მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
29 დეკემბერი 2020 წელი

წმინდა ნინოს სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

,,2020 - ჩემთვის ძალიან ცუდი წელი იყო, რადგან მთელ მსოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა. COVID-19-მა სახლში ჩაგვკეტა და სასწავლებლად ვირტუალურ გარემოში, კომპიუტერთან მიგვაჯაჭვა. ძალიან მინდა, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში, მასწავლებლებლებთან და თანაკლასეებთან ერთად მიტარდებოდეს. ჩემი აზრით, ეს ვირუსი იყო დედამიწისგან ერთგვარი ,,სამაგიერო“, რადგან ჩვენ არ ვუფრთხილდებით და ვაბინძურებთ გარემოს, არ ვიცავთ ჰიგიენის წესებს... მხოლოდ ერთი რამ მინდა, ნორმალური ცხოვრება და სკოლაში დაბრუნება. –
ნამდვილად ასეა, ვეთანხმებით ლუკას და ვკითხულობთ ცოტნეს გზავნილს:
,,წელს ყველაფერი ცუდად მიდის, სახლში გამოვიკეტეთ. გარეთ თავისუფლად ვერ გავდივართ, ვერ ვნახულობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ვნახულობდით. ახალი წლისგან ველოდები, მომაკვდინებელი ვირუსის განადგურებას და იმის დაბრუნებას, რაც ამ პანდემიის დროს აგვიკრძალეს.
აკრძალვა მართლაც ცუდი რამაა, მაგრამ ჩვენმა მოსწავლეებმა მოწოდება #დარჩისახლში უმაღლეს მოქალაქეობრივ ვალდებულებად გაიაზრეს ... მთელი წელი არ წყდებოდა წერილები.
ანასტასიამ ზუსტად იცის, რომ ესეც გაივლის...
,,გამარჯობა მას, მე ძალიან მინდა ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავდეს. გავიღვიძო ადრიანად, საწოლოდან წამოვხტე და დიდი სიხარულით გავეშურო სკოლაში, სადაც ჩემი საყვარელი მასწავლებლები და თანაკლასელები მელოდებიან’’.
ანამ კარგად იცის მეგობრების ფასი:
,,გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ თავიდან ყველაფერი სიზმარი მეგონა, მერე დავფიქრდი და ამ განშორებამ მიმახვედრა, რაოდენ ძვირფასია ჩემთვის სკოლაში გატარებული ყოველი დღე’’...
ანდრიამ ემოციები ვერ დაიოკა და მისთვის უჩვეულოდ, ლამის ცრემლები აღვარღვარა:
,,სკოლა, სკოლა, მასწავლებლები და კლასელები მენატრებიან ყველაზე მეტად !!! იქ ყველაფეერი სხვაგვარადაა. იქ არის ჩემი სული და გული. მოუთმენლად ველი ახალ წელს, ეს საშინელი პერიოდი გაივლის, ჩვენ უწინდებურად ჩავეხუტებით ერთმანეთს და გავიზიარებთ ერთად ყოფნის სიხარულს’’.

რამდენი ასეთი განუმეორებელი ემოცია, გაზიარებული და გაუზიარებელი აზრები მოვისმინეთ ჩვენი მოსწავლეებისგან, თითოეული ონლაინ ჩართვა , გაკვეთილი იყო ერთად ყოფნის სიხარულით გასხივოსნებული... კადრშიც და კადრს მიღმაც იგრძნობოდა ერთიანი, ძლიერი, გუნდის განსაკუთრებული მობილიზება ექსტრემალურ სიტუაციაში. რამაც მთელი მსოფლიოს ადამიანები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და გვაგრძნობინა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი ადამიანისთვის. სკოლა- მოსწავლესთვის, მოსწავლე -მასწავლებლისთვის... ისინი გადაშლილი წიგნებივით არიან. ჩვენი ვალია წავიკითხოთ მათი გულისნადები, ამოვიცნოთ თუნდაც მდუმარედ ყოფნის ყველაზე ხმაურიანი გულისცემა... პანდემიამ გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა, კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა, მოგვანატრა ერთმანეთი. სევდიან 2020 წელს გაგვიჩინა იმედი, რომ მალე ყველაფერი გაივლის, როგორც საშინელი სიზმარი, ავადმყოფობა, როგორც საინტერესო წიგნის სიუჟეტი, სადაც ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდება და იმარჯვებს სიყვარული -ერთად ყოფნის იმედით.

გილოცავთ დამდეგ 2021 შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს! რადგან თქვენი ბედნიერი სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან !