მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 აპრილი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა“ გაითამაშეს

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებსა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - "იავნანამ რა ჰქნა" გაიტამაშეს, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და დეკორატორი პედაგოგი მარი თაბაგარი გახლდათ.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს - იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე - სალამურსა და ფანდურზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

მათ სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებაში პედაგოგიც აქტიურად მონაწილეობდა. მან სხვადასხვა მწერლის სიტყვები ერთად შეკრა და ემოციურად წარადგინა.

სპექტაკლის ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა იყო, ხოლო სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური გახლდათ.

სცენარის ავტორი - კლასის პედაგოგი მარი თაბაგარი აღნიშნული დღის ემოციებს გვიზიარებს და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.

"მახსოვს, როცა პირველად, ბავშვობაში, იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქნა" წავიკითხე, ჯერ თვალებიდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ემოციის ელჭექი დიდხანს გამყვა. ჩემი მეხუთეკლასელების გულებამდეც დედის იავნანასავით მივიდა ამ  ნაწარმოების ემოცია და შთაბეჭდილებების ერთად შეგროვებამ სცენისკენ გვიბიძგა.

ისევ თავიდან დამიბრუნდა ბავშვობის ემოცია, როცა სცენაზე ჩემი პატარა მსახიობები ავიდნენ. არ ვაჭარბებ, თითოეული და ყველა ერთად იმ თეატრალურ დასს წარმოადგენდნენ, პლასტიკა, მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა რომ დახვეწილი და გათვითცნობიერებული აქვთ. მაყურებლის ემოცია თუ ოვაციაც ამასვე ადასტურებდა.

სპექტაკლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მხატვარ-დეკორატორი მე გახლდით. იაკობ გოგებაშვილის, ნოდარ დუმბაძისა და გიორგი ლეონიძის დიდებული, გულძარღვიანი სიტყვები სამშობლოსა და დედაზე ერთად, ლამაზ თაიგულად შევკარი და დიალოგში ჩავაქსოვე. ამიტომაც, რა ემოცია გაუძლებდა ჩვენი დიდი კლასიკოსების მომნუსხველ სიტყვებს. ამ ყველაფერს თან ახლდა ქართული "სამაია", "დაისი", "ილოური" და სპექტაკლის ქორეოგრაფის ნათია ხუჭუას შემოქმედებითი მუხტი. ცეკვას მუსიკა ცვლიდა, შეუდარებელი ქართული "იავნანა"გრძნობის სიმებს არხევდა და ხალხური სიმღერების, სალამურისა და ფანდურის ჟღერადობა სულში იღვრებოდა. სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელის, უნიჭიერესი ნინო ბიბილურის შემოქმედებითი შრომის შედეგმა ჰარმონიით აავსო სცენაც და აყურებელიც.

სპექტაკლის განმავლობაში ვღელავდი, ჩემი პატარა მსახიობების განცდებს დარბაზიდან ვპასუხობდი და, როცა ქეთო მაგდანთან დაბრუნდა და დედა იცნო, მხოლოდ მაშინ გავაპარე თვალი მაყურებლისკენ და არც გამკვირვებია, ნახევარი დარბაზი ცრემლს იწმენდდა.

ამ ემოციური დღისთვის უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას, რომელიც თითოეული პედაგოგისთვის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მისი ხედვის უნარი კი ჩემთვის უძვირფასესია.

ალბათ დიდხანს გაგვყვება ეს ემოცია მე და ჩემს მსახიობებს, რომლებიც ხვალიდან ისევ კლასებში დამხვდებიან და ახალი სიცოცხლით ამავსებენ.

სცენიდა ნათქვამს ისევ გავიმეორებ, "იავნანა" დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის ყველაზე უანგარო სიყვარულის ამოძახილი. იმ სიყვარულის, სამყაროს ღერძს რომ წარმოადგენს. აბა, ყური დაუგდეთ ქართულ "იავნანას", თითქოს დედის ხმაში ზეციური სინარნარე არხევს სიმებს. ვერცერთი ლოტბარი ამ გრძნობით ვერ იმღერებს, ვერცერთი მგალობელი მ ბგერად ვერ გამოსცემს...

და ბოლოს, "დედა მარტო დედა არაა. ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის".

სოფო მასწავლებელო მადლობა ფოტოებისათვის. მადლობა, ჩემო პატარა მსახიობებო, მშობლებო, კოლეგებო! კიდევ ბევრი სპექტაკლი გველოდება წინ",-ამბობს პედაგოგი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.