მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 აგვისტო 2021 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულებო!

სკოლის დირექციის და პედაგოგების სახელით გილოცავთ სტუდენტის სტატუსის დამსახურებულად მოპოვებას. ეს თქვენი ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც გულისხმობს პროფესიული ცოდნის დაუფლებას მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რაც მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენი განსაკუთრებული მისწრაფებით სწავლისა და თვითგანვითარებისადმი ყველა გამოწვევას შესაძლებლობად გარდაქმნით და ამით კიდევ უამრავ სიხარულს მოგვანიჭებთ.

თქვენ განსაკუთრებული თაობა ხართ, პანდემიის მძიმე და მოულოდნელმა ცვლილებებმა მკვეთრად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. საყოველთაო გამოწვევებს თქვენ ღირსეულად გაუმკლავდით და სწავლა წარმატებით დაასრულეთ. ვგონებ, ეს უდიდესი გამოცდილება დადებით გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე.

იყო სტუდენტი ნიშნავს, საკუთარი თავის ძიებას მომავალ პროფესიებში, ახალ ურთიერთობებს, გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას საერთო მიზნამდე მისასვლელად. ეს არის შესაძლებლობა - აქ და ახლა დაიუნჯო ყველა საჭირო თვისება და ცოდნა, რასაც შენი ცხოვრების არსად და მისიად აქცევ, სადაც გამოავლენ საკუთარ თავს და დაიპყრობ ახალ მწვერვალებს.


განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, ერთსულოვნებისა და თანადგომისთვის. მადლობა პედაგოგებს, უშურველი და თავგანწირული მუშაობისთვის!


ძვირფასო კურსდამთავრებულებო! ღრმად მწამს, რომ ცოდნის გაღრმავების სურვილი არასდროს დაშრება თქვენში.
გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ და თავგადასავლებით აღსავსე სტუდენტურ წლებს, რადგან თქვენ ის ძალა ხართ, რომელიც სწავლობს, აშენებს მომავალს და ,,რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“
(ილია ჭავჭავაძე)


სიყვარულით და პატივისცემით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა