ვიდრე XVIII საუკუნის ამბებს უფრო ახლოს გაეცნობიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისას" ფაბულასა და სიუჟეტზე იმსჯელებენ, ვიდრე მტერთან შერკინებას ისევე აღიქვამენ, ,,ვითა ნადირთა მშიერი ლომი", ვიდრე მეფე ერეკლესა და სოლომონის დიალოგს ჩასწვდებიან და სოფიოს მეტაფორას, ,,რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული", გაითავისებენ, ვიდრე მეფის ვედრებას უფლის -კეთილი მწყემსისადმი ლოცვასავით შეისმენენ, საქართველოს ბედსა და უბედობაზე დაფიქრდებიან, მანამდე ბუნების იმ მშვენიერებას ეცნობიან, არაგვსა და მის შემოგარენს რომ ახასიათებს.
რა დიდი ოსტატობითაა გადმოცემული ატეხილ ჭალებში მგზავრის (როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი) განტვირთვა და მშობლიური ბუნებით ტკბობა. პოემის ამ ეპიზოდმა არ შეიძლება მკითხველიც არ დაგატკბოს და თუკი შინაგანად ბუნების აღქმის შენეული უნარი გაქვს, ფურცელზე არ გადმოგატანინოს.
ჰოდა, მეხუთე კლასში, როცა პოემის ნაწყვეტი ,,არაგვს" გავიარეთ, დავალებაც ასეთი იყო, დაეწერათ ლიტერატურული ნაწარმოები (ჩანახატი, მოთხრობა, ლექსი), სადაც ბუნებას თავიანთი მოქარგული ენით აღწერდნენ. დავალებამ ჟრიამული და ხალისი შემოიტანა. დღეს, მათი ნებართვით, პოეტურ ნაწარმოებებს გამოვიტანთ სამზეოზე.
პ.ს. ერთი, რაც თვალში მოსახვედრია, არცერთს დაისზე არ დაუწერია. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ჩვენს ლაღ და ნიჭიერ ბავშვებს მზის ამოსვლა, დღე და ცხოვრება უხარიათ. ბედნიერი მომავალი მათ!
მამული
მშვიდი აისი, ჩიტების ხმა,
გორაკები და მაღალი მთები,
დაბლობში ლამაზ ყვავილთა ზღვა,
ქართლ-კახეთისკენ ვენახის ზვრები.
ფაფუკი ღრუბლის ფთილები ცაზე
დანარნარებენ, ლაღად და როკვით,
მიდიან შორს და ქუხილის ხმაზე
იწყებენ ტირილს ხმამაღლა, მოთქმით.
ცვრიან მინდორზე ყაყაჩო ელავს,
სოფლის სიღრმეში ყივის მამალი ...
აქ საქართველოს ძარღვები ფეთქავს
და ვარ უზომოდ მხნე და თამამი.
მარიამ ანთიძე
-----------------------
გაზაფხული
გაზაფხული მოდის
ლამაზი და ნაზი,
ხეებს, ძილით დაღლილთ,
ჩიტუნები აზით;
აღარ შეაშინებთ
ქარი ცივი, მკაცრი.
ნანო ცეკვავა
------------
***
მზე ამოვიდა, განათდა არე,
ვაზი უცქერის ცხრათვალა მზეს,
დაგვემშვიდობა დიდრონი მთვარე
და ახლა ცაზე მზის სხივი წევს.
შრიალი გააქვთ ხასხასა ფოთლებს,
ეცეკვებიან ნარნარა სიოს,
გზას გორაკები იმგვარად მოსდევს,
იქვე წყაროც რომ გამოერიოს.
სოფელში უვლის გლეხკაცი ნათესს,
ღრუბელს უცქერის, ლოდინით წვიმის,
მერე მოსავლით ბეღელსაც ავსებს
და ეს ცხოვრებაც უჩუმრად მიდის.
ტასო ფორჩხიძე
----------------
დრო
ღრუბლები ძალით გასწია მოოქროვილმა მზემ,
განათდა და აბიბინდა მწვანედ ხასხასა ტყე;
დაგვემშვიდობა, წავიდა მთვარე და დადგა დღე,
ასე იცვლება წამები და ემატება წლებს.
ელენე ერგემლიძე
------------------
***
ჩემო ბუნებავ,
ჩემო ალმასო,
ჩვენი სიცოცხლის
წყაროვ, ლამაზო,
მინდა გიყურო, ხშირად გეფერო,
ხასხასა ველო
და მზის ელფერო!
ადრიანე აბესაძე
-----------------
აისი
მამლის ყივილი გაისმის
და იზმორება მზის ლანდი;
რა ლამაზია აისი,
რა ფერებია, რა თარგი?!
ცას შესცქერიან ირმები,
და სურნელს აფრქვევს მაისი;
მინდა, გაჩერდეს ციფრები
და სულ დრო იყოს აისის.
თეკლა შანიძე
-----------------
ალიონი
მზე ამოგორდა ცისფერი მთიდან
და გაანათა ველი, მინდორი;
თავამოყოფილ ენძელას, იას,
სიომ დაჰბერა თბილი მინორით.
ღრუბლები ნელა დალაგდნენ ცაზე,
მზემ აიფარა ფაფუკი ჩადრი
და ბეღურებმაც ტკბილი ჭიკჭიკით
გაახალისეს ხვიარა ვარდი.
ანა მახარობლიძე