მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეოთხეკლასელებს გაკვეთილი მთაწმინდის პანთეონში ჩაუტარდათ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასა და ბიოგრაფიას გაეცვნენ.

მოისურვეს, ამ დიდი გენიისათვის პატივი მიეგოთ და მთაწმინდაზე მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარი თაბაგარმა ამაზე იზრუნა. მოსწავლეებს მთაწმინდის, მამა დავით გარეჯელის, მისი სახელობის ტაძრისა და პანთეონში დაკრძალული მოღვაწეების თაობაზე უამბო და სწორედ პანთეონშივე ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილიც.

მოსწავლეებმა აკაკის, ვაჟა-ფშაველასა და ილიას საფლავები ყვავილებით შეამკეს, ტაძარი მოილოცეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, საფლავებთან ლექსების წაკითხვაც მოისურვეს და ამ წმინდა წიაღში ააჟღერეს ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჭილაძის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ნოდარ დუმბაძის ლექსები. ბოლოს კი თეკლა ჩარგეიშვილმა მარი მასწავლებლის ლექსი ,,ჩემი მთაწმინდა" წაიკითხა.

სასიამოვნოდ დაქანცული მოსწავლეები, ემოციითა და შთაბეჭდილებით სავსე დაუბრუნდნენ სკოლას. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის.

სულ მალე აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი" უნდა შეისწავლონ და გაიხსენებენ, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი მთაწმინდაზე განისვენებს.

და მართლაც, ,,უკიდეგანოდ მაღალია ჩვენი მთაწმინდა". როგორც ამას მარი თაბაგარი ლექსით გვეუბნება:

,,ვინ მოიგონა
ევერესტის დიდი სიმაღლე,
ვინ გააოცა
ჯომოლუნგმის კალთის ციცაბომ?!
ქართველი ვარ და
გამაჩნია სულ სხვა სიმართლე,
არ შემიძლია,
ეს სიდიდე როგორ ვიწამო.
რა ევერესტი,
რა ჩოგორი, რა კაჩეჯანგა,
როცა სამშობლოს
ეხიდები როგორც ტარიგი.
არ შეუქმნია
ქვეყანაზე ჯერ გამჩენს სხვა მთა,
ჩემს მთაწმინდაზე
მაღალი და უფრო ნატიფი.
აქ მეგებება
ჭავჭავაძის ნაზი ასული,
დიდი ილიას
მირონცხებულ სიტყვის გენია,
ვაჟა-ფშაველა,
ყველა მთაზე მაღალი სულის,
ბარათაშვილიც,
ყიფიანიც აქ ასვენია.
აქ ქაქუცაა,
იაკობი, დიდი აკაკი,
,,მთაწმინდის მთვარეს"
თითქოს გალობს გალა სტიქარში,
შემოქმედების
გენია დუღს, თანაც რაკრაკით
მიედინება
ცისკენ, მაღლა, გალაქტიკაში.
მთის მწვერვალზე დგას
მადლიანი მამა დავითი,
ტაძრის გუმბათი
გვირგვინად აქვს მგოსანთ სავანეს,
ფართოდ გაშლია
ზეციური მხარი, ლავიწი,
სულით ცის ახლოს,
მაგრამ შორი როგორც სამარე...
რა ჯომოლუნგმა,
მე სიმაღლეს ვზომავ სხვაგვარად;
უფალმა ჩემი
საქართველო ნიჭით დაწინდა.
ბუმბერაზები
დაიტია, ნეტავ, რაგვარად?!
უკიდეგანოდ
მაღალია ჩემი მთაწმინდა!!!"