მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 დეკემბერი 2021 წელი

ტარიელ ხარხელაური სტუმრად წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

,,შენიდან ჩემამდე’’
ახალი დროების სენია, ერთმანეთისგან დაშორიშორება გვიწვევს... ამგვარი დისტანცია მოქალაქეობრივი ვალია, რათა ჟამიანობის დროს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ საკუთარი და სხვათა სიცოცხლე...
საუკუნეთა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არის ,,ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა’’ და მიუხედვად ავბედითი დროებისა, ადამიანი, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭიროებს სულიერი საზრდოს... დიახ, ამგვარმა განდეგილობამ წარმოშვა იდეა, რომელიც ქალბატონმა ლალიმ გამიმხილა. ვისთვისაც თაობების ეროვნულ ფასეულობებზე აღზრდა უმთავრესი პრიორიტეტია და სკოლაც ერგულად მიჰყვება ამ კეთილშობილურ მისიას.
დავიწყე ფიქრი სცენარზე, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ჩვენი დროის ცოცხალი ლეგენდა, უზადო სიყვარულით და სიკეთით სავსე ადამიანი, მთის შვილი, თანამედროვეობის უხუცესი წევრი, ბრძენი, მრავალჭირგამოვლილი და კლდესავით უდრეკი ტარიელ ხარხელაური უნდა ყოფილიყო... შემდეგ იყო მსჯელობა სცენის დეკორაციაზე. დიზაინს შესანიშნავად გაართვა თავი კრეატიულმა და არაორდინალურმა მხატვარმა მარი მჟავიამ. კარგი ლექსი რომ იგივე მუსიკაა ეს შესანიშნავად და მთელი გრძნობით დააგვირგვინა ნინო ბიბილურმა წარმოდგენის მუსიკალურ ნაწილში. ქართულის მასწავლებლის ირინე კვანჭიანის შემართება გახლდათ, ის, რომ სკოლის რჩეულ მოსწავლეთა დასი შემოქმედებითი ნარატივით წარმატებით გააერთიანა და დაიწყო პროცესი...
იყო ბევრი რეპეტიცია, ნერვიულობა... თვალნათლივ დავინახეთ, რომ დროის უკუღმართობამ ახალი თაობის ემოციები მკვეთრად გაცრიცა, მათგან მოვითხოვდით მეტს და მეტს - ლექსში სიმღერაში, გამომეტყველებაში...
დადგა ჟამი შეხვედრისა... დღე იყო მზიანი და საოცრაოდ თბილი...
- მას, შეიძლება წარმოდგენას დავესწროთ და ნამდვილი პოეტი გავიცნოთ? მკითხა მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ და ვერ წარმოიდგენთ, ამან რამხელა ძალა მომცა...
პარტერი ელოდა ცოცხალ შემოქმედს...
წარმოდგენა რომ დაიწყო, პირველიველივე სცენაზე სტუმრისკენ შიშით გავაპარე მზერა. მისი დარდით და სიკეთით სავსე თვალები ცრემლის გუბეებით ავსილიყო...
დარბაზიც ტიროდა, სცენიდან ისეთი ენერგია მოდიოდა, მეგონა, კლდეს გასტეხდა მათი სიტყვის ძალა... ვხედავდი ადამიანებს, მომავლიდან ვისთვისაც შემოქმედი და შემოქმედება აქამდე მხოლოდ წიგნის ფურცლებზე განთავსებული ინფორმაცია იყო და ეს შეხვედრა გადაიქცა უდიდეს ინპირაციად იმ აზრისა, რომ ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება და მხოლოდ ოსტატს, შემოქმედს ვერ ეწევა სიკვდილი’’, ისევე როგორც ეს დღე გადაიქცა მათ ხსოვნაში პოეზიის უზადო ძალის განმსაზღვრელ ფაქტორად...
,, ამ თაობასთან შეხვედრა მაძლევს უდიდეს ძალას, ენერგიას, რწმენას ხვალიდნელი დღის, სულ უნდა გემღერებოდეთ, თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, - თქვა სიყვარულზე შეყვარებულმა პოეტმა, მარტო ეს კი არა, ბევრი რამ გვითხრა და ბევრი რამეზე დაგვაფიქრა, შეგვაჯანჯღარა, სინანულით აგვავსო... თავად წავიდა იმედიანი და ადამიანური სევდით სავსე... ჰო, კიდევ თან გაიყოლა მისი პორტრეტი, რომელიც ჩვენივე მოსწავლემ, ლიზი თათულიშვილმა შექმნა...
,,არ ყოფილიყო მარტოობა– თავად შევქმნიდიო’’, - ამბობს ერთგან და სწორედ, ამ მარტოობაში შექმნილი შედევრებით ისე გაგვამთლიანა და გაგვაძლიერა, რომ მანძილი ,,შენიდან ჩემამდე“ მხოლოდ სიყვარულით სავალ ბილიკებზე გაკვალა. თავად კიი ჩვეული სიბრძნით დაიბუბუნა:


,,ბებერო მიწავ, ამოვდივარ შენი ქერქიდან,
ეს მე ვარ,
მე ვარ,
ჟამი შენი მარტოსულობის.
ბებერო მიწავ, დაეკარგა ხიბლი მნათობებს,
არც ეს მზე მინდა,
არც ეს მთვარე , ცაზე მცურავი.
მხოლოდ მე და შენ,
მხოლოდ ახლა,
ან არასოდეს,
როგორც სიცოცხლეს
დღეს სიკვდილსაც ვუთხარ უარი.
მიდი ,ბებერო და დასძლიე შიშის სიფითრე
რაკი ვმოძრაობთ,
რაკი ვბორგავთ,
რაკი ვხმაურობთ.
სადაც ჩემი გზა
დღეს შენი გზაც მიდის იქითკენ–
უსასრულობის აბსურდისკენ სამოგზაუროდ.’’


სოფი გორგილაძე
(ქართული ენისადა ლიტერატურის მასწავლებელი)