საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარი თაბაგარის ინიციატივით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელიც თეატრალიზებული სანახაობის ფორმით წარმოადგინეს მესამე კლასელებმა.
,,პატარა ტარიელი" - ისინი, ამ სახელწიდების სცენარით გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. პატარები გამართული და მკაფიო მეტყველებით, სითამამით, დამაჯერებლობით, მსახიობისთვის აუცილებელი პროფესიული ოსტატობით წარსდგნენ კრიტიკული და ობიექტური პუბლიკის წინაშე, დიდი მოწონებაც დაუმსახურეს. თავად ავტორი კი დაუვიწყარი ემოციით აქვეყნებს პოსტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე:
,,არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა დაუღალავი შრომის ნაყოფს იმ თაობაში ხედავ, შენი სამშობლოს მომავლის იმედად რომ გესახება და თუნდაც საკუთარი ბედნიერი სიბერის გარანტი რომ არის.
დღეს III კლასმა სპექტაკლი ,,პატარა ტარიელი" წარმოადგინა, აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, ქორეოგრაფი - უნიჭიერესი ნათია ხუჭუა მუსიკალური ხელმძღვანელი - ჩვენი შეუდარებელი ნინო ბიბილური, მხატვარ-დიზაინერი კი - სამი მარი (მარი დავითიძე, მარი მჟავია და მარი თაბაგარი ).
სპექტაკლი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და სამშობლოს სიყვარულით გაჯერებულ ლიტერატურას, მხატვრული ხერხების რაობასა და აუცილებლობაზე დიალოგი ერთგვარ ხიბლს სძენდა. წარმოდგენაში ჩაქსოვილი იყო პატრიოტიზმი, რწმენა, ერის საგანძური, პოეზია, ცეკვა, სიმღერა, იუმორი და ყველაზე მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ,,კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი". სწორედ ეს თაობაა, წინაპართა ნაკვალევს რომ უნდა დაადგეს და თავისი ნათელი გონებით სამშობლოს კირითხუროს როლი მოირგოს, რადგან ,,სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია."
ყველაზე მეტად, რაც ასე მზესავით ნათელი იყო, ბავშვებმა მთელი მონდომებით, მართლაც დიდი მსახიობებივით, მოირგეს როლები და მაყურებელთან ერთად, თვითონაც დიდი სიამოვნება მიიღეს.
ვინ იცის, იქნებ სწორედ მათშია ის ავთანდილი, ტარიელი თუ ფრიდონი, ჩვენი სანუკვარი სამშობლო - ნესტან-დარეჯანივით ლამაზი და მოხდენილი, ქაჯთაგან რომ უნდა დაიხსნას. თუ ასეა, კიდევ ერთხელ ვიამაყებ ჩემი, ჩვენი აღზრდილებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა .
ამ შესაძლებლობისა და გვერდით დგომისთვის უღრმესი მადლობა ლალი მელივას, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
მადლობა ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვინც გვესწრებოდა და ჩემს უკვე მეოთხეკლასელებს გულშემატკივრობდა.
და ბოლოს, ისევ გავიხსენებ მოთხრობიდან იმ ამონარიდს, დღეს რომ სცენაზეც გაიჟღერა: ,,...როგორც ტარიელი იმ დროს ცხენოსნობით, ბურთაობითა და ნადირობით იწრთვნიდა , იდიდებდა და იმაგრებდა ძალ-ღონეს, ისე თქვენც ახლა უნდა ავარჯიშოთ ჭკუა-გონება სატარიელოდ. თქვენი სანადირო ტყე-ველი, საბურთაო მოედანი სასწავლებელია."
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის შემოქმედებით ჯგუფს და უსურვებს წარმატებებს