასელებმა ინანიშვილის ,, სულის პური" გვიწილადეს . ბედნიერი და ამაყი ვუსმენდი მათ მსჯელობას.
ბოროტება ჩვენთვის კოცონია, რომელიც წყლის დასხმით უნდა ჩავაქროთ.... ჯაჭვია, რომელიც უნდა გაწყდეს... თითოეული რგოლი ჩვენი უარყოფითია, რომელიც უნდა ვძლიოთ.. ჩვენთვის ღრუბელი ბოროტების სიმბოლოა , მზე კი - სიკეთისა. წვიმის წვეთები ის მანკიერი მხარეა, რომელსაც აფრქვევს ბოროტებით დაბრმავებული ადამიანი . მზე კი - თავისი სხივებით უპირისპირდება ბოროტებას ... ბოროტი ღრუბელი, ჩვენს მზეს ვერ დაჩრდილავს, ვერ დაიმონებს, როცა ასეთი სინათლითა და სიკეთით სავსე თაობა გვეზრდება...
როგორც შეგვეძლო ამოვკენკეთ ნამცეცებად მიმოფანტული სიკეთე და ვუწილადეთ ერთმანეთს ,,სულის პური."
მადლობა , ჩემს საოცარ, უნიჭიერეს ბავშვებს. თქვენთან ერთად უსასრულოდ შემიძლია ფრენა ისე, რომ არც კი დავიღლები."