მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 აპრილი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულით აღნიშნეს 14 აპრილი, ქართული ენის დღე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 14 აპრილი, ქართული ენის დღე, განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნეს მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა. მათ მსმენელსა და მაყურებელს, ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან ერთად, ქართული ენის დღის დაარსების მიზეზზეც უამბეს. ფარნავაზ მეფიდან მოყოლებული, ყველა იმ წინაპრის ღვაწლი გაიხსენეს, ვინც ქართული ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანა და მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის, ქართული ზღაპრისა და იოსებ ნონეშვილის ლექსის პერსონაჟები. ინსცენირებას ენაცვლებოდა ლექსი, გალობა, სიმღერა და ჩვენი მოსწავლეების გულიანი, იმედიანი შემოძახილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებდა, რომ ეს თაობაც წინაპრებივით გაუფრთხილდება, მოეფერება და თაობებს გადასცემს ამ ეროვნულ განძს - ქართულ ენას.

ღონისძიების ,,ენა დედაა ერისა" ამოძახილი, რომ ,,ძალა ერთობაშია", თავის მიმართვაში ლამაზად დააგვირგვინა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი მელივამ და ყველა პედაგოგს, კლასების დამრიგებლებს ( მზია თათარაშვილს, თამილა ჭიკაიძესა და ელენე მიროტაძეს) მადლობა გადაუხადა.

ქართული ტკბილხმოვანებით გაჯერებული ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის გუნდის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა ნინო ბიბილურმა.

ღონისძიების ორგანიზება, რეჟისურა, სცენარი, დეკორაცია ეკუთვნოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მარი თაბაგარს.