მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბაბის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მრავალ საინტერესო ტრადიციასთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნავენ პირველკლასელების მშობლიურ ანბანთან შეხვედრის დღეს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარი თაბაგარმა წინასწარ მოხატა სკოლის ერთ-ერთი კედელი, სადაც ზღაპრულ გმირებთან ერთად ,,დედა ენის" სიმბოლოდ ქცეული ყვავილები ამოზარდა და უმშვენიერესი ქართული ასოებით, თვალსაჩინოდ წააწერა - ,,აი ია" .    

პატარები დიდი ემოციებით, განსაკუთრებულად შეეგებნენ ქართული ანბანის დაბადებას. ანბანის სამყაროში მოგზაურობით მათთვის ყველაზე საინტერესო თავგადასავლები დაიწყო.

მარი თაბაგარი კი დიდი ემოციებით აღნიშნავდა:
,,მათ ანბანთან შესაგებებლად დიდი მომზადება არ დასჭირვებიათ. ერთად გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობის საუკუნოვანი ფესვები. ასომთავრულით მოხატულ ტილოს თვალი შეავლეს და მხედრული ანბანისაგან შედგენილი სიტყვები მთელი სიზუსტით დამარცვლეს. იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს. მერე კი ლექსებიც გაიხსენეს და პატარა გვრიტის ამბავიც როლური თამაშით განასახიერეს. დასკვნაც თვითონვე გამოიტანეს, რომ ,,ძალა ერთობაშია" და ,,მეგობარი მეგობრის ხიდია".

როცა ტყუილის სწრაფად გამჟღავნებაზე მისი ,,მოკლე ფეხები" გაიხსენეს, არც მეცხვარე ბიჭის ამბავი დაუტოვებიათ უყურადღებოდ: გართობის მიზნით, მგელი, მგელიო, თანასოფლელებს რომ ეხმიანებოდა და მგელის გამოჩენისას აღარავინ შეისმინა მისი ძახილი. ბიჭს საქციელი დაუწუნეს და ანდაზა შეახსენეს - ,, ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენო". ენის გასატეხებისა და ანდაზების თქმაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს.

სახალისო აქტივობაზე კი წყვილებში ,,აი ია" გამოძერწეს და წაიკითხეს. ბეჯითობითა და მონდომებით ნამდვილად აჯობეს უსაყვარლეს პერსონაჟ ბომბორას, რომელსაც ჯერ მულტიპლიკაციური ფილმით გაეცვნენ, შემდეგ კი სკოლის ეზოში კედლიდან მომზირალს წინ ეზო მოუხატეს. ბომბორასთან ფოტოებიც გადაიღეს და საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა დიდი მონდომებით დაწერეს საკუთარ რვეულებში პირველი ასო - ,,ა".

ანიდან ჰოემდე და იმის იქითაც, სულ წარმატებით გევლოთ, ჩვენო ფრთაშესხმულო მერცხლებო! "
მარი თაბაგარი