მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 დეკემბერი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2023 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით სავსე. გვქონდეს მშვიდობა და დღეგრძელობა, წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

ჩვენმა სკოლამ წარმატებით ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები. მთელი სემესტრის მანძილზე ყურადღება გამახვილებული იყო: მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებზე, გამორჩეულობაზე, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობაზე; სხვადასხვა ტიპის მიმართულებების, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის შესწავლაზე; სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას და უპირობო გამარჯვებებზე;

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაატარეს ტრადიციული აქტივობა ,,ბარაქიანი შემოდგომა". ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საინტერესო და სასარგებლო პროცესებთან სრულფასოვან ადაპტაციას.

სხვადსხვა დისციპლინათა პედაგოგების ინიციატივით და მათივე სცენარით გაიმართა საახალწლო აქტივობები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთგზის გახდნენ #კინგსისოლიმპიადის ფინალისტები და გამარჯვებულები სხვადასხვა დისციპლინებში.

სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრის რამდენიმე ტური.

სკოლის ხალხური შემოქმედების მუსიკალური გუნდი ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივის VI ეროვნული კონკურსის გალა კონცერტზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირმა კვანჭიანის ინიციატივით სკოლაში გაიმართა საგნობრივ-თემატური პრეზენტაციების გამოფენა.

განხორციელდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივი პროექტი ,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები,“ სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შექმნა მხატვრული ტილობი სახელწოდებით ,,სამყარო ომის გარეშე“. ზოგადად, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობის ინტერესების, იდეების, ცოდნის, ჰობის, სურვილების, უნარების, გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ, აყალიბებს ჯანსაღად მოაზროვნე - პაციფისტური სულისკვეთებით გამსჭვალული თაობების ინტეგრაციას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

საქართველოს საპატრიარქოს, უკრაინის საელჩოსა და NStudia-ს ერთობლივი ორგანიზებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“. მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა კონცერტი; შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები.ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 45 წლის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებაზე გამოფენილ ნახატებს შორის, უკრაინელ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდა შეეძინა ჩვენი სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლის ნინო ქარელიძის მიერ ტილოზე შესრულებული ნახატი. ავტორმა ეს ნახატი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინელ თანატოლს.
გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს გამოფენისა და კონცერტის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგთა გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ დღეგრძელობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას.